აფხაზეთში რუს ტურისტებს თავს დაესხნენ. ერთი მათგანი მოკლულია
გუდაუთის რაიონში რუს ტურისტებს თავს დაესხნენ. შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ორი ოჯახი მოსკოვიდან, ცოლ-ქმარი ანატოლი და ნატალია კაბანოვები და ნატალია და ნიკოლაი ჩეჟიკოვები სამ შვილთან ერთად, კემპინგის რაიონში ისვენებდნენ. მათთან ორი შავნიღბიანი უცნობი მივიდა, ერთ-ერთი მათგანი ავტომატით, მეორე კი დანით იყო შეიარაღებული. მათ ტურისტებს ფული მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯემნიუსს სამართალდამცავი ორგანოებიდან ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა.
“ერთ-ერთი უფროსი ფულის მოტანის მიზნით გავიდა სახლიდან და მილიცია გამოიძახა. ამავე დროს მეორე მამაკაცმა, რომელიც მძევლად დაიტოვეს, თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ის მოკლეს”, – ამბობს ჯემნიუსის წყარო. მისი თქმით, მამაკაცმა, რომელიც ფულის მოსატანად წავიდა, შემთხვევის ადგილზე დაბრუნების შემდეგ ასევე სცადა წინააღმდეგობის გაწევა. ამ დროს ის დანით დაჭრეს და უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ჯემნიუსის კორესპონდენტს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მთელი რაიონი გადაკეტილია ზღვიდან გზატკეცილამდე და ძებნის ღონისძიებები მიმდინარეობს.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სავარაუდო დამნაშავეებმა მძევლები გაათავისუფლეს. მიმდინარეობს ინციდენტის დეტალების გამოკვლევა. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.