ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, თითოეული 50 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების პაკეტები ჩაუტანა. 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 20-ჯერ მეტი დაიხარჯა.
როგორც ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ სატენდერო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, გამგეობამ სასურსათო პაკეტები ტენდერის მეშვეობით კერძო პირისგან შეიძინა. თითოეულ პაკეტში 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი,1 კგ ორცხობილა,100 გრამი ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა შედიოდა. თუშეთში მცხოვრებ 25 ადამიანას 2011 წლიდან წელიწადში ორჯერ გადაეცემა დახმარება – საახალწლოდ და სააღდგომოდ, რაც წელიწადში ბიუჯეტს 2500 ლარი უჯდება.
თუმცა, პროგრამის ყველაზე ხარჯიანი მუხლია პროდუქტების გადატანა – ავიაკომპანია „თუშეთის“ მომსახურებაზე, რომელმაც პროდუქტები თუშეთში 21 თებერვალს ვერტმფრენით ჩაიტანა, ბიუჯეტიდან 25500 ათასი ლარი დაიხარჯა.
გამოცემის ინფორმაციით, თუშეთში დახმარების დასარიგებლად ვერტმფრენით კახეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე, ახმეტის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე, ასევე თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გაემგზავრნენ, რომლებმაც თან ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფიც გაიყოლეს.
“მთის ამბები“ აღნიშნავს, რომ თუშეთში სტუმრად ჩასულმა ჩინოვნიკებმა „გულუხვად მოილხინეს“.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა სპეციალური კვლევა – „ჰაერში დაფერფლილი ბიუჯეტი“, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობას სულ მიეწოდა 7500 ლარის ღირებულების პროდუქტები, რომელთა ტრანსპორტირებისთვის 100 099 ლარი, ანუ დაახლოებით 13,5-ჯერ მეტი დაიხარჯა.