გალის რაიონში ადგილობრივმა ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მაწანწალა ძაღლები დახოცოს და ასე გაუმკლავდეს უზარმაზარ პრობლემას – გაველურებული ცხოველების ხროვას, რომლებიც ადამიანებსაც და შინაურ სქონელსაც საფრთხეს უქმნიან.
ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის აღშფოთება გამოიწვია; ადამიანები ამბობენ და წერენ, რომ ადმინისტრაციამ მაწანაწალა ძაღლების პრობლემის გადაჭრის ყველაზე იოლი და ბარბაროსული მეთოდი აირჩია – საკითხი სხვაგვარადაც შეიძლება გადაიჭრას – მაგალითად, გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი.
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ასტამურ ასლანძია ამბობს, რომ ასეთი გეგმა ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა.
„თუმცა, მისი რეალიზაციისთვის საჭიროა დრო, ძაღლები კი უკვე ახლა ესხმიან თავს ადამიანებს, ამიტომაც არაჰუმანური ზომების გატარება მოგვიხდა“, – ამბობს ის.
მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში მაწანწალა ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო. მათ შორის, ძაღლებმა ოთხი ბავშვიც დაკბინეს.
გალის რაიონში ძაღლების ხოცვა 18 ნოემბერს დაიწყეს. ქალაქის ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სადგურსა და ვეტერინარულ სამსახურს შეუთანხმა.
„ადამიანები ქუჩაში თავისუფლად ვერ გადიან, ბავშვები სკოლაში მშვიდად ვერ მიდიან, უფროსებსაც კი, ვთქვათ, ბაზარში წასვლისას, მუდმივად ყურადღებით ყოფნა უწევთ; იმიტომ, რომ ძაღლები ადამიანებს თავს ესხმიან“, – ამბობს ასლანძია.
მას მიაჩნია, რომ როდესაც სასწორზე ერთი მხრივ ადამიანების უსაფრთხოება დევს, მეორე მხრივ კი – ცხოველების სიცოცხლე, არჩევანის ადამიანების სასარგებლოდ გაკეთება წინასწარ არის განსაზღვრული და ეს „იძულებითი“ ზომაა.
უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობის რაიმე შემხვედრი ინიციატივით, აფხაზეთში ჯერეჯერობით არავინ გამოსულა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო