მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს კანდიდატს, რომელსაც დეპუტატების მესამედი წამოაყენებს" />

ახალი პრემიერ-მინისტრი სომხეთს, სავარაუდოდ, 8 მაისს ეყოლება

მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს კანდიდატს, რომელსაც დეპუტატების მესამედი წამოაყენებს

მმართველმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” გადაწყვიტა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ წამოაყენოს და მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს,  რომელსაც  დეპუტატების მესამედი უჭერს მხარს.

ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა რესპუბლიკელების ფრაქციის ხელმძღვანელმა ვაგრამ ბაღდასარიანმა.

მანამდე “რესპუბლიკელები” საგანგებო პარტიულ სხდომაზე შეიკრიბნენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობდა. სარგსიანი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რჩება.

“რესპუბლიკელების” გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპარლამენტო კენჭისყრის დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურის ჩაგდება.

1 მაისს ეროვნული საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ეროვნულმა საკრებულომ თითქმის 10-საათიანი მსჯელობის შემდეგ ხმა მისცა  ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ , რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მის სასარგებლოდ ხმა მისცა 45-მა დეპუტატმა, 56-ის წინააღმდეგ.

პაშინიანის კანდიდატურის ჩაგდებას მეორე დღეს, 2 მაისს, სომხეთში უპრეცედენტო პროტესტი მოყვა.

დილიდან გადაიკეტა ერევნის ცენტრალური ქუჩები. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა.  არ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის – არც მეტრო. სტუდენტებმა, და სხვადასხვა საწარმოს ზოგიერთმა თანამშრომელმა გაფიცვა გამოაცხადა. შეფერხებით მუშაობდა აეროპორტი, გადაკეტილი იყო აეროპორტამდე მისასვლელი გზებიც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა ყველა პოლიტიკურ ძალას მიმართა და მოუწოდა, რომ სიმტკიცე გამოავლინონ და მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ.

„პრემიერ-მინისტრი შეიძლება მხოლოდ პარლამენტში, კონსტიტუციური გზით აირჩეს. სხვა, არც თეორიული და არც პრაქტიკული გზა არ არის“, – აღნიშნა კარენ კარაპეტიანმა.

პრემიერ-მინისტრის ხელახალი არჩევნები პარლამენტში 8 მაისს ერევნის დროით 12 საათზე დაიწყება.

ნიკოლ პაშინიანს სამი საპარლამენტო ფრაქცია უჭერს მხარს. მსხვილი საპარლამენტო ფრაქციის „ცარუკიანის“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა  ჟურნალისტებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 8 მაისს პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე მისი ფრაქცია ხმას ნიკოლ პაშინიანს მისცემს.

 

None found


ასევე წაიკითხეთ