საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი იზრდება" />

ჭიათურაში მაღაროს ჩამონგრევას 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი იზრდება

საქართველოში ჭიათურის შუქრუთის მაღაროში 26 მარტს გამთენიისას ნგრევა მოხდა. რის შედეგადაც გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა. აბრამიშვილის ცხედარი სამაშველო ჯგუფმა ნანგრევებიდან 6 საათიანი მცდელობის შემდეგ ამოიყვანა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელიც შუქრუთში სამუშაოებს ასრულებს განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით, სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გეგმავს.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით კი, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მაღაროელებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

მათივე ცნობით, გამოსაკვლევია, თუ რატომ იყო გაუმაგრებელი ადგილი სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და რატომ მუშაობდა ბრიგადა ღია სამთო მასის ქვეშ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა. 1000-ზე მეტი ადამიანი კი დასახიჩრდა.

უკვე წლებია სხვადასხვა ორგანიზაციები და მოძრაობები საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ითხოვენ. შრომის ინსპექციის შექმნა საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირის წინაშეც, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას არ უარყოფს არც ხელისუფლება, თუმცა სხვადასხვა მიზეზით პროცესი ჭიანურდება.


ასევე წაიკითხეთ