აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს 2017 წელს მთიანი ყარაბაღის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა ბრალად" />

ყარაბაღის ციხიდან გათავისუფლებულ აზერბაიჯანელ სამხედროს სამშობლოში დაბრუნება არ სურს

აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს 2017 წელს მთიანი ყარაბაღის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა ბრალად

ინფორმაცია სომხური წყაროებიდან

ყარაბაღში აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალთა სამხედრო მოსამსახურე ელნურ ელმან-ოღლი გუსეინზადე გაათავისუფლეს. მას 2017 წლის 1 თებერვალს მთიანი ყარაბაღის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გუსეინზადე 2019 წლის 2 თებერვალს გათავისუფლდა, რადგან მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა.

რის გამო დაიჭირეს ის

დაკავებულმა აზერბაიჯანელმა, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 157-ე სადაზვერვო რაზმის მოტომსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, 2017 წლის 1 თებერვალს მარტაკერტის რაიონის სოფელ ტალიშის მახლობლად ყარაბაღის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. სამხედრო მოსამსახურე სომხეთის საბრძოლო პოზიციების სანგარში აღმოჩნდა და ის დააკავეს.

კომენტარი ყარაბაღიდან

მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დავიდ ბაბაიანმა სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ მისთვის განკუთვნილი პატიმრობის ვადა მოიხადა და გათავისუფლდა – როგორც ეს სამართლებრივ ქვეყანას შეჰფერის:

 „ჩვენთვის, კანონის მოთხოვნისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული შესაბამისობით, აზერბაიჯანის მოქალაქის გათავისუფლება სრულიად ბუნებრივია. ყარაბაღში ადამიანს, მხოლოდ მისი ეროვნული კუთვნილების გამო, გისოსებს მიღმა არასდროს დატოვებენ, როგორც ეს აზერბაიჯანში ხდება“.

პრეს-მდივანმა ასევე განმარტა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია:

 „შეგახსენებთ, რომ მან [გუსეინზადემ -JAMnews] – თავის დროზე აზერბაიჯანში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რადგან კარგად ხვდებოდა, თუ რა მოელოდა იქ. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები მესამე ქვეყანას ირჩევენ ხოლმე. ვფიქრობ, მასთან მიმართებით ასევე გამოყენებული იქნება ასეთ დროს მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა“.

ყარაბაღი: სად არის სტატუს -კვო?

ინფორმაცია აზერბაიჯანული წყაროებიდან

2017 წლის თებერვალში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტყვედ აყვანილი ელნურ გუსეინზადე აზებაიჯანულ ჯარში მსახურობდა.  „კავკაზსკი უზელი“, აზერბაიჯანის  თვდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გუსეინზადე მომხდარ ინციდენტამდე იყო დემობილიზებული.

2019 წლის 5 თებერვალს აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ელნურ გუსეინზადეს მიმართ 274-ე მუხლით (სახელმწიფოს ღალატი) სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში გუსეინზადე უდისციპლინო საქციელით გამოირჩეოდა და თავისი ნაწილი არაერთხელ თვითნებურად დაუტოვებია.

აზერბაიჯანული მხარე ელნურ გუსეინზადეს გადაბირებულად მიიჩნევს, მასზე აქამდე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და მას სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა ემუქრება.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელადტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews- იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ