ყველა - როგორც უფროსი თაობა, ისე ახალგაზრდობა - მშვიდობის მოლოდინშია " />

ყარაბაღის კონფლიქტი: სამი ქალის ისტორია

ყველა - როგორც უფროსი თაობა, ისე ახალგაზრდობა - მშვიდობის მოლოდინშია

1988-1994 წლებში ყარაბაღის ომში 200 ქალი მონაწილეობადა და 42 მათგანი ბრძოლის ველზე დაიღუპა. არ მოიპოვება ინფორმაცია ომის მეორე  „ცხელი ფაზის“, 2016 წლის აპრილის ოთხდღიან ომში მონაწილე ქალების შესახებ, მაგრამ სხვა სტატისტიკური მონაცემებიც არსებობს: აპრილის ესკალაციის შემდეგ სამხედრო განათლების მიღების მსურველ გოგონათა რიცხვი ორჯერ გაიზარდა.

პირველი ომი: „თოჯინა ბაბო“

ერევნიდან ყარაბაღულ ქალაქ შუშიში ჩასასვლელად ექვსი საათი უნდა იმგზავრო. მძღოლი ჯიბიდან იღებს პატარა საყურეს, რომელსაც ცისფერი ყვავილის ფორმა აქვს.

«10 დღის წინ ერთი ოჯახი მიმყავდა ყარაბაღში. პატარა გოგონა ახლდათ. ეს მისი საყურეა, რომელიც დაუვარდა. ჯიბით ვატარებ, რათა მისი მშობლები ვიპოვო და დავუბრუნო»,ამბობს შუახნის კაცი და სამკაულს მაჩვენებს.

არ ვიცი, იპოვა თუ არა საყურის მფლობელი. ჩვენ შუშაში სხვა ლამაზმანს, ევგენია არუსტამიამიანს ვეძებდით.

დანაოჭებული სახე და მოკლედ შეჭრილი, გაჭაღარავებული თმა – ასე გამოიყურება „ბაბო“ [ბებია], რომელიც ოდესღაც ქალაქის უმშვენიერეს ქალად ითვლებოდა.

დიდი, ნათელი სახლია. აქ გამეფებული სისუფთავე გვაფიქრებინებს, რომ დიასახლისი სტუმრებს ელოდებოდა.

ტელევიზორის გვერდით ორი ფოტო მოჩანს – ერთზე თავად ბაბოა გამოსახული 16 წლის ასაკში, მეორეზე კი მისი ვაჟია აღბეჭდილი.

«ეს ჩემი არმენია. ჩემი უმცროსი ვაჟი. შეხედე, რა ლამაზი ფერის თვალები ჰქონდა! ორი წლის წინ გარდაიცვალა»,ამბობს ბაბო.

იგი მძიმედ განიცდის ვაჟის დაკარგვას. მიაჩნია რომ გამოძიებას მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა გარემოება არ შეუსწავლია. ვერ ეგუება იმას, რომ მისი ვაჟი ომსაც კი გადაურჩა, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ არ დაინდო. სასაუბრო თემის შესაცვლელად ვეკითხები: «ბაბო, ხშირად უყვარდებოდი ბიჭებს

«არა. ჩემი ეშინოდათ. ძალიან უკმეხი ვიყავი. ერთი ბიჭი მიყვარდა… მაგრამ უსიყვარულოდ გავთხოვდი. ასეთი ბედი მერგო»,ამბობს ქალი.

«მაშინ დემოკრატია არ გვქონდა. ჩემი ქმარი ჩემი „ბატონ-პატრონი“ იყო. დედაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო და არავინ მეხმარებოდა. ვმუშაობდი და ჩემი შვილები დამოუკიდებლად იზრდებოდნენ. ჩემი უფროსი ვაჟები ომის ინვალიდები არიან. ორივე მათგანი ბრძოლის ველზე დაიჭრა. ერთი ლენინგრადში ჩავიდა და აღარ დაბრუნებულა, მეორე კი დღემდე მსახურობს. ჩემი ქმრის სიკვდილის შემდეგ აქ მხოლოდ მე და არმენი დავრჩით. ყველაფერი, რასაც ამ სახლში ხედავ, მისი შექმნილია. თუმცა, ცხოვრება არ დასცალდა»,ამბობს ბაბო და მშრალი ჩვრით სარეცხი მანქანის კარს წმენდს.

ყოველი რეცხვის შემდეგ ასე იქცევა. სარეცხი მანქანა არმენის საჩუქარია და ამიტომ არ უნდა გაფუჭდეს.

В 1992 წელს ბაბოს ორი ვაჟი (ისევე, როგორც მისი ოთხი ძმა) მოხალისედ წავიდა ფრონტზე.  

«რაზმში 12 ადამიანი ვიყავით. სულ ქალები. მთელ რაზმს დრაგუნოვის მოდელის ერთი სნაიპერული შაშხანა გვქონდა. დანარჩენებს ავტომატები ეჭირათ. მე სნაიპერი ვიყავი. 1992 წლის 23-24 აგვისტოს კუბათლუში ოპერაციას ვასრულებდით. იმ დღეს ერთი გოგო დავკარგეთ, ორი კი დაიჭრა – მათ შორის მეც», – ამბობს ის და კაბის კალთას მაღლა წევს.

ზერელედ გაკერილი ჭრილობა მუხლთან იწყება და მკერდის არეში სრულდება.  

«სამი დღის მანძილზე „ქალების რაზმი“ სამხედრო ოპერაციებში ვიღებდით მონაწილეობას, მომდევნო სამ დღეს კი სახლებში ვატარებდით. შინ ვბრუნდებოდი, საჭმელს ვამზადებდი და ტანსაცმელს ვრეცხავდი ხოლმე. ღამის ბრძოლებისას კი თვალს ვერ ვხუჭავდი. დაჭრილებს ვუვლიდი და ვცდილობდი, დავხმარებოდი. რა მექნა? მე თვითონ ორი ჯარისკაცი მყავდა ბრძოლის ველზე», – ამბობს ის.

„ჩაის“ დასაყენებლად ვარგისი მცენარეებით სავსე დიდ პარკს, ორცხობილებსა და კანფეტებს გვაძლევს. იცის, რომ სამხედრო ნაწილში უნდა შევიაროთ.

მეორე ომი: ნარინე. ომში ბავშვები მიდიან

ნარინეს ვუყურებ – ტანმორჩილ, მომღიმარ სტუდენტ გოგონას, რომელიც ფრონტის ხაზზეა ნამყოფი. ჯერაც ბავშვია. მასთან ერთად მივემგზავრები სომხეთში, თავუშის ოლქის სოფელ ნერკინ კარმირახპიურში, სადაც თავად ნარინე ვარდანიანი ცხოვრობს. ამ დასახლებული პუნქტიდან აზერბაიჯანული პოზიციები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს

«აი, ეს უნიკალური მანქანაა. ორი სახურავი აქვს – ერთი ძირითადი და ერთიც – დროებითი. ძირითადი სახურავი ჭურვისგანაა გახვრეტილი. დროებით სახურავს იმისთვის ვიყენებთ, რათა კაბინა თოვლისა და წვიმისგან დავიცვათ. სწორედ ამ მანქანით დადის მამა ვენახში მოსავლის ასაღებად. ჩვენი ბაღი უშუალოდ აზერბაიჯანის პოზიციების პირდაპირ მდებარეობს. ალბათ ყველა სნაიპერი ცნობს ჩვენს მანქანას – წითელ ავტომობილს, რომელსაც თავზე დიდი ხვრელი აქვს», – ამბობს ნარინე, როდესაც მის სოფელს ვუახლოვდებით.

.2016 წლის აპრილის ომის პირველივე დღეს ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ ყარაბაღის ფრონტზე მიდიოდა მოხალისედ.

«ეს ომი ცუდად დახურულ ონკანს ჰგავს. წკაპ, წკაპ წკაპ… და ასე ვიფიტებით. ომი ბოროტებაა. არასწორი მოვლენაა», ამბობს ნარინე.

 «ბავშვობაში მჯეროდა, რომ თურქები საზარელი არსებები იყვნენ. არაადამიანები. დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრის მეორე მხარესაც მსგავსი განწყობა აქვთ. შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს მაშინ, როდესაც მივხვდებით, რომ ჩვენ წინაშე ჩვენი მსგავსი, ჩვენნაირი ოცნებებითა და შიშებით შეპყრობილი ადამიანები არიან», – ამბობს გოგონა, რომელიც ფრონტიდან დაბრუნდა.

საძინებლის ოთახში თითქმის არ შედის დღის შუქი. გარკვეული პერიოდის წინ მამამისმა მისი ოთახის სარკმელი სანახევროდ ამოქოლა ქვითა და ფიცრით. ეს ფანჯარა, რომელიც ძალიან კარგად მოჩანს აზერბაიჯანული პოზიციებიდან,  რამდენჯერმე იქცა სნაიპერების სამიზნედ. ერთი ტყვია ჯერაც ფანჯრის საგდულშია გაჭედილი. ნარინე საწოლის გადადგმას არ აპირებს.

«ორი წლის წინ, აგვისტოში, როდესაც საზღვარზე დაძაბულობამ იმატა, ხალხი ცდილობდა, საკუთარი შვილების უსაფრთხოებაზე ეზრუნა, მაგრამ მშობლებმა ჩემი სახლში წაყვანა ვერ შეძლეს. ვიცოდი, რომ თუკი იმ მომენტში დავტოვებდი იქაურობას, უკან ვეღარ დავბრუნდებოდი და შემრცხვებოდა“.

«ნარ, საერთოდ თუ წარმოგიდგენია მშვიდობა?”, – ვეკითხები ნარინეს.

«მშვიდობა? დღეს არ უსვრიათ. აი, ეს არის მშვიდობა. დღე სროლისა და მსხვერპლის გარეშე – სწორედ ესაა სანახევრო მშვიდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამბობს გოგონა. – მინდა, რომ ეს პრობლემა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. საქმე ისაა, რომ ხალხმა არ იცის, რა ტიპის შეთანხმებებს დებენ. მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა კი მოლაპარაკებებს ერთადერთი მიზეზის გამო აქცევს ყურადღებას – აქაურებმა იციან, რომ მოლაპარაკებების დღეებში მათ სახლებს დაცხრილავენ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მშვიდობა მსურს. მინდა ოდესმე რაიმეს დაკარგვის შიშის გარეშე გავიღვიძო». 

ბოლო ომი, ან მშვიდობა: ევა

ევა პირველი გოგონა იყო მათ შორის, ვინც სტეფანაკერტის სამხედრო ლიცეუმში მიიღეს. ეს ორი წლის წინ მოხდა. დღესდღეობით იგი რაზმის სიამაყეა.

«ზუსტად ვიცოდი, რომ სამხედრო იურისტობა მინდოდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ ამ სპეციალობის შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღება არ შემეძლო – სამხედრო იურისტის სპეციალობაზე არც რუსეთში იღებენ გოგონებს, და არც სომხეთში. ამიტომ იძულებული ვარ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალობა ავირჩიო», ამბობს ევა.

ამჟამად ლიცეუმში სხვა გოგონებიც სწავლობენ, მაგრამ ევა ერთადერთი კურსანტი გოგონაა, რომლის მშობლებიც მის არჩევანს არ შეეწინააღმდეგნენ. მისი მამა და ბიძები სამხედრო პირები არიან.

«არასდროს მინახავს მშვიდობა. საზღვარზე ვცხოვრობთ. ხან კარგადაა ყველაფერი, და ხანაც – ცუდად. ყოველთვის ვინარჩუნებთ სამხედრო მზადყოფნის უმაღლეს დონეს.  

აპრილის ომის დროს ყოველდღე ვიღებდით ინფორმაციას სამხედრო ოპერაციების დროს დაღუპული და დაჭრილი ადამიანების შესახებ. ჩემი ასაკის, ან ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი ბიჭების შესახებ. საშინელება გამოვიარეთ. ამის შემდეგ ღონისძიება გავმართეთ ჩვენი ლიცეუმის იმ კურსდამთავრებულების პატივსაცემად, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ. ერთ-ერთი მათგანის ფოტო ხელში მეჭირა. ღონისძიების დასრულების შემდეგ დედამისი მომიახლოვდა, ჩამეხუტა და ატირდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა მისთვის», – ამბობს ევა.

დასვენების პერიოდში ორიარუსიანი საწოლებით სავსე პატარა ოთახში არც ისე სამხედრო აურზაური ტრიალებს. ერთი გოგონა მეგობარს თმას უწნის, მეორეს კი ხელში ტელეფონი უჭირავს და სიმღერებს რთავს.

თავის სიგელებს სქელ საქაღალდეში ინახავს. ერთი კარგად შესრულებული სიმღერისთვის მიიღო, მეორე კი მისი სპორტული მიღწევების აღსანიშნავად გადასცეს. იგი შინელს იცვამს და ლიცეუმიდან გამოდის. ავტობუსი პირდაპირ ლიცეუმის წინ ჩერდებათავიდან ყველა გაოცებით შეჰყურებდა სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პატარა გოგონას, მაგრამ ახლა უკვე ყველა შეეჩვია. შინ მისასვლელად სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

სახლში დედა და და ელოდება. მამა საზღვარზეა. ოჯახური ალბომის ძველ ფოტოებზეც დედასთან და დასთან ერთადაა გამოსახული. მამამისის პასპორტის ფოტო ერთ-ერთ ფოტოსურათზეა მიკრული.

«მამა იშვიათად იყო ხოლმე სახლში. ძალიან მენატრებოდა», ამბობს ევა, რომელმაც ჩემი შეკითხვა გამოიცნო.

კარი იღება. მამა ერთი დღით დაბრუნდა სამსახურიდან. ყველას თავშეკავებულად ესალმება და მხოლოდ ევას ეხუტება.

«ევა, რისთვის იღებ განათლებას? ომისთვის?» – ვეკითხები გოგონას.

«იმისთვის, რათა მზად ვიყო“, ამბობს ის და იქვე ამატებს:

იმის იმედიც მაქვს, რომ ეს ცოდნა პრაქტიკაში არ გამომადგება, მაგრამ უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც ეს პრობლემა ვერაფრით გვარდება პოლიტიკურ სიბრტყეში. ეს ომი ჩემზე უფროსია».

კარის მინის მიღმა მამის სილუეტი იკვეთება. დღეს მათ სახლში დროებითი მშვიდობა დაისადგურებს – დილის ექვს საათამდე, როდესაც ომი მამას ისევ სამხედრო პოზიციებისკენ მოიხმობს, თავად ევას კი სამხედრო ლიცეუმში მოუწევს წასვლა, რათა მშვიდობისთვის ისწავლოს.

 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews- იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ