ოპოზიცია პროტესტს არ წყვეტს და პარლამენტის ბლოკირებას აპირებს. მობილიზებულია სპეცრაზმი" />

ღამე სპეცრაზმმა საქართველოს პარლამენტის წინ აქცია დაშალა. არიან დაშავებულები

ოპოზიცია პროტესტს არ წყვეტს და პარლამენტის ბლოკირებას აპირებს. მობილიზებულია სპეცრაზმი

26 ნოემბერს, დილის 5 საათისთვის სპეცრაზმმა დაშალა ის დემონსტრანტები, რომლებსაც პარლამენტის შენობაში შესასვლელები ჰქონდათ ბლოკირებული.

სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი, დაკავებულია აქციის 28 მონაწილე.

გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ზაზა ლიპარტიას წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა.

ექიმების ინფორმაციით, ლიპარტიას ჩაუტარდა კვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებელია ქირურგიული ოპერაცია. ექიმის განცხადებით, მას მოტეხილი აქვს სახის ძვლები თვალის მიდამოებში. ამ დროისთვის ზაზა ლიპარტიას ამზადებენ საოპერაციოდ.

თვითმხილველების თქმით, წყლის ჭავლი ზაზა ლიპარტიას სახის არეში მოხვდა და „იქვე თვალი გადმოვარდა, ფაქტობრივად, მან თავისი ხელით ჩაისვა [თვალი]. სახის კანი აქვს დაზიანებული მარცხენა მხარეს“.

“აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა,” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა საქართველოში 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომლის თანახმადაც ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადასულიყო და უარი ეთქვა მაჟორიტარულ სისტემაზე.

 

სწორედ ეს იყო მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა პროტესტის პირველი ტალღისას – 2019 წლის ზაფხულში. მაშინ პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა და  მასშტაბურ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

 

24 ივნისს, როდესაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობდა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, პირადად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაპირდა დემონსტრანტებს, რომ მაჟორიტარული სისტემა, რომელიც დიდ უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას არჩევნების დროს, გაუქმდებოდა.

 

თუმცა, ხუთ თვეში მან ეს პირობა დაარღვია. პარლამენტში კენჭისყრისას, სწორედ ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილმა დეპუტატებმა მისცეს ხმა რეფორმის წინააღმდეგ.

 

სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილი ტყუილსა და არჩევნების მოპარვაში დაადანაშაულეს და 14 ნოემბერს ქუჩაში გამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იყო, რომელიც პროპორციული სისტემით გაიმართებოდა.

 

სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდა ამ მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული მთელი ქართული ოპოზიცია. მომიტინგეები სამი დღის განმავლობაში ახდენდნენ პარლამენტის პიკეტირებას, ვიდრე 18 ნოემბერს ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით – წყლის ჭავლითა და ხელკეტებით არ დაშალა.

 

თუმცა, მას შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მღელვარება არ შეწყვეტილა.

 

აქციის დაშლის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელისუფლების ოპონენტები „პარტიზანული“ ბრძოლის მეთოდებზე გადავიდნენ: ისინი დიდ ჯაჭვებსა და ბოქლომებს ჰკიდებდნენ სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე, უსტვენდნენ მინისტრებსა და დეპუტატებს, რომლებიც სამსახურში მიდიოდნენ.

 

მომიტინგეების მთავარი მოთხოვნები ძალაში რჩება – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით. კომპრომისულ ვარიანტად მათ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ე.წ. “გერმანული მოდელი” შესთავაზეს. ამ მოდელის დროს მაჟორიტარული წესი შენარჩუნებულია, თუმცა დეპუტატების რაოდება სხვაგვარად ითვლება – პარტიას პარლამენტში იმდენი დეპუტატი შეჰყავს, რამდენ ხმასაც მიიღებს. “გერმანულ მოდელს” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება, მისი მიღება ხმათა 73 პროცენტით შეიძლება.

 

ხელისუფლებამ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. “ქართული ოცნებიდან” არც სხვა რაიმე წინადადება წამოსულა ვითარების განმუხტვის მიზნით. 25 ნოემბერს უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა “ქართული ოცნების” ოფისში. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ თქვა, რომ “თემა დახურულია” და 2020 წელს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით და არა ისე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს.

•  ნახეთ მოკლე ვიდეო, რომელიც ნოემბრის პროტესტების ისტორიას მოგიყვებათ

 

მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტთან დილიდან ხალხმრავლობაა. გათენებასთან ერთად დემონსტრანტების რიცხვმა იმატა.

12 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული. ოპოზიცია აცხადებს, რომ დაშლის მიუხედავად პარლამენტის შენობის პიკეტირებას გააგრძელებს და დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. ისინი მომიტინგეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ – გამკაცრებულია კონტროლი და შეზღუდულია გადაადგილება . მიმდებარე ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩები პოლიციას ავტობუსებით აქვს გადაკეტილი.

ჟურნალისტებს აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება საშვებით უწევთ იმისთვის, რომ პარლამენტის შენობასთან მისვლა შეძლონ. მხოლოდ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებს აძლევენ ამ ტერიტორიაზე მოძრაობის უფლებას.

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პარლამენტის პიკეტირებას დღესაც შეეცდებიან და პლენარული სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. სესია 12 საათზეა დანიშნული.

“მთელი პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადასული”

სამოქალაქო აქტივისტები და ასევე ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც ღამე პარლამენტთან გაათენეს, აქციის დაშლის მიუხედავად საკუთარ გეგმებზე უარის თქმას არ აპირებენ.

მათი გეგმით, დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოხდეს. დილიდან უკვე ხალხმრავლობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან. მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, ოპოზიცია უკომპრომისო იქნება თავის მოთხოვნებში.

„ჩვენ ვითხოვთ თავისუფალი არჩევნების უფლებას, იგივე პროპორციულ არჩევნებს, რასაც ივანიშვილი დაპირდა ხალხს და შემდეგ ისევ უკან მიიტაცა.  დღეს ივანიშვილი არის უსუსტესი ადამიანი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება თავის ხალხს და მათთან დიალოგშიც კი არ შემოდის. როდესაც ხალხი არის სამართლიანად გაბრაზებული ის მანამ იქნება გაბრაზებული, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მთელი პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული და ქუჩაში დგას მთელი საზოგადოება, ივანიშვილის მხარეს დგას არავინ – „რობოკოპები“, – ამბობს მელია.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, „ივანიშვილი მალე დამთავრდება”.

“სპეცრაზმით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ქვეყანაში ფორმდება ძალადობა და დიქტატურა. ეს ბრძოლა გადაიყოლებს მოძალადე ივანიშვილს. შეშინებული დასდევდნენ დღეს შეშებს და ფიჩხეს. ესაა დემორალიზებული ძალა“, – განაცხადა უგულავამ.

ღამე პარლამენტთან

მასშტაბური აქცია პარლამენტთან 25 ნოემბერს საღამოს 19 საათზე დაიწყო. აქციის მთავარი ლოზუნგია “ერთად ერთის წინააღმდეგ!” მომიტინგეებმა გუშინ საღამოსვე ჩაკეტეს პარლამენტში შესასვლელები.

• JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი 25 ნოემბრის აქციიდან

მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან ღამე რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა, ძირითადად ახალგაზრდები.

დინამიკებში ჩართული იყო მუსიკა, დემონსტრანტები ცეკვავდნენ, რომ ცოტა გამთბარიყვნენ. თბილისში ღამე ყინავდა, მინუს ერთი იყო.

მოხალისეებმა მოიტანეს გლინტვეინი, ცხელი ჩაი და ყავა.

ერთ ადგილას მოწყობილი იყო სახელდახელო კინოთატრი, დიდ ეკრანზე “შინდლერის სიას” უჩვენებდნენ:

პოლიციამ მომიტინგეებს პარლამენტის ტერიტორიაზე შეშის და გასათბობად საჭირო სხვა ნივთების შეტანა აუკრძალა.

ვიდრე დაშლა დაიწყებოდა, მანამდე იყო ხმოვანი გაფრთხილება, რომ თუ არ გაათავისუფლებდნენ პარლამენტის შენობაში შესასვლელ გზებს, სპეცრაზმი ძალას გამოიყენებდა.

დილის 05;30-ისთვის ნიღბებსა და ჩაფხუტებში ჩაცმულმა სპეცრაზმელებმა მომიტინგეების დაშლა მოახერხეს,  კარვები აიღეს და პარლამენტში შესასვლელებს სრულად აკონტროლებდნენ.

მალევე გამოჩდნენ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები და ტერიტორიის დალაგება დაიწყეს.

სპეცრაზმელების გამოჩენისთანავე მომიტინგეებს მიმართეს აქციის ორგანიზატორებმაც – დილის ხუთი საათისთვის მიკროფონში გაისმა სამოქალაქო ორგანიზაცია “სირცხვილიას”ლიდერის შოთა დიღმელაშვილის ხმა, რომელმაც  დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

“წინააღმდეგობა არ გასწიოთ, არაძალადობრივი, მშვიდობიანი მანიფესტაცია ვართ,” – მიმართა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს დიღმელაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ