სახალხო დამცველის ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქციაზე მოქალაქეები ზეწოლითა და იძულებით ჩაიყვანეს" />

“ქართული ოცნებამ” თბილისში მხარდამჭერები შეკრიბა. რეგიონებიდან ისინი ავტობუსებით ჩამოიყვანეს

სახალხო დამცველის ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქციაზე მოქალაქეები ზეწოლითა და იძულებით ჩაიყვანეს

რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, რომელიც მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” მიერ იყო ორგანიზებული.

შეკრების ოფიციალური მიზეზი საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა იყო.

 მუსიკა და ცეკვა თბილისში მიმდინარე პროტესტზე. ვიდეო

• “ერთად ერთის წინააღმდეგ”. ნოემბრის პროტესტის ისტორია სამ წუთში [ვიდეო]

ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო 27 ნოემბერს, ანბანური როტაციით გახდა და ექვს თვეში ამ პოსტს საბერძნეთს გადააბარებს.

მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა ეს ღონისძიება გრანდიოზული მიტინგითა და კონცერტით აღენიშნა.

მიტინგზე დასასწრებად “ქართულმა ოცნებამ” რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანა პარტიული აქტივი და ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები.

მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერდნენ, რომ დედაქალაქში გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მმართველი პარტიის ზეიმის გამო მოძრაობა 20-ზე მეტ ქუჩაზე და რამდენიმე მოედანზე იყო გადაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიული ზეიმისთვის გზების გადაკეტისთვის შესახებ ვიდეორგოლიც კი მოამზადა.

დედაქალაქის ცენტრში – ორთაჭალაში, რესპუბლიკის მოედანზე, იუსტიციის სახლთან მწკრივად იდგნენ ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, რომლებითაც ხალხი რეგიონებიდან ჩამოვიდა.

“ქართული ოცნების” ზეიმის დროს მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა მეტროსადგური თავისუფლების მოედანი” – ეს სწორედ ის მეტროსადგურია, რომელიც ყველაზე ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც “ქართული ოცნება” მიტინგს მართავდა.

ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იყო “საქართველოს გზა ევროპისკენ”.

საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნების შესრულების შემდეგ მომიტინგეებს პრემიერმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და “ქართული ოცნების”თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიმართეს.

ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ…არასოდეს გვქონია ევროპასთან ისე ახლო ურთიერთობა, როგორც დღეს. ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან ერთად,” – აღნიშნა პრემიერმა.

ივანიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ “მრავალი თვალსაზრისით ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში”.მან ყოფილი ხელისუფლების მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება:

“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ,” – განაცხადა მან.

 დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება

აქციის მონაწილეებს საქართველოს დროშებთან ერთად ხელში ეჭირათ “ქართული ოცნების” დროშები და სხვა პარტიული სიმბოლიკა.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე უჩვენებდნენ ვიდეორგოლებს, სადაც მოყოლილი იყო საქართველოს ევროპასთან დაახლოვების ისტორია. ვიდეოში სრულად იყო გამოტოვებული 2003-2012 წლები – “ნაციონალური მოძროაბისა” და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი.

როგორც აღინიშნა, მიტინგის ორგანიზატორი იყო “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა.

მუქარა და დაშინება

ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მიტინგის რეალური მიზეზი იყო ოპოზიციური პროტესტების გადაფარვა, რომლებიც თვეზე მეტია საქართველოში მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ მიტინგის მოსაწყობად ხელისუფლებამ უკანონოდ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და აქციაზე დასწრება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს სამსახურის დაკარგვის მუქარით აიძულა.

სახალხო დამცველის ამბობს, რომ ომბუდსმენის რწმუნებულებს რეგიონებში დაუდასტურეს, რომ 14 დეკემბერს ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქციაზე მოქალაქეები ზეწოლითა და იძულებით მიჰყავთ.

მსგავსი ცნობები სახალხო დამცველმა მიიღო აჭარიდან, ქვემო და შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან.

ომბუდსმენის თქმით, ირკვევა, რომ პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის სამიზნეები ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ების, საჯარო და მუსიკალური სკოლების, ბაღების თანამშრომლები არიან. ისინი ამბობენ, რომ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებდნენ.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ მსგავსი იძულება, სამსახურში პრობლემების შექმნის მუქარით, სისხლის სამართლის დანაშაული ნიშნებს შეიცავს. თუმცა კონფიდენციალობის დაცვის პირობის გამო სახალხო დამცველი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ვერ მიმართავს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები“.

იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნების” ზეიმზე საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს, ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც.

ტელეკომპანია “მთავარ არხთან” საუბრისას თავზარაშვილმა დაადასტურა, რომ ააიპ-ის თანამშრომლები და საჯარო მოხელეები მისი ორგანიზებით ჩავიდნენ მიტინგზე.

“რა თქმა უნდა, პარტიამ დააფინანსა. ამას არავინ არ მალავს. არ ვიცი რამდენი მარშუტკაა, მაგრამ 3 500 კაცზეა საუბარი”, — განუცხადა გორის მერმა “მთავარ არხს”.


ასევე წაიკითხეთ