"საქართველოს მოქალაქეების სეგრეგირებას ეწევით და ალიევის ხელისუფლებას ეჯიბრებით!" - ქართველი უფლებადამცველები დეპუტატის განცხადებას ეხმაურებიან" />

მარიამ ჯაში: აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც ქართველ აზერბაიჯანელებს აქვთ

"საქართველოს მოქალაქეების სეგრეგირებას ეწევით და ალიევის ხელისუფლებას ეჯიბრებით!" - ქართველი უფლებადამცველები დეპუტატის განცხადებას ეხმაურებიან

დეპუტატები მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც აზერბაიჯანში ცხოვრობენ, ისეთივე უფლებები და სერვისები უნდა ჰქონდეთ, როგორც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ. 

ეს განცხადება მარიამ ჯაშმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი სხდომის შემდეგ გააკეთა.

ამ ორი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გუშინ, პარლამენტში ჩატარდა და აზერბაიჯანში, კერძოდ კი საინგილოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. 

მარიამ ჯაშის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სახალხო დამცველმა მას “არასწორი მესიჯი” უწოდა, უფლებადამცველების ნაწილი კი, საერთოდაც   “დისკრიმინაციულად” მიიჩნევს. 

_________________

“აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე”, – ასე შეაჯამა მარიამ ჯაშმა ორი კომიტეტის ერთობლივი სხდომა, სადაც აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების საკითხი განიხილებოდა. 

 საპარლამენტო კომიტეტების შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომელიც აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართულ დიასპორას აწუხებს.

ამ საკითხებს შორისაა აზერბაიჯანში ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების, კახის რაიონში ქართული კულტურის სახლის აღდგენისა და “ქართული მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების” საკითხები.

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარებადია ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში.

მარიამ ჯაში არ უარყოფს, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემსაც აქვს, თუმცა მისი აზრით, ეს პრობლემები უნიკალური არ არის და ხშირად იგივე პრობლემები აწუხებთ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს:

“არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოქალაქეებისთვისაც,” – ამბობს ჯაში.

• საინფორმაციო ვაკუუმი – ქართველი აზერბაიჯანელები ინფორმაციას უცხოური ტელეარხებიდან იღებენ 

• ხალხი გოგონების წინააღმდეგ – საქართველოს აზერბაიჯანულ სოფლებში კვლავ იტაცებენ გოგონებს
 

• აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში 

• აქცია საქართველოს პარლამენტთან: აზერბაიჯანელები სომეხი მებრძოლის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვენ 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.

„უნდა მოვიფიქროთ ერთიანი მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე  აღნიშნავს, რომ  აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული მეგობარია, “რაც გახდება საფუძველი, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი”

“ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული“, – დასძენს კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ქართველი დეპუტატები აპირებენ ვიზიტს აზერბაიჯანში, ქართულ დიასპორასთან შესახვედრად.

 გამოხმაურება

მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” დეპუტატების ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის პრობლემების “მიბმა” აზერბაიჯანში მცხოვრები ქართული დიასპორის პრობლემებზე, არასწორია.

საქართველოს სახალხო დამცველი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ “საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია”.

“საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან და ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც ეთნიკური ქართველები ან სხვა ეროვნების მოქალაქეები,” – აღნიშნულია ნინო ლომჯარიას განცხადებაში. 

ის ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, ქართული სახელმწიფოს საქმეა ნებისმიერ შემთხვევაში და ეს არ უნდა კეთდებოდეს “აზერბაიჯანის, ან სხვა სახელმწიფოს დასანახად, ან კონტრ სარგებლის მისაღებად, თუნდაც სრულიად მართებული ინტერესების გასატარებლად არ უნდა ვაკეთებდეთ”.

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია კიდევ უფრო რადიკალურია და მარიამ ჯაშის განცხადებას “ანტისახელმწიფოებრივსა და დისკრიმინაციულს” უწოდებს.

“როგორ ბედავთ ცალკე გამოყოთ საქართველოს მოქალაქეები ეთნიკური ნიშნით, რომ შემდეგ ისინი შეაჯიბროთ და დაატოლოთ ქართულ დიასპორას საზღვარგარეთ? საერთოდ რა მიდგომაა ეს? ” – წერს პატარაია ფეისბუკზე. 

ის იმ მრავალრიცხოვან პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემს აწუხებს და მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ქართულ სახელმწიფოს ბევრი არაფერი აქვს საამაყო:

“ან რას აყვედრით ქართველ აზერბაიჯანელებს? რა გაგიკეთებიათ მათთვის? ქართული ენა ვერ ასწავლეთ ამდენი წელია, ერთი ნორმალური პროგრამა ვერ შესთავაზეთ ვერც ბავშვებს და ვერც უფროსებს… საქართველოს მოქალაქეების სეგრეგირებას ეწევით და ალიევის ხელისუფლებას ეჯიბრებით გაუგებარ რაღაცაში. ალიევის საზრუნავი არ არის საქართველოში საუკუნობით მცხოვრები ხალხი, რომელთაც ერთადერთი სამშობლო აქვთ – საქართველო!” – წერს პატარაია.

_______________

•   აზერბაიჯანული თემი საქართველოში ყველაზე დიდ ეთნიკური უმცირესობაა. საქართველოში 223 ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6 პროცენტზე მეტია (2014 წლის მოსახლეობის აღწერა). მათი დიდი ნაწილი კომპაქტურად არის დასახლებული ქვეყნის აღმოსავლეთით – ქვემო ქართლის რეგიონში.

ქვემო ქართლი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონია საქართველოში. იქაურ მოსახლეობას მოჰყავს ბოსტნეული, ხილი, მწვანილი; ჰყავთ საქონელი და ცხვარი. 

რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნაა. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი არ საუბრობს ქართულად, რაც ართულებს მათ ინტეგრაციას და დასაქმებას სხვადასხვა ინსტიტუტებში. 

• “საინგილო” – ასე ერქვა ისტორიულ მხარეს ფეოდალურ საქართველოში, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. გეორგრაფიულად კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა და მოიცავს ბელაქნის, ზაქათალას და კახის რაიონების ტერიტორიას. ტერმინი საინგილოც ასევე ძველია. ამ ადგილას გამუსლიმებული ქართველები ცხოვრობდნენ, რომლებსაც “ინგილოებს” ანუ თურქულად “ახლადმორჯულებულებს” ეძახდნენ.

2014 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში 14 ათას 877 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. მათგან უმეტესობა აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით, საინგილოში: კახში – 7450, ბელაქანში – 1731, ზაქათალაში – 3071.

აზერბაიჯანის ტერირიტორიაზე ექვსი ქართული სკოლაა და ექვსი ქართლი სექტორი აზერბაიჯანულ სკოლაში. ყველა მათგანი საინგილოშია.

საინგილოში მცხოვრები ქართველების დიდ ნაწილს შენარჩუნებული აქვს ქართული ენა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ