ხალხი გოგონების წინააღმდეგ
საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ გოგონას ოჯახის შექმნის მიზნით სკოლის მერხიდან იტაცებენ. მოტაცებულ გოგონას, ხშირ შემთხვევაში, მხარს არ უჭერს საკუთარი ოჯახი, რომელიც მოტაცებულ გოგოს სახლში არ აბრუნებს, რადგან ის შერცხვენილად ითვლება; გოგონას არ იცავს სახელმწიფო, რომელიც გამტაცებელთან გარიგებაზე მიდის, არასრულწლოვანს ზურგს აქცევენ თემების უხუცესები, ნათესავები და მეზობლებიც.
ზარიფა
28 აპრილს მე-12 კლასელი ზარიფა ნ. მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში საკუთარი სკოლის ეზოდან 10 წლით უფროსმა მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. გოგონას ახლობლები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ზარიფას ოჯახის შექმნა არ უნდოდა და მის დაბრუნებას მოითხოვდნენ.
იმავეს ამბობდა ზარიფას ქართულის მასწავლებელი მაკა მენთეშაშვილი:
„ჩვენ სკოლაში „სამოქალაქო კლუბი“ გვქონდა, სადაც ხშირად ვსაუბრობდით ადრეულ ქორწინებაზე, მოტაცებაზე, ადამიანის უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე. ზარიფას ყოველთვის ძალიან აქტიური მოსწავლე იყო, სხვა ოცნებები ჰქონდა – ის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა,” – ამბობს მაკა მენთეშაშვილი.
______________________________________________________________________________
• თურქეთი: ქალების მკვლელობა და მათზე ძალადობა გრძელდება
• რისთვის იბრძვიან ქალები? ყველაზე მარტივი კითხვები ფემინიზმზე
______________________________________________________________________________
თუმცა, შემდეგ მოხდა ის, რაც ასობით ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე – მშობლები გამტაცებელს გაურიგდნენ და შვილი ცოლად გააყოლეს. პოლიციამ გამტაცებელთან საპროცესო გარიგება გააფორმა და ბიუჯეტში სოლიდური გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღეს ზარიფა უკვე გათხოვილი ქალია.
სოფელში ამ ფაქტის შესახებ ყველამ იცის. აქ არც ოჯახის თავდაპირველი რეაქცია უკვირს ვინმეს და არც შემდგომი თანხმობა. ასეთი ისტორიები ხომ ქვემო ქართლში მრავლადაა.
ნახიდა
ნახიდა აბდულაევა 30 წლისაა, ის მარნეულის სოფელ ქუთლიარში ცხოვრობს. 17 წლის იყო , როდესაც კარის მეზობელმა მოიტაცა:
„იმ დღეს ბოლო ზარი მქონდა, ძალიან გახარებული ვიყავი. ბევრ რამეზე ვოცნებობდი – მინდოდა თბილისში გამეგრძელებინა სწავლა და პოლიციელი გავმხდარიყავი. მამაჩემს ყოველთვის წინააღმდეგი იყო ოჯახისგან შორს წავსულიყავი, მაგრამ მისი დათანხმებაც კი შევძელი. საღამოსკენ დედ-მამა ფერმაში წავიდნენ, სახლში მე და ჩემი პატარა ძმა დავრჩით. ამ დროს მეზობლის ბიჭი მოვიდა, მთხოვა წყალი გამომაწოდეო. სანამ წყალს გავუტანდი, რამდენიმე ბიჭმა ხელი დამავლო და მანქანაში ჩამსვეს”.
ნახიდა დღეს ორი შვილის დედაა – 11 და 9 წლის ბიჭები ჰყავს. სწავლა ვერ გააგრძელა და საკუთარი სოფლიდანაც სულ რამდენჯერმე გავიდა:
„თავდაპირველად უფრო მიჭირდა, თუმცა, 13 წლის შემდეგ რეალობას ეგუები. დილიდან საღამომდე ვშრომობ, ყველაფერი მტკივა. ჩემთვის არაფერი არ არის, როდესაც ჩემი ოჯახი სადმე მიდის, მე პატიმარივით სახლში მტოვებენ და გარედან ჭიშკარს დიდი ბოქლომით მიკეტავენ”.
ქვემო ქართლში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, ნაადრევი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აზერბაიჯანული ტრადიციის ნაწილია.
ნახიდა ამბობს, რომ მოტაცებული გოგო სახელშელახულად ითვლება და მას ცოლად აღარავინ შეირთავს:
“დაბრუნებულ გოგონაზე სამეზობლო ყოველთვის თითს გაიშვერს და იტყვის, რომ ის „გაფუჭებულია“. ხალხს არ აინტერესებს, მოხდა თუ არა რამე სინამდვილეში. არავის არ უნდა სახლში ასეთი შვილი და მითუმეტეს ცოლი, ამიტომ რჩებიან გოგონები გამტაცებელთან”.
აიგუნი
15 წლის აიგუნ მამედოვა (სახელი და გვარი შეცვლილია) ახალდაქორწინებულია და საკუთარ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე გვესაუბრება. ის მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ცხოვრობს. გასულ სექტემბერს, როდესაც აიგუნი მოიტაცეს, გოგონა 14 წლის იყო. 15 წლის იუბილე უკვე ახალ ოჯახში აღნიშნა. აიგუნი ამბობს, რომ ბედნიერია, ქმარი უყვარს და თვლის, რომ შეყვარული გოგო ყოველთვის მზად უნდა იყოს მოტაცებისთვის და ამაში ცუდი არაფერია.
„ჩვენთან ასეა, თუკი ადრეულ ასაკში არ შექმენი ოჯახი, მერე აღარავინ წაგიყვანს. 18 წლის მერე ითვლება რომ „დარჩენილი ხარ“ და აღარავის უნდა შენი ცოლად მოყვანა. მეც ამიტომ შევქმენი ოჯახი. მართალია, ჩემმა ქმარმა მომიტაცა, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ოჯახებისთვის ზედმეტი საქორწილო ხარჯები აგვერიდებინა”.
აიგუნი სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, ფიქრობს რომ ოჯახი და სწავლა ერთდროულად რთულია და მისი ვალდებულებაა კარგი დედა და მეუღლე იყოს.
გუნაი
გუნაი ბაირამოვა 20 წლის იყო, როდესაც მომავალმა ქმარმა მოიტაცა. ახლა მას 3 შვილი ჰყავს – ორი ბიჭი და ერთი გოგო. იხსენებს, რომ საქმრო ახლოდან პირველად ნიშნობაზე ნახა, მანამდე მხოლოდ სახეზე იცნობდა. გუნაის გათხოვება მის სახლში, ე. წ. “ელჩობის” დროს გადაწყდა, როდესაც ბიჭის ნათესავები გოგონას ოჯახში მიდიან, რომ თავისი ვაჟისთვის მისი ხელი ითხოვონ. მართალია, გუნაი დანიშნული იყო, თუმცა საქმრომ მაინც მოიტაცა, რათა ქორწილის ხარჯებისთვის თავი აერიდებინა.
კამილა
კამილა მამედოვას ისტორია განსხვავებულია. ის სათემო რადიო „მარნეულის“ დირექტორია და ოჯახი არ ჰყავს.
როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ კამილას მეგობრების დიდი ნაწილი დაქორწინდა, ამ აზერბაიჯანელმა გოგომ სხვა გზა აირჩია – საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მედიასკოლაში ჩააბარა. ყოველ დილით უთენია დგებოდა, რომ ერთადერთი მარშრუტკისთვის მიესწრო და თბილისში ლექციები არ გაეცდინა. ენობრივი ბარიერიც მალე დაძლია და ქართული კარგად ისწავლა.
მას დღეს საკუთარი მედია აქვს, რომელსაც თავად უძღვება.
ადრეული ქორწინება კამილასთვის მტკივნეული თემაა. თუმცა, ამბობს, რომ ნელ-ნელა აზერბაიჯანულ თემშიც იცვლება რაღაცები. ის ერთი აზერბაიჯანელი გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელიც ხუთი დღე გატაცებული ჰყავდათ, თუმცა სტერეოტიპების მიუხედავად, მშობლებმა ხელი არ ჰკრეს და შვილი გამტაცებელს ცოლად არ გააყოლეს.
სტატისტიკა
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011–2014 წლებში საქართველოში მე-9 კლასამდე სწავლა 4 599-მა გოგონამ შეწყვიტა. 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, 2014 წელს – 665.
ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა მოქალაქემ დაანება.
თუმცა, სავარაუდოდ, ეს მონაცემები არაზუსტია და ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, რადგან აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში, სადაც ყველაზე ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ აწარმოებდნენ სტატისტიკას, თუ რამდენმა მოსწავლემ დაანება თავი სკოლაში სიარულს ოჯახის შექმნის გამო.
ნონა სამხარაძე წლებია მარნეულში გენდერულ საკითხებზე მუშაობს. მისი თქმით, მოტაცებების რიცხვმა ბოლო წლებში კი იკლო, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„მაგალითად, ბოლო თვეების განმავლობაში სამი შემთხვევა ვიცი, როდესაც გოგონები მოიტაცეს. ორი გოგონა დატოვეს მოტაცებულების ოჯახებში, ხოლო ერთი მშობლებმა დაიბრუნეს. ისიც, ალბათ იმიტომ დაიბრუნეს, რომ პოლიციამ მალე იპოვა და გოგონას გამტაცებელთან ღამის გატარება არ მოუწია,” – ამბობს ნონა სამხარაძე.
კანონმდებლობა და სახელმწიფო
ქორწინების მიზნით ქალთა გატაცება საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი). არასრულწლოვნის შემთხვევაში კი, გამტაცებელს რვიდან თორმეტ წლამდე ციხე ემუქრება.
თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა 2015 წელს არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვემო ქართლის სასამართლოებში გოგონების გატაცებასთან დაკავშირებით აღძრული იყო 39 საქმე. 39-ვე შემთხვევაში გამტაცებელთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა – ფულადი ჯარიმა გადაიხადეს, პირობითი მსჯავრი მიესაჯათ და გათავისუფლდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით თანახმად 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით სსკ 143 მუხლით, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთად“ ითვალისწინებს გამოძიება 14 ფაქტზე დაიწყო, აქედან ექვსი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. ამავე უწყების ინფორმაციით, 2017 წლის იავარი-მაისის მომაცემებით მარნეულის მუნციპალიტეტში ქორწინების იძულებით ორ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
„კონსტიტუციური კვლევების ცენტრის“ იურისტის გიორგი მუმლაძის თქმით, მთელი ეს სტატისტიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მართალია, კანონმდებლობა მოტაცებული ქალის უფლებებს იცავს, მაგრამ იმავეს არ აკეთებს სახელმწიფო. „როდესაც გატაცებული ქალი და მისი ნათესავები თანახმანი არიან ოჯახის შექმნაზე, სახელმწიფო იტოვებს სასჯელის შემსუბუქების პრეროგატივას, ეს მას აწყობს,“ – ამბობს მუმლაძე.
რატომ მიდის სახელმწიფო გამტაცებლებთან გარიგებაზე?
ნონა სამხარაძე ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ, როგორც წესი, თავად სამართალდამცავებიც ადგილობრივები არიან და ქალის გატაცება მათთვისაც ტრადიციაა და არა დანაშაული.
„არის შემთხვევები, როდესაც გამტაცებელი, ვიდრე გოგონას გაიტაცებს, მეგობარ პოლიციელებთან გადის კონსულტაციებს, თუ როგორ აარიდოს თავი სასჯელს,” – ამბობს უფლებადამცველი.
კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს კონფლიქტს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში და მაქსიმალურად ცდილობს არ გაანაწყენოს ადგილობრივი მოსახლეობა. “20 წელია მესმის, რომ ქვემო ქართლი სენსიტიური რეგიონია და რომ სახელმწიფო ადგილობრივი ტრადიციების წინააღმდეგ ვერ წავა. მე კი ვფიქრობ, რომ ყველა მთავრობას და პოლიტიკურ ძალას მარნეული მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდება და ამ მიდგომას გოგონების მომავალი ეწირება,“ – აღნიშნავს ნონა სამხარაძე.
მისი თქმით, ასევე დიდ როლს თამაშობენ პროცესში ჩართული თემის ლიდერები და უხუცესები, რომლებიც, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავებისთვისაც ავტორიტეტები არიან:
“უხუცესები, ხშირ შემთხვევებში გამტაცებლის მხარეს არიან და გოგონას მშობლებს არწმუნებენ, რომ პოლიციაში საჩივარი არ შეიტანონ,” – ამბობს უფლებადამცველი.
გოგონების წინააღმდეგ ამუშავებულ მთელს ამ მექანიზმზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა მზერის” წარმომადგენელი, გვანცა ხონელიძეც:
“გოგონას მხარს არ უჭერს ოჯახი, რომელიც სახლში არ დააბრუნებს მოტაცებულ გოგოს, რადგან მას შერცხვენილად თვლის; გოგონას გვერდით არ უდგას სახელმწიფო, გოგონას რიყავს საზოგადოება. ამიტომ მას სხვა გზა არ რჩება. ის ბედს ეგუება,” – ამბობს ხონელიძე.
განათლება, როგორც პრევენცია
მაკა მენთეშაშვილი უკვე სამი წელია პროექტის ფარგლებში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული ენის დამხმარე პედაგოგია. ის ყოველდღე შორ გზას გადის, რომ სკოლაში მივიდეს. მისი თქმით, მარნეულის სკოლებში ზოგიერთი სახელმძღვანელო ორენოვანია, თუმცა იმის გამო რომ პედაგოგებმა არ იციან ქართული ენა, გაკვეთილები აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობს და შესაბამისად მოსწავლეები ვერ სწავლობენ სახელმწიფო ენას.
მაკა მენთეშაშვილმა საკუთარი ინიციატივით სოფელ თაქალოს სკოლაში „სამოქალაქო კლუბი“ გახსნა, ის ცდილობს ახალგაზრდებში ცნობიერება გაზარდოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ეკოლოგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შშმ პირების უფლებები, „სამოქალაქო კლუბის“ მოსწავლეები ინტელექტუალურ, იმიტირებულ სასამართლო და საარჩვენო თამაშებში იღებენ მონაწილეობას.
თუმცა, სოფელ თექალოს სკოლა გამონაკლისია და “სამოქალაქო კლუბი” აქ მხოლოდ კონკრეტული მასწავლებლის პირადი ინიციატივაა. სავალდებულო საგანი, სადაც მოსწავლეები და მასწავლებელი ზემოაღნიშნულ თემებზე ისაუბრებდნენ, არ არსებობს.
“სკოლაში არ ისწავლება „სამოქალაქო განათლება“, არ არსებობს საგანი „მე და საზოგადოება“, რის გამოც შემდგომში სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოიქნებაა, მოსწავლეებს ხშირ შემთხვევში არ აქვთ გაცნობიერებული თავიანთი სამოქალაქო უფლებები,” – ამბობს მაკა მენთეშაშვილი.
მისი თქმით, ბოლო წლებში მარნეულში საგრძნობლად გაუმჯობესდა ქართული ენის სწავლების დონე და სულ უფრო მეტი მოსწავლე ცდილობს სახელმწიფო ენა ისწავლოს და სკოლა სრულად დაამთავროს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2015-2016 წელს ქვემო ქართლის მოსწავლეების 3.8% მიატოვა სწავლა. არაქართულენოვან სკოლებში უფრო მეტი გოგონა ანებებს თავს სწავლას, ქართულ სკოლებში კი პირიქით, 12-ე კლასში არაქართულენოვანი სკოლებში საშუალოდ გოგონების 10.1 % ანებებს სწავლას თავს, ხოლო ქართლენოვან სკოლებში 1.9%.
„როდესაც წინა წლების მდგომარეობას ახლანდელს ვადარებ, აშკარა წინსვლას ვხედავ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან, მაგალითად თაქალოში საჯარო სკოლაში სკოლადამთავრებულების რიცხვმაც და ქართული ენის ცოდნამაც მოიმატა.“
მარნეულის მუნციპლიტეტში 75 საჯარო სკოლაა, სადაც 2016-2017 სასწავლო წლებში 18 500 მოსწავლე ირიცხებოდა.
იმისთვის, რომ გაგვერკვია, რას ფიქრობენ ადრეულ ქორწინებასა და გატაცებებზე, ჩვენ მარნეულში ახალგაზრდებსაც ვესაუბრეთ. ბევრმა გვითხრა, რომ ქალების მოტაცებას არ აქვს კავშირი ტრადიციათან და ეს პირდაპირ დამოკიდებულია ახალგაზრდების განათლებაზე.