"სახალხო პატრულს" სპეციალური ფორმა ეცმევა და ვიდეოკამერებით აღჭურვილი იქნება. ისინი თბილისის ქუჩებში "საეჭვო უცხოელებს" დააკავებენ" />

“უცხოელების თავგასულობა უნდა დასრულდეს!” – ქართველი ულტრანაციონალისტები “სახალხო პატრულს” ქმნიან

"სახალხო პატრულს" სპეციალური ფორმა ეცმევა და ვიდეოკამერებით აღჭურვილი იქნება. ისინი თბილისის ქუჩებში "საეჭვო უცხოელებს" დააკავებენ

ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული მარში“ ახალი ინიციატივით გამოდის –  ორგანიზაცია აპირებს „სახალხო პატრულის“ ჩამოყალიბებას, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში მყოფი უცხოელი მიგრანტების გაკონტროლება და “უცხოტომელების თავგასულობის აღმოფხვრა” იქნება.

იდეა ასეთია – სახალხო პატრულის წევრები 15 კაციან ლეგიონებად დაიყოფიან, ივლიან თბილისის  ქუჩებში და თუ რომელიმე საეჭვო მოქალაქე შეხვდებათ, მას იქვე დააკავებენ. შემდეგ, გამოიძახებენ პატრულს და დაკავებულ მოქალაქეს სამართალდამცავებს გადასცემენ. ამ გზით ორგანიზაცია აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეხმაროს, რადგან სახელმწიფო საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს “ქვეყანაში უცხოელი ტერორისტებისა და კრიმინალების შემოდინების შეჩერებას”.

შეკითხვაზე, თუ რა იგულისხმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, “ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს, რომ “ეს არის ყველა ის ქმედება, რომელიც კანონს არღვევს”.

„ტრეფიკინგი, საეჭვო ტიპის დაწესებულებები, სადაც იყიდება ნარკოტიკები, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვა – ეს ყველაფერი ხდება ქუჩაში“ – ამბობს ინტერნეტ გამოცემა “ლიბერალთან” საუბრისას სანდრო ბრეგაძე, რომელიც 2014-2016 წლებში საქართველოს მთავრობის წევრი იყო. ის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ბრეგაძის თქმით, „სახალხო პატრულში“ გაწევრიანების სურვილი უკვე სამასამდე ახალგაზრდამ გამოთქვა.

როგორც “ქართული მარშის” წევრები ამბობენ,  “სახალხო პატრულს” სპეციალური ფორმა ეცმევა და იგი ვიდეოკამერებით აღჭურვილი იქნება . იდეის ავტორების თქმით, პატრული უკვე ერთ თვეში ამოქმედდება და თავდაპირველად  თბილისის ცენტრალურ უბნებში – მარჯანიშვილზე, ლესელიძის ქუჩასა და რესპულიკის მოედანზე იმოძრავებს.  ეს ის უბნებია, სადაც ყველაზე მეტი ტურისტია.

„სახალხო პატრულის“ შექმნის ინიციატივის შესახებ პირველი განცხადება ფეისბუკზე გაკეთდა. განცხადებაში ხაზგასმულია,  რომ “სახალხო პატრულის” მთავარი საქმე  „უცხოელი არალეგალების, კრიმინალებისა და ტერორისტების“ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კონტროლი იქნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სახალხო პატრული” დაკომპლექტდება “ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით”.

განცხადებას თან ახლავს ძალადობისკენ მოწოდების შემცველი ვიდეო,  რომელშიც ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს ფიზიკურად უსწორდება. ამ ვიდეოს JAMnews-ი შეგნებულად არ ავრცელებს.

ფეისბუკ-კომენტარებს თუ გადავხედავთ, საქართველოში ბევრი თანაუგრძნობს “ქართული მარშის” იდეებს:

“ძალიან კარგია! დროა ბოლო მოეღოს მთავრობის უმოქმედობას და ხალხმა თვითონ გააკონტროლოს რა ხდება საქართველოში, რამდენი ემიგრანტი დათარეშობს და ნარკოტიკებს ყიდის, გახსნეს ბორდელები და ჩვენი მთავრობა ჯიბეს ისქელებს”; 

“ძალიან კარგია და მივესალმები. ჩვენს ქვეყანაში ხომ მხოლოდ ქართველები ისჯებიან, როგორც გინდა მართლები იყვნენ. ყველა ქართველს ჩაგრავს, ურტყამს და ამცირებს საკუთარ მიწაზე და ქვეყანაში”. 

თუმცა, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციას, რომელიც მუდმივად ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, უკანონო მოქმედებების უფლება ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს.

“იმედი მაქვს ამ ქვეყნის ხელისუფლება ამ საშინელების შეჩერებას მაინც მოახერხებს”; 

“შავი რაზმი თუ არ გაგიათ რა იყო, ახლა ნახავთ. ასევე, სახელმწიფო ოფიციალური ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას რომ დაუშვებს, ოფიციალურად ამბობს უარს სახელმწიფოებრიობაზე”. 

თავად ხელისუფლება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დუმს და კომენტარს არ აკეთებს.

•  “ქართული მარში” ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობების მატარებელი ადამიანების გაერთიანებაა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებს მართავენ. გასული წლის შემოდგომაზე მათ აქცია გამართეს აღმაშენებლის გამზირზე, სადაც საიმიგრაციო კანონის გამკაცრება და საქართველოს ტერიტორიიდან “არალეგალი და კრიმინალი უცხოელების” დეპორტირება მოითხოვეს.

•  ამ ორგანიზაციის წევრებმა ასევე აქცია გამართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც ლგბტ დროშა დაწვეს. ისინი საქართველოს ნაკრებიდან ფეხბურთელის გურამ კაშიას გარიცხვას ითხოვდნენ, იმის გამო, რომ კაშია მოედანზე ლგბტ დროშის სამკლაურით გამოვიდა. კიდევ ერთ აქციაზე, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან გაიმართა, “ქართული მარშის” წევრებმა ტელევიზიის შენობას ცოცხალი ქათმები დაუშინეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ