უკვე 20 წელია უსინათლოთა ეს გუნდი სხვების დახმარებით ცხოვრობს" />

უსინათლო მუსიკოსები და მათი უნიკალური პროექტი სომხეთში

უკვე 20 წელია უსინათლოთა ეს გუნდი სხვების დახმარებით ცხოვრობს

დარბაზში გამეფებული მდუმარება დაირღვა – უსინათლოთა გუნდი მორიგი რეპეტიციისთვის ემზადება. რიგრიგობით შემოდიან – ნელა და საქმიანად. მღერიან და თან სცენაზე მდგარ დირიჟორს თვალს არ აცილებენ. მის სუნთქვასა და მის მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვას განსაკუთრებული ყურადღებით უსმენენ. ორმოცწლიანი ისტორიის მქონე გუნდის წევრები რაღაც მანქანებით იჭერენ დირიჟორის ხელების არტისტულ მოძრაობას და მორიგი ნაწარმოების შესრულებას იწყებენ.

«მთელი ამ პერიოდის მანძილზე ისინი მზრდიდნენ და თანდათან თავადაც შეეჩვივნენ ჩემს მუსიკალურ აზროვნებას. ერთ მთლიან არსებად ვიქეცით – „ერთ ხორც და ერთ სულ“. სამყაროს ერთნაირად აღვიქვამთ. ჩვენი გუნდი შესრულების ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა. ძალიან ხშირად ვატარებთ რეპეტიციებს, ჩვენი რეპერტუარის ნაწარმოებებს ვიმეორებთ და ყოველ ჯერზე  რაღაც ახალს ვპოულობთ მათში», – ამბობს სომხეთის უსინათლოთა გაერთიანების გუნდის ხელმძღვანელი, კარლენ ალექსანიანი.

მისი თქმით, უსინათლოთა  გუნდი პირველად ბულგარეთში შეიქმნა გასული საუკუნის 40-იან წლებში. მოგვიანებით მსგავსი კოლექტივები ლიტვასა და საქართველოშიც გაჩნდა. სომხეთი რიგით მეოთხე აღმოჩნდა. ამბობს, რომ 40 წლის წინ, როდესაც ახლადჩამოყალიბებულ გუნდთან მუშაობა შესთავაზეს, ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა ეხელმძღვანელა ამ კოლექტივისთვის…

«ეს არა თვითშემოქმედებითი, არამედ ანაზღაურებადი პროფესიონალური ჯგუფი იყო. თავიდან მომღერლები რეპერტუარის ნაწარმოებებს სმენით სწავლობდნენ, შემდეგ კი პროგრამა თანდათან გართულდა და პარტიტურის სრულად დამახსოვრება შეუძლებელი გახდა. ამიტომ  ბრაილის შრიფტის ნოტების გამოყენება დავიწყეთ და უსინათლო მომღერლებს მუსიკალური განათლება მივეცით», – ამბობს ალექსანიანი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გუნდის საუკეთესო წლებიც დასრულდა. ამჟამად უსინათლო მომღერლებს რთული დროება უდგათ.

უსინათლოთა გაერთიანების მუსიკალური კოლექტივების კადრების განყოფილების ხელმძღვანელმა, სუსანა ბუნიათიანმა გუნდის ჯილდოები და ტიტულები ჩამოგვითვალა და ის ქვეყნებიც ახსენა, რომლებშიც კოლექტივს გასტროლები აქვს გამართული. იგი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის ეპოქაში გუნდს „უსინათლოთა გაერთიანება“ უზრუნველყოფდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და უსინათლოთა კომბინატების დახურვის შემდეგ, გუნდმა, ფაქტობრივად, მთლიანად დაკარგა დაფინანსება.

“ჩვენი მომღერლები ხელფასის სახით 220 რუბლს იღებდნენ, ახლა კი სულ რაღაც 15000 დრამს (30 დოლარზე ნაკლებს) უხდიან და იმასაც მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე. უკვე ოცი წელია, რაც შემოწირულობებით ვცხოვრობთ. შვიდი წლის მანძილზე „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდი“ გვაფინანსებდა,  „ღია საზოგადოების ინსტიტუტი“ კი ერთი წლის მანძილზე უზრუნველგვყოფდა . უკვე ათი წელია, რაც კულტურის სამინისტროს წერილებს ვუგზავნი, რომლებშიც ვითხოვ, რომ გუნდს სახელმწიფო მუსიკალური კოლექტივის სტატუსი მიეცეს, მაგრამ ამაოდ”, – ამბობს ბუნიათიანი.

გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 22 წლისაა, ყველაზე უფროსი კი – 80-ის. მომღერლების უმრავლესობა ასაკოვანია. კოლექტივში ახალგაზრდა შემსრულებლების რაოდენობა არც ისე დიდია.

“პერსპექტივას ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა ორი საათით იმღეროს და სიამოვნება მიიღოს, მაგრამ რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს? რა მოხდება ამის შემდეგ? რეპეტიციების შემდეგ უბრალოდ მშივრები დავბრუნდეთ სახლებში? ესაა პრობლემა. სტაბილური დაფინანსება რომ გვქონდეს და ჩვენი მომღერლებისთვის დამატებითი სტაბილური შემოსავლის შეთავაზება რომ შეგვეძლოს, გუნდში ახალგაზრდა შემსრულებლები მოვიდოდნენ და ჩვენ კოლექტივის შენარჩუნებაზე ვიზრუნებდით”, – ამბობს დირიჟორი.

გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა კი ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოდის რეპეტიციებზე, რომლებიც  კვირაში ორჯერ იმართება.

ერთ-ერთი მომღერალი, კამარნიკ გევორგიანი, რომელიც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის, ამბობს, რომ გუნდის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. იგი ამ კოლექტივში გუნდის დაარსების დღიდან მღერის.

“როდესაც შემოქმედებით პროცესის ნაწილი ხდები, მშვენიერებასთან შეხების აუცილებლობას გრძნობ. ამის შემდეგ რთული ხდება ხელოვნების გარეშე ცხოვრება, ერთგვარ ლტოლვას განიცდი ამ სფეროს მიმართ, რომელიც ცხოვრებას ავსებს და ამდიდრებს. საგუნდო ხელოვნება საკმაოდ რთული საქმეა – ერთობლივი მუშაობა, სხვების მოსმენა და ხმაშეწყობით შესრულება უნდა შეეძლოს. ასე რომ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვცდილობთ, შევიკრიბოთ ხოლმე”, – ამბობს კამარნიკ გევორგიანი.

გუნდის რეპერტუარი დაახლოებით 500  ნაწარმოებს ითვლის  – ხალხურ მელოდიებსა და კლასიკურ ნაწარმოებებს – მ.შ. საოპერო არიებს. კოლექტივი ბახის, მოცარტის, შუბერტის, შუმანის, ჰენდელის, გუნოს, კომიტასისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებს.

“ჩვენ ვიყავით ერთადერთი სომხური გუნდი, რომელიც ბახის „მაღალ მესას“ ასრულებდა. ეს ნაწარმოები განსაკუთრებული სირთულითა და სიდიდით გამოირჩევა. გეორგი სვირიდოვის „პუშკინის გვირგვინსაც“ ვმღეროდით. ტიტანური შრომა გვიწევდა. რუსეთში ამ ნაწარმოებს ერთდროულად ორი გუნდის ასრულებს ხოლმე“, – ამბობს კარლენ ალექსანიანი.

მორიგი რეპეტიცია თითქმის ორი საათის მანძილზე გრძელდება. გუნდის წევრები კომიტასის ნაწარმოებებს ასრულებენ. უცებ დირიჟორის ხმა ისმის. მელოდია  ჯერ წყდება, შემდეგ კი ისევ რბილად იღვრება დარბაზში.

ნელი სარგსიანი პირველ რიგში ზის და დირიჟორს უსმენს.

“მიუხედავად იმისა, რომ გამყოლებით გადავადგილდებით და ორჯერ მეტ ფულს ვხარჯავთ (თუმცა, ფული არ არის და თითქმის ყველა ჩვენგანი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია) ჩვენ მაინც მოვდივართ, იმიტომ რომ სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ეს ჩვენი სამუშაოა და მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვენი შრომა დააფასონ”, – ამბობს ის.

უსინათლო მუსიკოსებისთვის გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის განსაზღვრული შემწეობა, რომელიც მომღერლებს ელემენტარული საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლადაც კი არ ჰყოფნით. ნელი სარგსიანი 55000 დრამს ($115) იღებს და ამ თანხის დიდი ნაწილი წამლებში ეხარჯება.

“უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შშმ პირები ვართ და სიბერეს ვუახლოვდებით. ხელფასს მაინც უნდა გვიხდიდნენ, რათა შიმშილით არ დავიხოცოთ. სულიერ საკვებს კი ვიღებთ, მაგრამ მატერიალური სახსრები არ გაგვაჩნია. ღატაკებივით ვცხოვრობთ”, – ამბობს ის.

გუნდში 27 ადამიანი ირიცხება. კოლექტივში უსინათლოების გვერდით მხედველი შემსრულებლებიც მღერიან. მათ შორისაა გუნდის სოლისტი, ლიუდმილა პეტროსიანი. იგი ამბობს, რომ უსინათლოთა გუნდში მხედველი მომღერლებიც უნდა იყვნენ – იმისთვის, რათა უსინათლო შემსრულებლებს დაეხმარონ.

“უსინათლოებისთვის ერთადერთ პრობლემას სარეპეტიციო დარბაზამდე მოსვლა წარმოადგენს .ადრე გუნდს მანქანა ჰყავდა, რომელიც უსინათლო მომღერლებს ემსახურებოდა. ამჟამად კოლექტივს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება არ გააჩნია.  შემსრულებლები აუცილებლად ახლობლებმა უნდა  მოაცილონ. ეს ადამიანები მოდიან, დარბაზში სხდებიან და რეპეტიციის დასრულებას ელოდებიან ხოლმე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ საქმეში მძლავრი ენერგეტიკა იმალება. მუსიკა კვირაში ორჯერ მაინც უნდა იგრძნო… მუსიკოსისთვის (მ.შ. მომღერლისთვის) მუსიკა ერთგვარი დაავადება და სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებაა”, – ამბობს ლიუდმილა პეტროსიანი.

კარლენ ალექსანიანი კი თავის შეგირდებს აქებს:

“ყურადსაღებია ის, რომ თვალები ყურადღებას უფანტავს ადამიანს, ჩვენი მომღერლები კი საქმეზე არიან კონცენტრირებულნი. რასაც ვეუბნები, ყველაფერს უმალვე იმახსოვრებენ. მაღალი კვალიფიკაციის გუნდია”.

მომღერლები ნოსტალგიით იხსენებენ გუნდის საუკეთესო დღეებს, როდესაც  გასტროლებს მართავდნენ და როდესაც მათი საშემსრულებლო ხელოვნება მოთხოვნადი იყო. ჯერ კიდევ ახსოვთ მქუხარე აპლოდისმენტები, რომლებსაც პუბლიკისგან იღებდნენ.

სუსანა ბუნიათიანი კულტურის სამინისტროს ოქროს მედალს გვიჩვენებს. ეს ჯილდო გუნდმა მიმდინარე წელს მიიღო და წარმოგვიდგენს ერთგვარ ალბომსაც, რომლის გვერდებიც კოლექტივის ბიოგრაფიას ასახავს. ბოლოს კი ბუნიათიანი სხვადასხვა უწყების მისამართით გაგზავნილ და უპასუხოდ დარჩენილი წერილების დემონსტრირებას ახდენს.

“პრეზიდენტსაც კი მივმართე განცხადებით. ჩვენი გუნდისათვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მინიჭებას, ან რომელიმე უწყების დაქვემდებარებაში გადაყვანას ვითხოვდი. ეს წერილი  კულტურის სამინისტროში გავგზავნე, მათ კი მიპასუხეს, რომ  თუკი განაცხადს  წარმოვადგენდით, ჩვენს კონცერტებს დააფინანსებდნენ”, – ამბობს ბუნიათიანი.

კარლენ ალექსანიანი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ მუსიკოსების ერთგულება ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მისი გუნდი არ იშლება.

“ასეთია ფენომენია ხელოვნება – თუკი ამ სამყაროს  ხდები, ძალიან გიჭირს მისი დატოვება. ეს  ადამიანები სიმღერის, მუსიკისა და მშვენიერების გარეშე ვერ ძლებენ. ეს სამყარო მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 40 წელია, რაც ეს ხალხი ჩვენს გუნდში მღერის. ეს კი მთელი ცხოვრების ტოლფასია”, – ამბობს ალექსანიანი.


ასევე წაიკითხეთ