რას ელოდება საქართველო ახალი ამერიკისგან?" />

ტრამპი და საქართველო

რას ელოდება საქართველო ახალი ამერიკისგან?

“რუსეთი ინანებს ტრამპის მხარდაჭერას” 

დონალდ ტრამპის მოულოდნელმა გამარჯვებამ თავსატეხი გაუჩინა თბილისს – როგორი იქნება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა? ხომ არ შეცვლის ის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელიც აქამდე კავკასიის რეგიონში აშშ-ს მთავარი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი  იყო?

JAMnews-მა ქართველი ექსპერტების ყველაზე საინტერესო კომენტარები შეაგროვა:

ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში: “საწყის ეტაპზე, შესაძლოა, ვიხილოთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა, მაგრამ ეს ურთიერთობები, სავარაუდოდ, შეეჯახება იმ მთავარ ფასეულობით სხვაობას, რაც დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სამყაროს ერთმანეთისგან განასხვავებს.

შეგვიძლია მაგალითისთვის გავიხსენოთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკის ყველა პრეზიდენტი პირველ ეტაპზე ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. იქნებოდა ეს ჯორჯ ბუშისგან პუტინის თვალებში ჩახედვა, თუ ობამას გადატვირთვის პოლიტიკა. შემდეგ იცვლებოდა დამოკიდებულება, რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე.

უკვე მეოთხედი საუკუნეა, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა მზარდად ვითარდება. მიუხედავად ადმინისტრაციების ცვლილებისა, რომლებსაც სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქოდათ რუსეთთან, თუნდაც ერთი და იგივე ადმინისტრაციის სხვადასხვა ეტაპზე.

აშშ-ში პრეზიდენტი ძალიან ძლიერი ინსტიტუტია და გარკვეულწილად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების პრიორიტეტებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მასზე  და მისი გუნდის ხედვებზე.”

ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ნოდარ ხარშილაძე: მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა, მოხდეს რაიმე ცვლილებები, რადგან ტრამპს დასჭირდება დრო საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიის ფორმირებისთვის. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, ყველა სცენარით, ტრამპს ექნება უფრო აქტიური პოლიტიკა, ვიდრე ობამას ჰქონდა. თუ გადავხედავთ მის წინასაარჩევნო პროგრამას, ეს არის ტრადიციული, ზოგადად რესპუბლიკელებისთვის დამახასიათებელი პროგრამა, რომელის მთავარი ხაზი გადის თავდაცვაზე. ამდენად, საქართველოს და ზოგადად რეგიონის მიმართულებით უფრო სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებში თანამშრომლობის გააქტიურებას უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება რუსეთს – მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება გარკვეული განცხადებები, რომლებიც თითქოს პუტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დათბობაზე მიგვანიშნებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ინანებს რუსეთი ტრამპისადმი მხარდაჭერას. ტრამპი გახდება რუსეთისთვის ყველაზე ნეგატიური პრეზიდენტი, ვინც კი შეიძლებოდა დღეს ყოფილიყო. კლინტონი იყო პროგნოზირებადი, რომ ის იქნებოდა რაციონალურად მკაცრი, ტრამპი კი არაფერს არ დაუთმობს პუტინს და ტყუილად აქვს რუსეთს ილუზიები. მე მგონი, ვთანხმდებით, რომ ტრამპი დამთმობ ადამიანს ნამდვილად არ ჰგავს. ის არანაირად არ დათმობს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს. ის არის გამოცდილი ვაჭარი და პუტინზე არანაკლებ ძლიერი პიროვნება.

უნდა გავმიჯნოთ ტრამპის კამპანია ტრამპისგან. ის საკუთარ თავს კამპანიას უკეთებდა როგორც ანტი-ისტაბლიშმენტი. პუტინზე განცხადებებიც ამის ნაწილი იყო. რადგან კლინტონი და ობამა პუტინის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ, ტრამპი პუტინს აქებდა. ეს მისი როლის შემადგენელი იყო.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე: 
საქართველოსადმი ამერიკის ინტერესი გრძელვადიანია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 25 წლის განმავლობაში ყურადღება და დახმარება არც რესპუბლიკელებისგან მოგვკლებია და არც დემოკრატებისგან. რას და როგორ გამოვიყენებთ, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

არავინ იცის, როგორი პრეზიდენტი იქნება ტრამპი. ამ ადამიანს საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია. წინასაარჩევნო კამპანია და რეალური პოლიტიკური ნაბიჯები ხშირად ერთმანეთისაგან განსხვავდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში რამდენჯერმე შეძლო ფეხზე წამოდგომა და ბოლოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს. ტრამპის გამარჯვება იმის კიდევ ერთი გაკვეთილია, რომ თუ გინდა, ხალხმა აგირჩიოს, ხალხთან უნდა იყო, მისი პრობლემა უნდა გესმოდეს და მის ენაზე ლაპარაკობდე. დიახ, მის ენაზე, და არა ცოტა ინტელექტუალ-ყოვლისმცოდნე ზემოდან გადმოხედვით.

გია ხუხაშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი: ჩვეულებრივი, დავარცხნილი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი ასეთ რევოლუციურ შედეგს ვერ დადებდა. ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უწევდა გარკვეულწილად ექსცენტრულობა, რათა დემსხვრია სტერეოტიპები.

მთავარი არის ის, რომ სამყარო იცვლება მთლიანობაში, ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას და უარს ეუბნება გლობალისტურ პროექტს – სწორედ ეს არის ყველაზე დიდი რევოლუციური შემობრუნება, რაც მთლიანად ცვლის სამყაროს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები – არ მგონია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა და დამოკიდებულება შეიცვალოს, თუმცა ეს უფრო მეტად დამოკიდებულია ჩვენზე, ვიდრე შეერთებულ შტატებზე. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად საჭირო ვიქნებით მათთვის, რომ ჩვენთან გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობა.

ტრამპი საქართველოში

“საქართველო პატარა სასწაულია. ის დღეს ერთ-ერთი საოცარი ადგილია მსოფლიოში,” – ეს სიტყვები აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2012 წელს, საქართველოში სტუმრობის დროს წარმოთქვა.

ამერიკელი მილიარდერი და უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი საქართველოში 2012 წლის აპრილში, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა და ბათუმში “ტრამპთაუერის” პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

“ტრამპთაუერის” პროექტი არ შედგა, თუმცა ეს ვიზიტი მაინც ისტორიული გამოდგა:

 

საქართველოში ვიზიტისას ტრამპმა თბილისი დაათვალიერა, პრეზიდენტის სასახლე მოინახულა, ბათუმში ჩავიდა და სააკაშვილისგან ბრწყინვალების ორდენიც კი მიიღო. გუშინ სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ კიდეც, რომ პირველად ისტორიაში ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ქართული ორდენი აქვს.

ამიტომაც, არავის არ გაკვირვებია ის, რომ ხმები ჯერ ყველა შტატში ბოლომდე დათვლილი არც კი იყო, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  თავის ფეისბუკ-გვერდზე მთავარ ფოტოდ ტრამპთან გადაღებული სურათი დაიყენა. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს უკრაინულ ენაზე:

“მას 20 წელზე მეტია ვიცნობ, ჩვენ ვმეგობრობთ. მე ეს ვიწინასწარმეტყველე. ის ძლიერი პიროვნებაა, არაპროგნოზირებადი პოლიტიკით. უნდა ვიყოთ ფრთხილები და ორგანიზებულები, ვიდრე ოდესმე”.

Trump - Saakashvili

სააკაშვილის თქმით, “ტრამპი დეტალებზე ორიენტირებული ადამიანია, რომელსაც ყველა წვრილმანი აინტერესებს”.

“ბათუმში რომ იყო, დაინტერესდა პალმების განათებით. ყველაფერი დაწვრილებით გამოიკითხა, მოითხოვა ფირმის დასახელება, პარამეტრები და ზუსტად იგივე გააკეთა ფლორიდაში…” – იხსენებდა სააკაშვილი გუშინ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“რამდენიმე თვის წინ, მე დავწერე ჩემს წიგნში, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გაიმარჯვებდა ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპი არის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი, რომლის ინტელექტს სათანადოდ არ აფასებენ,” – აღნიშნა მან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ