პრეპარატი „არმენიკუმი“ 20 წლის წინ წარუდგინეს მსოფლიოს როგორც ამ დაავადებების მკურნალობის სენსაციური საშუალება" />

სომხეთში შესაძლოა დაიხუროს საავადმყოფო, სადაც შიდსისა და აივ ინფექციის დიაგნოზიანი პაციენტები მკურნალობენ

პრეპარატი „არმენიკუმი“ 20 წლის წინ წარუდგინეს მსოფლიოს როგორც ამ დაავადებების მკურნალობის სენსაციური საშუალება

კითხვის ნიშნის ქვეშაა სომხური პრეპარატის „არმენიკუმის“ ბედი, რომლის გამოჩენა სენსაციად იქცა და ფარმაცევტულ სამყაროში რევოლუციის მოხდენის იმედს იძლეოდა. კლინიკური ცენტრი „არმენიკუმი“ კი, სადაც ამ პრეპერატს იყენებდნენ, შესაძლოა, დაიხუროს. ეს  საკითხი სომხეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი საბჭოს სოციალური საკითხების კომისიაზე განიხილეს. როგორც მოსალოდნელია, 2018 წელს სახელმწიფო ცენტრ „არმენიკუმის“ დაფინანსებას შეწყვეტს.

1998 წელს შექმნილი პრეპარატი „არმენიკუმი“ წარმოდგენილი იყო როგორც შიდსის/აივ ინფექციის სამკურნალო საშუალება, თუმცა მისი ეფექტურობა საკამათოა.

არსებობს „არმენიკუმის“ რამდენიმე ნაირსახეობა: ტაბლეტები, საინექციო ხსნარები და მალამო. ყველა მათგანი სომხეთის აფთიაქებში იყიდება, მაგრამ რადგანაც ამ პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით ოფიციალური მკაფიო პოზიცია არ არსებობს, მას არცთუ ხშირად ნიშნავენ და იყენებენ.

ცენტრ „არმენიკუმის“ კლინიკური მომსახურების ხელმძღვანელის, ვიოლეტა სარგსიანის თქმით, ამ საშუალების ეფექტურობა აღინიშნა არამხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში აივ ინფექციის მატარებელი პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებითა და დაავადების სიმპტომების შერბილებით, არამედ მთელი რიგი იმ დაავადებების მკურნალობისას, რომლებსაც იმუნური პრობლემები ახლავს.

მან აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის დადებითი გავლენა თვალსაჩინოა სისტემური წითელი მგლურას, ვირუსული С ჰეპატიტის, სხივური თერაპიის შემდეგ დამწვრობებისა და ნაწოლების მკურნალობის დროს. ცენტრ „არმენიკუმის“ გენერალური დირექტორის ლევონ გევორგიანის თქმით კი, ამ პრეპარატის წყალობით, შესაძლებელი გახდა Н1N1 ვირუსით (ღორის გრიპით) დაავადებული პაციენტების გადარჩენა.

ვიოლეტა სარგსიანმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „არმენიკუმზე“ დამყარებული იმედები გამართლდა და კლინიკური ცდების შედეგების საფუძველზე, პრეპარატი აივ ინფექციის/შიდსის დიაგნოზიანი ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენებოდა:

„მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური ცდების ჩატარება, მით უმეტეს ისეთის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო, სომხეთში, რომელიც არც ისე განვითარებული ქვეყანაა, დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა და სერიოზულ დანახარჯებს მოითხოვდა, ამ ცდების ჩატარება მაინც მოხერხდა და პრეპარატი დარეგისტრირდა.

სომხეთში დარეგისტრირების შემდეგ კლინიკური ცდები რიგ სხვა ქვეყანაშიც ჩატარდა, კერძოდ რუსეთში. დამოუკიდებელი ცდების ჩატრების შემდეგ ასევე დადასტურდა აივ ინფექციის სამკურნალოდ ამ პრეპარატის ეფექტურობა და ეს წამალი  რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და რიგ სხვა ქვეყანაშიც დარეგისტრირდა“.

მათთვის, ვისაც პრეპარატის ეფექტურობისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, კლინიკური ცენტრის ხელმძღვანელობა განმარტავს: არსებობს დაავადებები, რომელთაც ცნებები „მკურნალობა“ და „გამოჯანმრთელება“ არ მიესადაგება. აივ ინფექცია მათ რიცხვს მიეკუთვნება, მაგრამ თუკი აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანს იმუნიტეტის მაჩვენებლები გაუუმჯობესდება, მისი სიცოცხლის ხარისხი უმჯობესდება და თანმხლები დაავადებები მოურჩება – ეს უკვე მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ.

სომხეთის მედია დროდადრო აქვეყნებს არაოფიციალურ ცნობებსა და კომენტარებს იმის თაობაზე, რომ „არმენიკუმის“ მსოფლიოში გავრცელებას ფარმაცევტული მაფია ებრძვის.


ასევე წაიკითხეთ