ვინც სამუშაოს ვერ შოულობს, სამუშაოდ დროებით გამგზავრებას ან სამუდამო ემიგრაციას ამჯობინებს" />

სომხეთში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ არა გაზრდილი სამუშაო ადგილების გამო

ვინც სამუშაოს ვერ შოულობს, სამუშაოდ დროებით გამგზავრებას ან სამუდამო ემიგრაციას ამჯობინებს

სომხეთში უმუშევრობის დონემ იკლო. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში უმუშევართა რიცხვი 67 ათასით შემცირდა.

ოფიციალური პირები ამ ცვლილებებს დადებით დინამიკად განიხილავენ, ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ უმუშევართა რიცხვმა სხვადასხვა გარემოებათა გამო იკლო, და მათ შორის ყველა დამაიმედებელი როდია.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის შეფასების, მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა ასმიკ ტადევოსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში უმუშევართა რიცხვი შემცირდა, რადგან ადამიანები სამშობლოში სამუშაოს ძებნის ნაცვლად, ემიგრაციაში წასვლას ამჯობინებენ.

ხოლო ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა ბაბკენ ტუნიანმა თავის სტატიაში დაწერა: სომხეთში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 67 ათასით გაიზარდა, თუმცა არსებობს რიცხვების შეუსაბამობა, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, რომ უმუშევრობის დონის შემცირებით „მთელი გულით“ გავიხაროთ.

„თავს, ერთი შეხედვით, უბრალო შეკითხვა უნდა დავუსვათ: „თუკი დასაქმებული ადამიანების რიცხვმა 67 ათასით მოიმატა, მაშინ რამდენით უნდა შემცირებულიყო უმუშევართა რაოდენობა?“ ალბათ ფიქრობთ, რომ იმდენივე, ან დაახლოებით იმდენივე ადამიანით? ჩვენც ასე გვეგონა, თუმცა სტატისტიკა სხვას ამბობს… უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ 2500 ადამიანით შემცირდა. ასეთ შემთხვევაში, ვინ დაიკავა ის დარჩენილი  64,5 ათასი სამუშაო ადგილი?“ – სვამს რიტორიკულ შეკითხვას ბაბკენ ტუნიანი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სომხეთში უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი გარკვეულ სფეროებში სპეციალიტების სიჭარბეა. თუმცა სააგენტოს „სამუშაო ყველას“ დირექტორი ანაიტ კიზოგიანი ამბობს, რომ გამოცდილების მქონე და დამსაქმებელთა მოთხოვნის შესაფერისი სპეციალისტი ძალიან ცოტაა.

„ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს უშვებენ, თუმცა ხარისხს არ უზრუნველყოფენ: ისინი შრომის ბაზრისთვის შეუსაბამო კადრებს ამზადებენ, ახალგაზრდები კი ხშირად ზარმაცობენ და საკუთარ თავზე დამოუკიდებლად არ მუშაობენ. როდესაც სამი წლის უმაღლესდამთავრებული ადამიანი გასაუბრებაზე გადის, მას იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ დამსაქმებელი მას გამოცდილების შესახებ კითხვას არ დაუსვამს. არასწორია მუდამ იმის თქმა, რომ დამსაქმებელი ჩასაფრებულია“, – თქვა მან.

სომხეთში უმუშევართა უმრავლესობას ქალები შედაგენენ. დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქალები ქვეყნის უმუშევარი მოსახლეობის 66,7% შეადგენენ, ანუ 46 800 ადამიანს.

დასაქმების სამსახურის სააგენტოს თანამშრომლის. ასმიკ ტადევოსიანის თქმით, სომხეთში უმუშევარი ქალი ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მამაკაცი. მას ასევე მიაჩნია, რომ მამაკაცები სამუშაოს მეგობრებისა და ნაცნობების საშუალებით დამოუკიდებლად ეძებენ, წარუმატებლობის შემთხვევაში კი საზღვარგარეთ მიემგზავრებიან:

„საიდუმლო არ არის, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მამაკაცები ქალებზე ხშირად მიემგზავრებიან. ბოლო წლების განმავლობაში კი ეს რიცხვი მხოლოდ იზრდება“.


ასევე წაიკითხეთ