სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის კონტრაქტორი დაიკარგა

საზოგადოებაში შეშფოთებით იხსენებენ 2015 წელს მომხდარ სისხლიან ისტორიას, როდესაც გაუჩინარებულმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ გიუმრიში მთელი ოჯახი ამოხოცა.

სომხეთში, მესამე დღეა, გრძელდება სამხედრო მოსამსახურის ძებნა, რომელიც გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდან გაქრა.

35 წლის დმიტრი ლოშმანოვი სამხედრო ნაწილიდან საყიდლებზე 16 აპრილს, დილის 9:30 გავიდა, და აღარ დაბრუნებულა.

თუმცა, მისი გაუჩინარების შესახებ განცხადება პოლიციაში მხოლოდ ორი დღის შემდეგ – გუშინ, 18 აპრილს შევიდა.

იუწყებიან, რომ ლოშმანოვს ნაცრისფერი სპორტული ფორმა, შავი ქურთუკი და სპორტული ფეხსამელი ეცვა.

პოლიტოლოგი გაგიკ ამბარიანი საინფორმაციო-ანალიტიკური ვებ-გვერდი Lragir.am-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „უშედეგოა გიუმრის რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის მხრიდან მოქალაქეების დაწყნარების ყველანაირი მცდელობა, რომ გაუჩინარებული ჯარისკაცი შეუიარაღებელია; ქალაქელები მაინც შეშფოთებულები არიან, მით უმეტეს, არსებობს ცნობა, რომ ჯარისკაცი მაინც შეიარაღებულია“.

„გუშინ ქალაქის ქუჩებში ვნახე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი, რომლებიც ლოშმანოვის ფოტოთი დადიოდნენ იმ ობიექტებზე, სადაც ხშირად დადიან რუსი სამხედრო მოსამსახურეები. მაგრამ იმან, რომ პატარა ქალაქ გიუმრიში შეიძლება სამხედრო მოსამსახურე ისე დაიკარგოს, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და ვერ პოულობდნენ, შეუძლებელია შეშფოთება არ გამოიწვიოს“ , -ამბობს ამბარიანი.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალთა სამხრეთის სამხედრო ოლქის102-ე სამხედრო ბაზა გიუმრიში 1994 წლიდან არის დისლოცირებული. ბაზის რიცხობრივი შემადგენლობა – დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურეა. სომხეთში რუსეთი სამხედრო ბაზის ამოცანაა რუსეთის სამხრეთის ფლანგის დაცვა, და სომხეთის, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რუს სამხედრო მოსამსახურეებს არაერთხელ დაუტოვებიათ სამხედრო ბაზა, ძირითადად – იარაღით ხელში.

1999 წლის 14 აპრილს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, ავტომატებით შეიარაღებული ორი რუსი მესაზღვრე გიუმრის ბაზრობაზე მივიდა და უმისამართო სროლა ატეხა. ამის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, და კიდევ ცხრა – დაიჭრა.

2015 წლის 12 იანვარს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან გაიქცა შეიარაღებული ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელიც გიუმრიში ავეტისიანების ოჯახში შევარდა და ოჯახის 6 წევრი გასროლით დახოცა; 6 თვის ახალშობილი კი პერმიაკოვმა შუბისპირიანი დანით მოკლა.

რამდენიმე ხნის წინათ JAMnews-მა გამოაქვეყნა სომხეთში მომხდარი იმ დანაშაულებისა და შემთხვევების მიმოხილვა, რომლებიც გიუმრიში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას უკავშირდება.

როგორ ანადგურებდა რუსული ბაზა ადგილობრივ მოსახლეობას


ასევე წაიკითხეთ