დამწვარი სახლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ " />

ფოტოისტორია ადამიანებზე, რომლებსაც სახლი დაეწვათ და 26 დღეა სომხეთში კარვებში ცხოვრობენ

დამწვარი სახლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ

ქალაქ არმავირში დამწვარი სახლის მაცხოვრებელი 11 ოჯახი, უკვე 26 დღეა, უსახლკაროდ არის დარჩენილი.  

დამწვარი შენობის 23 მცხოვრები ჯერჯერობით ორ კარავში განათავსეს და ისინი ელემენტარულ ყოფით პირობებს არიან მოკლებულნი.

22 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 სილიკიანის ქუჩის 9 ნომერ სახლში გაურკვეველ გარემოებაში ხანძარი გაჩნდა – შენობა მთლიანად დაიწვა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

ორსართულიანი სახლის საერთო ფართობი – დაახლოებით 400 კვადრატული მეტრია. ხანძრის დროს აფეთქებაც მოხდა და შენობა დაინგრა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლების წინასარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გახდა ბინებში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონები.

დამწვარი შენობის  მაცხოვრებლებმა პირველი ორი ღამე ქუჩებში, კარვების გარეშე გაათენა.

ხანძრის მეორე დღეს არმავირის მერიამ, უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 11 დაზარალებული ოჯახის თითოეულ წევრს 60 ათასი დრამი (დაახლოებით 125 დოლარი) დაურიგა. წითელმა ჯვარმა მათ ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები გადასცა.   

ხელისუფლებამ დაზარალებული ოჯახებისთვის დროებითი საცხოვრებლის დაქირავება გადაწყვიტა.

თუმცა, ისინი ამ წინადადებას არ თანხმდებიან და მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

ამ პრობლემით დაკავებულია არმავირის საოლქო ადმინისტრაცია. საოლქო ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელის, ფარანძემ კარაპეტიანის თქმით, წინასწარი შეთანხმების თანახმად, 10 ოჯახი 4 თვით დროებით ბინებში უნდა შესახლდეს. ერთ ოჯახს კი დროებითი სახლის დასადგამად მერია მიწის ნაკვეთს გამოუყოფს.

10 დაქირავებულ ბინის პატრონებთან დაიდება სამმხრივი შეთანხმებები, სადაც ბინების ქირის თანხის გადახდის გარანტად მერია გამოვა.

დამწვარი სახლის ბინები 11 დაზარალებული ოჯახის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ისინი ამ სახლში 25 წელიწადს ცხოვრობდნენ, ამ მისამართზე იყვნენ ჩაწერილები, თუმცა შენობას კერძო მფლობელი ჰყავდა.

არმავირის მერს რუბენ ხლგატიანს უჭირს პასუხის გაცემა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას  დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მასზე საკუთრების უფლებით. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, რადგან ქალაქის ბიუჯეტი ამგვარი პრობლემის გადაჭრას ვერ გაწვდება.

ხანძრის მიზეზი ჯერაც გაურკვეველია, მიმდინარეობს გამოძიება.


ასევე წაიკითხეთ