სამხედროების ოჯახებს კომპენსაციებს სომხეთის მოქალაქეების ხელფასებიდან გადაუხდიან" />

სომხეთის სამხედრო სადაზღვევო ფონდი უფრო მეტ დაზარალებულს მოემსახურება

სამხედროების ოჯახებს კომპენსაციებს სომხეთის მოქალაქეების ხელფასებიდან გადაუხდიან

სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სადაზღვევო ფონდი თავის საქმიანობას აფართოებს. ამ წლის 1 აპრილიდან 2008-2014 წლებში დაღუპული ან დაინვალიდებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ანაზღაურებას მიიღებენ. აქამდე ფონდი კომპენსაციას 2015-დან 2016  წლამდე პერიოდში დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს ეხმარებოდა.

სომხეთში სამხედრო მოსამსახურეთა სადაზღვევო ფონდი ამოქმედდა

გადაწყვეტილების დეტალები

ფონდის საბჭოს სხდომის დროს ერთსულოვნად გადაწყდა, რომ 1 აპრილიდან იმ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც 2008-2014 წლებში დაიღუპნენ ან დაინვალიდნენ, კომპენსაცია გადაუხადონ. ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ფონდისგან დახმარებას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს, ვიდრე ეს ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა.

მომავალი წლიდან დახმარების ფონდის კიდევ უფრო მეტად გაფართოება, და კომპენსაციების ისეთ შემთხვევებში გაცემა იგეგმება, რომლებიც კიდევ უფრო დიდი ხნის წინანდელია – 2008 წლამდე მომხდარი.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვარუჟან ავეტიკიანმა აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში ფონდის მიერ შეგროვილმა თანხამ 14 მილიარდ დრამს ($28 მილიონი)გადააჭარბა, ხოლო ფონდის მოქმედების განმავლობაში მის მიერ გაცემული საერთო თანხა უკვე 941 მილიონ დრამს ($1,9 მილიონი) შეადგენს.

ფონდის შესახებ

სამხედრო მოსამსახურეთა სადაზღვევო ფონდი ჯერ კიდევ სომხეთის ყოფილი მთავრობის დროს ამოქმედდა – 2017 წლიდან. იდეის ავტორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიგენ სრგსიანი იყო. ფონდის შექმნა სომხეთის არმიის 25 წლისთავს მიეძღვნა. მისი მიზანია დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა.

„სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის დროს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისშესახებ“ კანონის ძალაში შესვლისთანავე, 2017 წლის 9 იანვარს, სომხეთის ყველა მაცხოვრებლის ხელფასებიდან ყოველთვიურად 1000 დრამი (დაახლოებით ორი დოლარი) ირიცხება. ფონდი ასევე  უფრო მსხვილი კერძო შემოწირულობებითაც ივსება.

შედეგად, დაღუპულთა ოჯახებს, ასევე პირველი ჯგუფის ინვალიდობის მქონე სამხედრო მოსამსახურეებს 10 მილიონი დრამის (დაახლოებით 21 ათასი დოლარი)ოდენობის თანხა ერიცხებათ; მეორე ჯგუფის ინვალიდებს კი – ხუთი მილიონი დრამი (10 ათას დოლარზე ოდნავ მეტი).

თავის დროზე ფონდის შექმნამ საზოგადოებაში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია. სომხეთის მაცხოვრებლები ქვეყნის საზღვრების დამცველი ახალგაზრდების მიმართ ყოველთვის ძალიან თბილად იყვნენ განწყობილები. ნეგატიური განწყობის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყნის მაცხოვრებლები ყოფილ ხელისუფლებას და შეგროვილი თანხის გამოყენების გამჭვირვალობას არ ენდობოდნენ.

ახლანდელი ხელისუფლების მიდგომა

იმის შესახებ, რომ სადაზღვევო ფონდისგან დახმარებას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირველად 2018 წელს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებთან შეხვედრისას განაცხადა.

მაშინ პრემიერმა თქვა, რომ უახლოეს წლებში, ფონდის შესაძლებლობების გათვალისწინებით, იმ დროის ზღვარი, რომელიც დახმარების გაცემას გულისხმობს, გაიზრდება, და ფინანსურ დახმარებას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს.

 „პრობლემა მხოლოდ შემწეობის დანიშვნა არ არის, პრობლემაა ამ ფულის დროულად გადახდაც. ჩვენ არ შეგვიძლია დაგპირდეთ, და შემდეგ ეს დანაპირები ვერ შევასრულოთ – და ამით ამ ადამიანებს შეურაცხყოფა მივაყენოთ“, –  თქვა პრემიერმა.

ნახევარი წლის შემდეგ, 22 მარტს, ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგი ჩანაწერი გააკეთა:

 „ფონდი 2019 წლის 1 აპრილიდან  1000 დრამის ოდენობის კომპენსაციის  გადახდას  იწყებს იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც 1-ლი და მე-2 ჯგუფის ინვალიდობა აქვთ მიღებული, ასევე –  2008 წლის იანვრის ჩათვლით სამხედრო მორიგეობის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნუგეშია“.


ასევე წაიკითხეთ