ისტორიები ცხოველთა დამცველების შესახებ, რომლებიც აფხაზეთში უსახლკარო ძაღლების დახოცვის წინააღმდეგ იბრძვიან " />

შემზარავი ისტორიები აფხაზეთიდან უსახლკარო ძაღლების შესახებ

ისტორიები ცხოველთა დამცველების შესახებ, რომლებიც აფხაზეთში უსახლკარო ძაღლების დახოცვის წინააღმდეგ იბრძვიან

ეს პრობლემა ორი ასპექტისგან შედგება.

პირველი – აფხაზეთში, ქუჩებში, ასობით თუ არა, შეიძლება ათასობით უსახლკარო ძაღლია. ისინი ხროვებად იკრიბებიან და ყველასთვის სახიფათოები არიან – ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც. ადამიანებზე თავდასხმის უამრავი შემთხვევაა.

მეორე პრობლემა – ეს ისაა, რომ ადამიანები პრობლემის გადაწყვეტას ხედავენ არა იმაში, რომ უნდა შეიქმნას თავშესაფრები, უმკურნალონ და სტერილიზაცია გაუკეთონ ძაღლებს. არამედ, ადამიანების უმრავლესობა პრობლემის გადაწყვეტის გზას ძაღლების დახოცვაში ხედავს.

გადარჩენილი ძაღლი, რომელიც ახლახან მიუყვანეს ახალ მეპატრონეებს (მფლობელის ფოტო)

პრობლემა

მხოლოდ სოხუმის ბაზარში, ყოველდღიურად, მინიმუმ სამი ყუთი მოაქვთ, რომელიც პატარა ლეკვებითაა სავსე და იქვე ტოვებენ. ამ ლეკვების ცხოვრება ხანმოკლეა. ისინი ან შიმშილისა და ავადმყოფობისგან იღუპებიან, ანდაც, მანქანების საბურავებისგან.

„ჩვენ გვეცოდება ეს უბედურები, ვაჭმევთ მათ, მაგრამ შემდეგ ისინი სადღაც ქრებიან, სავარაუდოდ, იღუპებიან. მათ ადგილას კი ახალი ლეკვები ჩნდებიან. ეს ასეთი ფატალური წრეა“, – ამბობს ბაზარში ხილის გამყიდველი ლარისა ცკუა.

 როგორ ცხოვრობენ შინაური და უპატრონო მაწანწალა ძაღლები ბაქოში? JAMnews-ის რეპორტაჟი

იმ ძროხის შესახებ, რომელიც არც რძეა, და არც ხორცი

აფხაზეთში შინაურ ცხოველებთან მოქცევის ტრადიცია ტრაგიკულია. ქუჩაში ყრიან არა მხოლოდ ლეკვებს. იქვე აღმოჩნდებიან ხოლმე დიდი ძაღლები, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ ოჯახთან ერთად, მაგრამ რაღაც მიზეზით აღარ მოეწონათ მეპატრონეებს. ბოლოს მოგიყვებით ორ ასეთ ისტორიას – ორივეს ბედნიერი დასასრული აქვს. მაგრამ ბედნიერი ისეთი იშვიათობაა, რომ მნიშვნელოვანია, სხვა რამეზე ვისაუბროთ.

„ტოპა“ და საიდა

აფხაზეთში ძაღლების ერთადერთი თავშესაფარი არსებობს – „ტოპა“. ის ქალაქ გაგრაშია გახსნილი. იქ 90 დიდი ძაღლი და 27 ლეკვი ცხოვრობს.

თითოეული მათგანი ქუჩიდან ავადმყოფი აიყვანეს. ზოგიერთს მანქანამ დაარტყა, ზოგი კი ნაგვის ყუთთან დააგდეს დაბადებისთანავე. არიან ისეთებიც, რომლებსაც დასცინოდნენ ან აწამებდნენ. ასეთი სისასტიკის მაგალითები, სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდზე მოჰყავს გუდაუთელ ცხოველთა დამცველ მაკა ფილიას.

თავშესაფარში მყოფ 117-ვე ძაღლს მკურნალობა სჭირდება, მაგრამ როგორც თავშესაფრის დამაარსებელი, საიდა ოტირბა ამბობს, მთავარია, რომ დახვრეტისგან მათი გადარჩენა მოხერხდა.

თვითონ „ტოპას“ ისტორია 2016 წელს იმით დაიწყო, რომ საიდას ძაღლი მოკლეს.

„ქუჩებში სეზონური „წმენდა“ მიმდინარეობდა, ჩემი ბაგირა მოწამლეს. ჩვენთან ხომ არავინ უყურებს, აქვს თუ არა ძაღლს ყელსაბამი. ერთი ძაღლის დახვრეტისთვის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს 500 რუბლს (დაახლოებით 8 დოლარს) უხდიან. და, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ამით არიან დაკავებული, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მოკლან, რათა ბევრი გამოიმუშაონ“, – ამბობს საიდა.

საიდა ოტირბა აფხაზი და რუსი მოხალისეების ფინანსური მხარდაჭერით ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდა თავშესაფარს.

ის 2018 წლის თებერვალში გაიხსნა. აი,  „ტოპას“ ინსტაგრამის გვერდი და ძაღლების ისტორიები. გახსნის მომენტიდან თავშესაფარი ფუნქციონირებს საიდა ოტირბას პირადი სახსრებითა და, ასევე, ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანების ფინანსებით.

ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით, 200 ძაღლს უმკურნალეს, გამოკვებეს და სტერილიზაცია ჩაუტარეს. მაგრამ თითოეულ უსახლკარო ძაღლზე ზრუნვა ცხოველთა მცირერიცხოვან დამცველებს არ შეუძლიათ.

მაკა ფილიასა და სხვა ცხოველთა დამცველების ინიციატივით, გუდაუთასა და ტყვარჩელში ძაღლებისა და კატების სტერილიზაციის აქციები იმართება – როგორც ქუჩის, ისე სახლის. მოხალისეები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ სტერილიზაციაა ერთადერთი ჰუმანური მექანიზმი აფხაზეთში უპატრონო ცხოველების პოპულაციის შესამცირებლად.

„სტერილიზაციისა და კასტრაციის შემდეგ ცხოველებს აღარ შეუძლიათ შთამომავლობის ყოლა, ეს კი ნიშნავს, რომ აფხაზეთის ქუჩებში უფრო ნაკლები უპატრონო ძაღლი და კატა იქნება“, ამბობს მაკა ფილია. „უფრო მეტიც, ოპერაციის შემდეგ ცხოველი უფრო დამყოლი ხდება. სტერილიზაცია – ეს არის ცხოველთა მრავალი დაავადებისგან დაცვა“.

ფოტო თავშესაფარ „ტოპას“ ინსტაგრამის გვერდიდან

რა შეიძლება გაკეთდეს

სამი წელია, საიდა ოტირბა ხელისუფლების დახმარებას ითხოვს, მაგრამ ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ – ეს არის უსახლკარო ცხოველების დახვრეტა. ამით აფხაზეთში დაკავებულია სტრუქტურა, რომლის სახელწოდებაცაა „სპეცავტომეურნეობა“. ცნობილია, რომ მხოლოდ სოხუმში ცხოველების დახვრეტისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაახლოებით 800 ათასი რუბლი (დაახლოებით, 13 ათასი დოლარი).

„მე ხელისუფლებას ვთხოვ, რომ ეს ფული ჩვენ მოგვცეს – ამ შემთხვევაში მოვახერხებთ, რომ ქუჩები აგრესიული უსახლკარო ძაღლებისგან დაცული გავხადოთ, მკვეთრად შევამცირებთ მათ რიცხვს და, ამასთან, არავინ მოკვდება“, – ამბობს საიდა.

მაგრამ ჯერჯერობით არავინ განიხილავს რესურსების ხარჯვის ასეთ ვარიანტს. საზოგადოებაშიც, ადამიანების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძაღლების ხოცვის შეწყვეტას და ცხოველთა უფლებების დამცველთათვის პრობლემის გადაწყვეტის მინდობას. ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ძაღლების ხროვის ადამიანებზე თავდასხმის, განსაკუთრებით, ბავშვებზე და ბევრი მზად არის, მხარი დაუჭიროს სტაბილურობის სასტიკი მეთოდებით მიღწევას.

ჯერჯერობით ერთადერთი, ვინ რამენაირი რეაგირება მაინც მოახდინა ცხოველთა დამცველების თხოვნაზე, ახლა უკვე გაგრის რაიონის ყოფილი თავკაცი, ზაურ ბგანბაა. მან აფხაზეთის პირველი „ოფიციალური“ ძაღლების თავშესაფრის მოსაწყობად მიწის ნაკვეთი გამოყო სოფელ სალმაში.

2018 წლის აგვისტოში, ჯერჯერობით ერთადერთი „ჰუმანური“ განკარგულება გამოსცა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა, გენადი გაგულიამ. მან ყველა ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს დაავალა, „უზრუნველყონ უპატრონო ძაღლების დაჭერა, სტერილიზაცია და დროებით თავშესაფრებში მოთავსება“. განკარგულების თანახმად, ოპერაციის შემდეგ ცხოველები ქუჩაში უნდა გაეშვათ (საბუთის ასლი JAMnews-ის რედაქციას აქვს).

ცხოველთა დამცველებმა მაშინ ამოისუნთქეს, იფიქრეს, რომ უკუათვლა დაიწყო და უსახლკარო ცხოველების წამება დასრულდებოდა. თუმცა, 2018 წლის 8 ოქტომბერს გენადი გაგულია ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მისი განკარგულება კი არცერთი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არ შეასრულა.

ორი ისტორია კეთილი დასასრულით

ამ ფოტოსურათზე ჩვენგან ახლოს ჩანს ვიჟლას ჯიშის ძუ ძაღლი და ასევე ძუ, ღიაყავისფერი კურცჰაარი. ორი ახალგაზრდა ჯიშიანი ძაღლი ქუჩაში გამოაგდეს. ისინი უკვე შიმშილისა და ჭრილობებისგან იხოცებოდნენ, როდესაც საიდა ოტირბამ დაინახა.

მას არ შეეძლო მათი თავშესაფარში წაყვანა, რადგან თავისუფალი ადგილები არ ჰქონდა, მაგრამ დაიწყო საჭმლის მიტანა იქ, სადაც ისინი იმალებოდნენ – ძირითადად, ზღვასთან. ამასთან ერთად, საიდამ სოციალურ ქსელებში ძაღლების გადარჩენის თხოვნით მათი ფოტოსურათების გამოქვეყნება დაიწყო.

და მეპატრონეებიც გამოჩნდნენ. ორივე ძაღლი მოსკოვში გაემგზავრა და ახლა მათ მოსიყვარულე ოჯახები ჰყავთ. რამდენიმე თვე გავიდა და ისინი ახლა ასე გამოიყურებიან:

ეს მარტინაა (მფლობელის ფოტო)

ეს კი – ფანია

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ