იმ ძროხის შესახებ, რომელიც არც რძეა, და არც ხორცი" />

როდის ტირის ძროხა ტერეზა

იმ ძროხის შესახებ, რომელიც არც რძეა, და არც ხორცი

ანასტასია ლოგვინენკოს ნახატი

ათი წლის წინათ ჩვენს ოჯახში წითური ხბო გაჩნდა, სახელად ტერეზა. მოგვიანებით მოგიყვებით , თუ როგორ გახდა ის ჩვენი ოჯახის წევრი; ტერეზა კი იმიტომ ერქვა, რომ ცხოველებისთვის ადამიანების სახელების დარქმევა ბებიას უყვარდა.

თავიდან ტერეზას რამდენიმე და-ძმა ჰყავდა, მაგრამ როდესაც გაიზარდა, მარტო დარჩა.
ამას დადებითი მხარეც ჰქონდა და უარყოფითიც.

კარგი, პირველ რიგში, ის იყო, რომ ტერეზა ყურადღების ცენტრში მოექცა.

და მეორეც, საქონლის საკვების რაოდენობაც შემცირდა და ამიტომ კაცები ბალახის ჩამოსატანად მთაში აღარ ადიოდნენ. ჩვენს ოჯახში საქონლის სულადობის მატებასაც და შემცირებასაც მოთიბული ბალახით ითვლიდნენ, მე კი – ჩვენი ოჯახის მამაკაცების მიერ საძოვრებზე გატარებული დღეებით.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მდგომარეობა პაპას სულ არ მოსწონდა. მისი აზრით, ვისაც მხოლოდ ერთი ძროხა ჰყავდა და საძოვარზე არ გადიოდა, ქალაქელივით იქცეოდა.

                                                    როგორ ყიდდნენ ტერეზას

ტერეზა ჯიშიანი ძროხა იყო და რამდენიმე წლის წინათ მისი გაყიდვა შემოგვთავაზეს. პაპა დათანხმდა. რამდენიმე დღის შემდეგ მყიდველები მოვიდნენ, ტერეზას რქებზე ბაწარი გამოაბეს და ბოსლიდან გამოსვლა აიძულეს.

ძროხა სატვირთოს ძარაზე არ ადიოდა. ადგილიდან არ იძვროდა – თითქოს, მიწას მიაჭედესო. მყიდველებმა ძროხას ცემა დაუწყეს. პაპამ ვერ გაუძლო ამას და ტერეზას მიუახლოვდა – შეეცადა, დაეყოლიებინა.

იმ მომენტში სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ტერეზას მალე წაიყვანდნენ. იმაზე ვფიქრობდი, იცოდნენ თუ არა ახალმა პატრონებმა, რამდენი ბალახი სჭირდებოდა ტერეზას, ან ის თუ იცოდნენ, რომ ამ ძროხას პატრონმა აუცილებლად უნდა მისცეს ცომი. ყველაზე მეტად კი ის მაღელვებდა – ვემახსოვრებოდი თუ არა ტერეზას, და თუ ვემახსოვრებოდი – როგორ?

უცებ პაპამ გადაიფიქრა და ტერეზა უკან, ბოსელში წაიყვანა, რომელიც საბელის გარეშე მიდიოდა და თანაც არავინ მიერეკებოდა. სიხარულით მივირბინე მასთან და სახეზე მივეფერე. ვიგრძენი, რომ სახე სველი ჰქონდა.

იმ მომენტში ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ საღამოს, როდესაც მომხდარს ერთად განვიხილავდით, პაპამ ღიმილით აღნიშნა: ვიცოდი, რომ მასთან განშორება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც ვცდილობდი, მანქანაში შემერეკა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერეზას გასაყიდი ფასი საკმაოდ მაღალი იყო, აღარ შემეძლო, სხვებისთვის დამეთმოო. ერთი კვირის შემდეგ მომხდარი უკვე აღარავის ახსოვდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ იმ დღეს ტერეზა ხელმეორედ დაიბადა.

ყველას თავისი შიშები აქვს

ტერეზაზე ალბათ უფრო მეტის მოყოლას შევძლებდი, პაპა რომ ცოცხალი იყოს. პაპა ყოველდღე ელაპარაკებოდა.

ამის შესახებ ერთ წვიმიან დღეს შევიტყვე, როდესაც ტერეზა საძოვრიდან დაბრუნდა.

ყოველდღე, როდესაც ნახირის საძოვრებიდან დაბრუნების საათი ახლოვდებოდა, პაპა სახრეს იღებდა და ძროხის დასახვედრად მიეშურებოდა. იმ დღეს ტერეზას გარეშე დაბრუნდა. გაბრაზებული იყო. წვიმას აპირებდა და ძროხა კი არ დაბრუნდა. არც მამა იყო სახლში, მის საძებნელად რომ წასულიყო.

ბებიამ და პაპამ იჩხუბეს კიდეც, რადგან პაპამ გადაწვიტა, ტერეზას საპოვნელად თავად წასულიყო. ბებია განიცდიდა, იმიტომ, რომ პაპა თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ელვისა და ჭექა-ქუხილის ბავშვობიდან მეშინია, მაინც განვაცხადე, რომ მზად ვიყავი, პაპას ნაცვლად წავსულიყავი. პაპას მიერ მითითებულ ადგილას რომ მივედი, არაქათი მქონდა გამოცლილი. ტერეზა ვერ ვიპოვე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამით ძროხას მგლები შეჭამდნენ, მე კი სახლში დაბრუნება მარტოს მომიწევდა – თან სიბნელეში.

სასოწარკვეთილებისგან რამდენჯერმე ხმამაღლა დავიყვირე „ტერეზა!“ და უცებ გავიგონე, როგორ დაიღმუვლა ჩემს საპასუხოდ. ტერეზა ლოდებს შორის იდგა და რომ დამინახა, ჩემკენ გამოემართა.

ელვაც დამავიწდა და ჭექა-ქუხილიც. ტერეზას ველაპარაკებოდი და სახლისკენ მივეშურებოდი. გზაზე პაპა შემოგვეგება. სწორედ მაშინ მითხრა, რომ ყოველდღე ელაპარაკებოდა ტერეზას და ამიხსნა, თუ რატომ მოსწყდა ის ნახირს და რატომ არ მოვიდა სახლში. საქმე ისაა, რომ ტერეზას წყლის ეშინოდა, მწყემსი კი იმ დღეს თურმე ჩქარობდა (უნდოდა, სახლში ჭექა-ქუხილის დაწყებამდე მისულიყო) და ამიტომ ნახირი მდინარით, მოკლეზე გადმოიყვანა.

დღემდე შიშით ვიხსენებ იმ საღამოს. ნეტა ცხოველებსაც თუ ახსოვთ და ხვდებიან, რაც გადახდათ!

რა ღირს ოჯახი?



ბებერ ტერეზასა და მის დიდ ოჯახს ახლა მამაჩემი უვლის. რადგან ჩვენი ძროხა დაბერდა, მამა ხშირად გადაწყვეტს ხოლმე მის გაყიდვას და როდესაც მყიდველები მოდიან (ტერეზას მთელ ოლქში ჯიშიან ძროხად იცნობენ), თითქოს განგებ, ფასს უმატებს.

იქნებ მამას ჰგონია, რომ ცხოველებს მართლაც აქვთ მახსოვრობა და ტერეზას იმ ადამიანების სახეებიც ახსოვს, ვინც უკვე ჩვენთან აღარ არის.

გამოქვეყნებულია: 16.06.06.2016
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ