განათლების სამინისტრო ამბობს, რომ სკოლას ამის უფლება ჰქონდა" />

საქართველოში მუსლიმი გოგონა გაკვეთილზე ჰიჯაბით არ შეუშვეს

განათლების სამინისტრო ამბობს, რომ სკოლას ამის უფლება ჰქონდა

სოფელი ყარაჯალა. civil.ge/იანა კორბეზაშვილი

კახეთში, სოფელ ყარაჯალას ერთ-ერთ სკოლაში, მეშვიდე კლასელი გოგონა კლასის დამრიგებელმა გაკვეთილზე ჰიჯაბით არ შეუშვა. სკოლის დირექტორის თქმით, გოგონამ სკოლის შინაგანაწესი დაარღვია, რადგან გაკვეთილზე ნებისმიერი სახის თავსაბურავით – ქუდით, კეპით და ა.შ. დასწრება აკრძალულია. სკოლაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ქალებს ჰიჯაბის ტარების ტრადიცია არ აქვთ, ამიტომ ეს წესი არც შინაგანაწესში ასახულა.

გოგონას მშობლები სკოლის ხელმძღვანელობას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს განათლების სამინისტრო.

განაცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ცნობს, თუმცა ყველა სკოლას აქვს თავისი შინაგანაწესი, რომელსაც მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად შეიმუშავებენ და სამეურვეო საბჭო ამტკიცებს.

“ყარაჯალას სკოლის შინაგანაწესში წერია, რომ მოსწავლეს სასწავლო პროცესის დროს არ უნდა ეფაროს თავსაბურავი, კეპი და ა.შ. სამწუხაროა, რომ სკოლის შინაგანაწესში ჩაწერილი თავსახვევის ამკრძალავი ზოგადი წესი, განიმარტა რწმენის თავისუფლების შეზღუდვად. სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვისგან და ხელი შეუწყონ ვითარების მშვიდ რეჟიმში მოგვარებას” – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუკი რომელიმე მოსწავლის რელიგიური გრძნობები ილახება, სამინისტროს შეუძლია, სკოლას შინაგანაწესის გადახედვა მოსთხოვოს.

“ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლას შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რამე საფრთხე გარდაუვალი ან საფუძვლიანია და შეიძლება, ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას ან სასწავლო პროცესი ჩაიშალოს”, – განმარტავს იურისტი ლაშა ბექაშვილი.

აქვს თუ არა საქართველოში მოსწავლეს სკოლაში ჰიჯაბით მისვლის უფლება?

საია-ს იურისტის თქმით, ზოგადი განათლების შესახებ კანონი რწმენის თავისუფლების დაცვას ითვალისწინებს.

“ამ კანონის მიხედვით, დაუშვებელია, მოსწავლეს მოეთხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც მის რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს ძირეულად ეწინააღმდეგება, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს ან ხელს არ უშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას”, – განმარტავს ბექაშვილი სააგენტო allnews-თან საუბარში.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეს აქვს უფლება, დასაბუთებული უარი განაცხადოს სასკოლო ფორმის ტარებაზეც, თუ ეს ჩაცმულობა მის რწმენასა და გამოხატვას არ შეესაბამება.

• ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მოსწავლეს ჰიჯაბის ტარებას უკრძალავენ. გასულ წელს მსგავსი აკრძალვა სოფელ მოდეს მოსწავლეს 18 წლის თეონა ბერიძეს შეეხო. ბერიძის შემთხვევაშიც განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლას ჰქონდა მოსწავლისთვის ჰიჯაბის ტარების აკრძალვის უფლება.

• 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 11 პროცენტი ისლამის აღმსარებელია.


ასევე წაიკითხეთ