მოსახლეობის ნახევარი ფიქრობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ნახევარი კი მათ არ ეთანხმება" />

საქართველოში ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა იზრდება, რუსეთი საფრთხედ აღიქმება – NDI

მოსახლეობის ნახევარი ფიქრობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ნახევარი კი მათ არ ეთანხმება

«ევროკავშირის მხარდაჭერა 71-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა», – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია საუბარი, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა 2017 წლის აპრილში.

კვლევის მიხედვით, კვლავაც მყარია ნატოს მხარდაჭერა – 68 პროცენტი ემხრობა ორგანიზაციაში წევრობას. ევროკავშირის მსგავსად, ეს მხარდაჭერა შედარებით დაბალია უფროსი ასაკის ადამიანებში და უმცირესობათა დასახლებებში. ნატო-ში გაწევრიანების მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას (71 პროცენტი), ამასთან 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას. კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობაში ნატოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მაგალითად, მოსახლეობის მეოთხედი (23 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო უკვე ნატო-ს წევრია.

მოსახლეობის უმრავლესობა (78 პროცენტი) კი მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში რუსეთმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე (41 პროცენტი ), უსაფრთხოებასა (41 პროცენტი) და პოლიტიკაზე (42 პროცენტი). გამოკითხულთა 47 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს და ის ქართული ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიებისა და სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება.

NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ თვალსაჩინოა დეზინფორმაციის კამპანიის შედეგები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში.

“განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მოსაზრებების არსებობა, როგორიცაა ის, რომ ევროკავშირი და ნატო გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას და დააზარალებს საქართველოს კულტურასა და იდენტობას”, – დასძინა თორნტონმა, – “მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და სხვადასხვა პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ენერგია და ინფორმაცია მიმართონ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისკენ, როგორებიცაა უფროსი ასაკის ადამიანები, სოფლის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები. დეზინფორმაციის საპასუხოდ მათ ეფექტური და პრევენციული მესიჯების გავრცელება უნდა განაგრძონ”.

მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმის თაობაზე, თუ რამდენად კარგი ან ცუდი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა: 48 პროცენტი ამბობს, რომ კარგი იყო, 42 პროცენტი კი – ცუდი.

გაყოფილია აზრი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მოქალაქეების ნახევარს (52 პროცენტი) მიაჩნია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მაშინ როდესაც მეორე ნახევარი არ იზიარებს ამ მოსაზრებას.


ასევე წაიკითხეთ