ამ დროისთვის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა, აცხადებენ ქართველი მედიკოსები" />

საქართველოს აეროპორტებში კორონავირუსის გამო მგზავრებს ამოწმებენ

ამ დროისთვის არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გამოვლენილა, აცხადებენ ქართველი მედიკოსები

ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში მორიგეობა დაიწყეს მედიკოსებმა, რომლებიც მგზავრებს კორონავირუსის გამო ამოწმებენ. თბილისის აეროპორტში მსგავსი შემოწმება ორი დღის წინ – 25 იანვარს დაიწყო.

გარდა ამისა, 27 იანვრიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები დაიწყება ჩინეთის მოქალაქეებით ინტენსიურად დასახლებულ ადგილებში. ერთ-ერთი ასეთი ადგილია დასავლეთ საქართველოში – ხარაგაულში [ხარაგაულში ჩინური კომპანია სარკინიგზო გვირაბს აშენებს, სადაც ქართველებთან ერთად ჩინეთის მოქალაქეებიც არიან დასაქმებული_JAMnews].

აეროპორტებში მოწმდებიან არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრები. შემოწმება გულისხმობს დისტანციური თერმომეტრით ტემპერატურის გაზომვას და საინფორმაციო ბუკლეტის გადაცემას, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ.

თუ ტემპერატურა არის 38 გრადუსი და მეტი, მაშინ ამ ადამიანზე ივსება შესაბამისი ფორმა ნომერი 9, რომელსაც აკეთებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ეპიდემიოლოგი და შემდეგ ამ ავადმყოფს გასაუბრებას უტარებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი. თუ საეჭვო სიმპტომები იკვეთება, მაშინ ამ ადამიანს ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

• როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან. დეტალური ინსტრუქცია

• “კორონავირუსი” ჩინეთში: 56 დაღუპული და ორი ათასზე მეტი დაავადებული

ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე

საინფორმაციო  ბუკლეტები, რომლებიც  ჩინეთიდან შემოსულ ყველა ადამიანს ურიგდება, სამ ენაზეა – ქართულად, ინგლისურად და ჩინურად.

იქ წერია, რომ თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადამიანი მოგზაურობდა ჩინეთში და გამოუჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება, მან აუცილებლად ან უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე, ან მიმართოს ექიმს.

თბილისის აეროპორტი. ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ამ ეტაპისთვის, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ან კორონავირუსთან დაკავშირებული რაიმე საეჭვო სიმპტომი ჰქონდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ . პანიკის საფუძველი არ არის და ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა ტარდება – პრევენციაა.

“ეს კეთდება იმისთვის,ლ რომ პროფილაქტიკა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ინფექციის შემოტანის, რადგან ჩინეთთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა. თუ გამოჩნდა საეჭვო შემთხვევა, სწრაფად მოხდეს მისი ევაკუირება ოთხიდან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საზღვარზე შემოვიდა, ჩინეთის დაახლოებით, 144 მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და საქართველოდან გავიდა, დაახლოებით, 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია: რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ქართველი მედიკოსები სტანდარტულ რეკომენდაციებს გასცემენ:

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის შეკავება;

• ხელების ხშირი დაბანა 

• ფერმებთან და გარეულ ცხოველებთან დაუცველი კონტაქტისთვის თავის არიდება;

ახალი სახეობის კორონავირუსის (2019-nCoV) პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში გამოვლინდა.

27 იანვრისთვის გარდაცვლილთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია. კლინიკურად დადასტურებულია ინფიცირების 2700-ზე მეტი შემთხვევა.

ვირუსის შემთხვევები გამოვლენილია ჩინეთის ფარგლებს გარეთაც – ტაივანზე, ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.


ასევე წაიკითხეთ