უნდა გავიკეთოთ თუ არა გრიპის აცრა პანდემიის დროს? ყველა კითხვა სეზონური გრიპის ვაქცინაზე
მიუხედავად იმისა, რომ გრიპი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მის შესახებ კომპეტენტურ ინფორმაციას ბევრი არ ფლობს.
JAMnews-მა თავი მოუყარა ყველაზე გავრცელებულ კითხვებს გრიპის ვირუსთან დაკავშირებით. მასალის მომზადებისას ჩვენ დავეყრდენით მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) და კოკრეინის სამედიცინო ბიბლიოთეკის ინფორმაციას.
ასევე, გამოცდილი ქართველი პედიატრის, მაკა ლომიძის რეკომენდაციებს.
რატომ უნდა ავიცრათ გრიპზე?
გრიპი (influenza) პოტენციურად საკმაოდ სახიფათო დაავადებაა. ყოველწლიურად გრიპით მილიონობით ადამიანი ავადდება. ასეულ ათასობით საავადმყოფოში ხვდება, ათასობით კი იღუპება.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა გრიპისაგან თავის დასაცავად.
• ცამეტი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში “ღორის გრიპით”
• ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე
• მოძებნე შენი თავი ჯანდაცვის ახალ პროგრამაში. გაიგე, რა დაზღვევით ისარგებლებ
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპით დაავადების რისკს, გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრის და გრიპით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს.
როგორ მოქმედებს ვაქცინა?
აცრის შემდეგ იწყება ანტისხეულების (იგივე იმუნოგლობულინები, დამცავი ცილები) გამომუშავება, რასაც დაახლოებით ორი კვირა სჭირდება.
სწორედ ეს ანტისხეულები უზრუნველყოფენ გრიპის იმ ვირუსებისაგან დაცვას, რომლებიც ვაქცინის შემადგენლობაშია.
ყოველწლიურად კვლევებით დგინდება ის ვირუსები, რომლებიც აქტიური იქნება მიმდინარე სეზონზე და სწორედ ამ ვირუსებისგან იცავს გრიპის ვაქცინა.
დღეს არსებობს გრიპის ორნაირი ვაქცინა – ე.წ სამვალენტიანი ვაქცინა (მოიცავს A გრიპის ორ ტიპს – H1N1 და H3N2 და ასევე B გრიპის ერთ ტიპს – B/Colorado/06/2017);
და ოთხვალენტიანი ვაქცინა (ზემოთ ჩამოთვლილ სამ ტიპს ემატება B გრიპის კიდევ ერთი ტიპი B/Phuket/3073/2013 მსგავსი).
გრიპის გაცილებით მეტი სახეობა არსებობს, თუმცა ეს ოთხი ტიპი ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებულია. ამიტომაც, ვაქცინაში სწორედ ეს სახეობები შედის.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ( CDC ) და ასევე სხვა ქვეყნების მიერ რეკომენდებულია ორივე ტიპის ლიცენზირებული ვაქცინა. ერთი მეორეზე უპირატესად არ ითვლება. უბრალოდ, ერთსაც და მეორესაც აქვს გარკვეული თავისებურებები, რასაც ექიმი მარტივად აგიხსნით ვაქცინაციის დროს და ამ ორიდან თქვენთვის შესაფერისს შეგირჩევთ.
ვინ უნდა აიცრას?
ყველა, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 თვე. თანაც ყოველწლიურად.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად უნდა აიცრან მაღალი რისკის ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა.
ასეთი ჯგუფებია:
• ბავშვები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 6 თვე;
• ასაკოვანი ადამიანები 65 წლიდან;
• ორსულები;
• სამედიცინო დაწესებულებების პერსონალი;
• სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები: ( დიაბეტით, ასთმით დაავადებულები, გულის, ფილტვების, ნერვული სისტემის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა ორგანოების ქრონიკული დაავადებების მქონენი);
• ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ან აქვთ კონტაქტი ზემოთჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებთან (მაგალითად, ჩვილის მშობლები ან ასთმით დაავადებული ადამიანის ოჯახის წევრები).
როდის ავიცრათ?
ასაცრელად საუკეთესო დრო გრიპის სეზონის დაწყებამდეა – დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე პერიოდი.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ამ დრომდე ვერ მოახერხეთ, მერე აცრა აღარ შეიძლება.
არ დაუჯეროთ მათ, ვინც გეტყვით, რომ აცრა დაგვიანებულია. აცრას აზრი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის გადატანის შემდეგაც კი.
რატომ? იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ვაქცინის შემადგენლობაში 3 ან 4 გრიპის ვირუსია და ერთის გადატანის შემთხვევაში რჩება გრიპის სხვა ტიპის ვირუსით დაინფიცირების რისკი.
სად ავიცრათ? და ვის ეკუთვნის უფასო აცრა
7 ოქტომბრის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინის პირველ ნაკადს 10 ოქტომბრიდან ელოდებიან.
სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ აიცრებიან მხოლოდ მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები.
კონკრეტულად ვინ შედის რისკ ჯგუფში, მინისტრი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს:
„მალე თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გაეცნოს, წარმოადგენს თუ არა ის რისკ ჯგუფს და შესაბამისად, ამ რისკ ჯგუფების ფარგლებში იქნება აცრილი. სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ამიტომ, გავაორმაგეთ იმ ვაქცინების რაოდენობას, რომელსაც ყოველწლიურად შევისყიდით ხოლმე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ რისკჯგუფების ასაცრელად ვაქცინის 135 ათასი დოზა შეიძინა. დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა და სახელმწიფო ამ რაოდენობის გაორმაგებას ცდილობს.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ წელს მსოფლიოში გრიპის ვაქცინის სერიოზული დეფიციტია, აღნიშნა გამყრელიძემ “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში.
JAMnews დაინტერესდა, თუ სად და როგორ შეძლებენ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები სეზონურ გრიპზე აცრას და უფასო ვაქცინისთვის რეგისტრაციას. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ როდესაც დაიწყება ვაქცინაცია, ყველანაირი ინფორმაცია NCDC– ის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდება.
გრიპის ვირუსზე აცრა ჯერჯერობით მხოლოდ კერძო კლინიკებში ხდება, თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ კლინიკებსა და აფთიაქებში ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა.
დღესდღეობით ისეთ მსხვილ სააფთიაქო ქსელებში, როგორებიცაა იმპექსი, ავერსი ფარმადეპო და პსპ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არის.
როგორც ნეტგაზეთს აფთიაქებში უთხრეს, ვაქცინის მარაგი ამოეწურათ და ოქტომბრის ბოლოსკენ ახალ მარაგს ელოდებიან.
აცრის საშუალო ფასი 50-70 ლარია.
კორონავირუსის პანდემიის დროს გრიპის აცრა ზედმეტი დატვირთვა ხომ არ იქნება იმუნიტეტზე?
იმუნიტეტზე ზედმეტი დატვირთვა აცრა კი არ იქნება, არამედ ის, რომ კორონავირუსთან ერთად, გრიპიც რომ დაგვემართოს.
ასევე, ზედმეტი დატვირთვა იქნება ისედაც ძალიან გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას კიდევ გრიპიანი პაციენტები რომ მიაწყდებიან
ამიტომ, გრიპის აცრა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი ქვეყანაში სეზონური გრიპის ტვირთს შეამცირებს და გართულებული პაციენტების და კორონავირუსის ინფიცირების ერთმანეთზე ზედდება არ მოხდება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რისკ ჯგუფები აიცრან. რა თქმა უნდა, გრიპის ვაქცინა ყველა გაციებისგან და მიმდინარე დაავადებებისგან არ გვიცავს, აცრის მიუხედავად შეიძლება ადამიანს დაემართოს, უბალოდ იგი გართულებებისგან და ლეტალური გამოსავლისგან დაიცავს ადამიანს,” – უთხრა JAMnews ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კორონავირუსისგან განსხვავებით, მაგალითად, ე.წ. ღორის გრიპისთვის, რომელიც ყოველ სეზონზე ცირკულირებს, რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ არა მხოლოდ მოხუცები, არამედ სრულიად ჯანმრთელი ხუთ წლამდე ბავშვები, ყოველგვარი ქრონიკული დაავადებების გარეშე, და ასევე ორსულები.
თუკი აცრას პირველად იკეთებთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ვაქცინის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რადგან, შესაძლოა, გქონდეთ ალერგია მის რომელიმე კომპონენტზე. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც ალერგია აქვთ კვერცხზე, გრიპის ვაქცინას არ უკეთებენ.
ასევე, აცრის გაკეთებამდე იმუნოლოგთან კონსულტაცია უნდა გაიარონ ორსულმა ქალებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა.
რატომ გვჭირდება ყოველწლიურად აცრის განმეორება?
მიზეზი ორია.
• პირველი მიზეზი: გრიპის ვირუსზე იმუნური მეხსიერება (ანუ დაცვის ხანგრძლივობა) ხანმოკლეა. მომდევნო სეზონის დაწყებამდე წინა წელს შეძენილი დაცვა ნელ-ნელა სუსტდება, ამიტომ ოპტიმალური შედეგისათვის აცრის საჭიროება ყოველწლიურად დგება.
• მეორე მიზეზი: გრიპის ვირუსის ფორმულა მუდმივად ცვალებადია. შესაბამისად, ვაქცინის ფორმულაც ყოველწლიურად გადახედვას და განახლებას საჭიროებს.
თუ ავიცერი გრიპი აღარ დამემართება?
ვაქცინა გრიპისგან იცავს არა სრულად, არამედ 60 პროცენტით.
გრიპი აცრილ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს და აი რატომ:
• შესაძლოა, გრიპის ვირუსით აცრამდე ცოტა ხნით ადრე დაინფიცირდით, ან აცრის შემდეგ მალევე (გაიხსენეთ, რომ ანტისხეულების გამომუშავებას ორ კვირა სჭირდება).
• გარემოში უამრავი გრიპის ვირუსია. ვაქცინის შემადგენლობაში კი მხოლოდ სამი ან ოთხი სახეობა შედის. შესაბამისად, შეიძლება თქვენ შეგხვდეთ გრიპის ვირუსი რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.
• ავად შეიძლება იმ გრიპის ვირუსითაც გახდეთ, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაშია. არავინ ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია 100 პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს.
დაცვის ხარისხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საუკეთესო შედეგები ამ მხრივ ახალგაზრდებს და ბავშვებს აქვთ.
ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების იმუნური პასუხი უფრო დაქვეითებულია. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინა დადებით გავლენას ახდენს დაავადების სიმძიმეზე – აცრილ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს გრიპი გადააქვთ უფრო მსუბუქად, ვიდრე აუცრელებს. ისინი უფრო იშვიათად მოხვდებიან საავადმყოფოში და ნაკლებია ლეტალური შედეგის რისკი.
დასკვნა: მართალია, ვაქცინა არ არის სრულყოფილი საშუალება, მაგრამ არსებულთაგან საუკეთესოა გრიპისგან დასაცავად.
აცრას გვერდითი მოვლენები არ აქვს?
არა. აცრის არ უნდა გვეშინოდეს. აცრას, შესაძლოა, მხოლოდ ისეთი უსიამოვნო შეგრძნებები მოყვეს, როგორიცაა აცრილი ადგილის მცირე ტკივილი და სიწითლე. იშვიათად აცრილებს უწევთ სიცხე, ასტკივდებათ თავი და კუნთები, შესაძლოა, ჰქონდეთ სურდო, თუმცა ეს ყველაფერი მაქსიმუმ ორ დღეში გაივლის.
როგორც კი სიცხე ამიწევს, ეგრევე “ტამიფლუს” დავლევ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ შეგვახსენა, რომ წამლები არ არის კანფეტი და მათი მიღება საკუთარი გადაწყვეტილებით არ შეიძლება.
ეს ეხება მათ შორის, “ტამიფლუსაც”, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც ამ ეტაპზე ბაზარზე ანალოგი არ აქვს.
მისი თქმით, ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი “ტამიფლუ” პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება და იგი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მივიღოთ.
„ტამიფლუ“ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსი. ოღონდ ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, ის არა ბაქტერიების წინააღმდეგ, არამედ ვირუსის წინააღმდეგ მუშაობს.
აცრის გარდა კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ გრიპი თავიდან ავიცილოთ?
დაიცავით ჰიგიენის წესები და ვირუსის აქტიურად გავრცელების პერიოდში თავი აარიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
მნიშვნელოვანია, რომ ვირუსი ლორწოვან გარსზე არ მოხვდეს. ამისათვის საჭიროა:
• ხშირად და სწორად დავიბანოთ ხელები საპნის გამოყენებით (როდესაც ახლოს წყალი არ გაქვთ გამოიყენეთ ხელის დასაბანი ანტიბაქტერიული საშუალებები, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. სხვათა შორის, გრიპის ვირუსის გავრცელების დროს ეს ბევრად საჭირო ნივთია თქვენს ჩანთაში, ვიდრე იგივე ოქსოლინის მალამო)
• არ მოიკიდოთ ხელი თვალებზე, ცხვირზე, პირზე – იმ ადგილებში სადაც ლორწოვანი გარსია
• შეძლებისდაგვარად ერიდეთ ადგილებს, სადაც ბევრი ხალხია
• ხშირად გაანიავეთ ოთახი, რომელშიც იმყოფებით.
ნახეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვიდეო იმაზე, თუ როგორ დავიბანოთ ხელი სწორად:
კიდევ ოქროს წესია ის, რომ გრიპით დაავადებული ადამიანი იზოლირებული უნდა იყოს დანარჩენებისგან. დაუშვებელია ასეთ დროს სამსახურში სიარული და ახლობლებთან მჭიდრო კონტაქტი.
CDC რეკომენდაციით, ადამიანი, რომელმაც გრიპი გადაიტანა, სახლში უნდა დარჩეს სიცხის ბოლო აწევიდან კიდევ დამატებით 24 საათის განმავლობაში.
მეორე ოქროს წესი – გრიპიანმა ადამიანმა სწორად დაცემინება და ხველება უნდა იცოდეს. ცხვირზე და პირზე ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცი აიფარეთ, რომელსაც გამოყენებისთანავე გადააგდებთ. თუ ქაღალდის ცხვირსახოცი არ გაქვთ, მოკეცილ მკლავში ჩარგეთ თავი. შიშველ თითებს და ხელის მტევანს ნუ აიფარებთ – მერე ამ ხელს სხვადასხვა ნივთს მოკიდებთ და ვურუსს გაავრცელებთ. ასევე არ არის რეკომენდირებული ნაჭრის ცხვირსახოცის გამოყენება, რომელიც ასევე ვირუსის გავრცელების წყაროდ შეიძლება იქცეს.
წყალბადის ზეჟანგი, ნიორი ცხვირში და სამედიცინო ნიღაბი?
წყალბადის ზეჟანდი რომ არ უნდა დალიოთ თუ ჩაიწვეთოთ, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ეს არაფერს გიშველით, შეიძლება გავნოთ – დაგწვათ.
დიდი ალბათობით, არ გიშველით არც ნიორი. არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ნივრის ან ვიტამინი C-ს პროფილაქტიკურ ეფექტს გრიპთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება ითქვას ფართოდ გავრცელებულ ოქსილინის მალამოზე. არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ოქსილინის მალამო გრიპის ვირუსისგან გვიცავს.
სხვათა შორის, არც სამედიცინო ნიღბებია რაიმე განსაკუთრებული შედეგის მომტანი. მათი ეფექტი გადაჭარბებულია. ერთადერთი, როცა ნიღაბი გიკეთიათ, ნაკლებად მოიკიდებთ ხელს სახეზე, პირზე და ცხვირზე. ასევე, გარკვეულწილად დაგიცავთ მისი გამოყენება უშუალოდ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის დროს (მაგალითად, როდესაც ავადმყოფ ოჯახის წევრს უვლით). ნიღბის გამოყენება ასევე გამართლებულია ინფიცირებული ადამიანის მიერ ჯანმრთელთან კონტაქტის დროს, რათა გარემოში ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე დაიყვანოს. ღია სივრცეში – ქუჩაში, ტრანსპორტში ნიღბით ყოფნას თითქმის არანაირი აზრი არა აქვს. გრიპის ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. აქ საუბარია არა დაცემინების დროს წარმოქმნილ მსხვილ წვეთებზე, არამედ უხილავ მიკრობებზე, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ნიღაბი ვერ აკავებს.
არასწორად გამოყენებული ნიღაბი კი, პირიქით, ზრდის ინფიცირების რისკს და მიკრობების ბუდედ შეიძლება იქცეს. ერთხელ გამოყენებული ნიღბით მეორედ სახეზე მიდება კატეგორიულად დაუშვებელია, გამოყენებული ნიღაბი ეგრევე უნდა გადააგდოთ. ნიღაბი როცა გიკეთიათ, მას ხელი არ უნდა მოკიდოთ და მუდმივად არ უნდა ისწოროთ. თუ ხელი მოკიდეთ ნიღაბს, აუცილებლად უნდა დაიბანოთ საპნით.