ისინი ამ ვირუსისგან ორი ათასზე მეტ ადამიანს განკურნავდნენ " />

საქართველოში 200 მილიონი დოლარის C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

ისინი ამ ვირუსისგან ორი ათასზე მეტ ადამიანს განკურნავდნენ

ნახევარ მილიარდ ლარზე (დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი) მეტი ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები საქართველოში ვადის გასვლის გამო ჩამოწერეს.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ ცნობამ, საზოგადოებაში დიდი სკანდალი გამოიწვია.

ოპოზიციამ ხელისუფლება C ჰეპატიტთან ბრძოლის უნიკალური პროგრამის ჩაგდებაში დაადანაშაულა და პროკურატურას ამ საქმეზე მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდა.

მედიკამენტები, რომელზეც არის საუბარი, საქართველოს C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის ფარგლებში აჩუქეს.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობა ყველასთვისაა შესაძლებელი და სრულიად უფასოა.

ეს პროგრამა საქართველომ 2015 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და აშშ-ის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით დაიწყო. მისი მიზანი, საქართველოში C ჰეპატიტის სრული აღმოფხვრაა.

ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომელიც ამ დაავადების სამკურნალოდაა საჭირო, საქართველოს ამერიკული კომპანია Gilead Sciences-ი აწვდის.

უნიკალური პროგრამისთვის საქართველო შემთხვევით არ შეურჩევიათ. C ჰეპატიტი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა. 2015 წელს, საქართველოში ამ ვირუსის მატარებელი 150 ათასამდე ადამიანი იყო, ანუ ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 5,4 პროცენტი. შედარებისთვის – ეს მაჩვენებელი ევროპაში 0,5-1 პროცენტს არ აჭარბებს.

სწორედ ეს ციფრები გახდა იმის მიზეზი, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ზუსტად საქართველოში დაიწყო.

უკვე ოთხი წელია, ყველა, ვინც ჩართულია პროგრამაში, უფასოდ იღებს წამლებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდში ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი გამოიკვლიეს.

მათგან ამ ეტაპზე 65 ათასი ადამიანი მკურნალობს; 58 ათასმა კი უკვე დაასრულა მკურნალობა.

იმ ადამიანების 98,7 პროცენტი, ვინც მკურნალობის კურსი გაიარა, სრულად გამოჯანმრთელდა.

• შეძლებს თუ არა საქართველო C ჰეპატიტის დამარცხებას? ყველაფერი, რაც “ჩუმ მკვლელზე” უნდა ვიცოდეთ

• გაუჩნდებათ თუ არა რქები და ჩლიქები მათ, ვინც აცრას გაიკეთებს?

• საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. რატომ ვერ ამარცხებს ქვეყანა “უმეცრების ვირუსს”?

 

რატომ აღმოჩნდა ძვირადღირებული მედიკამენტები ნაგავში?

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წამლების ვადის გასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

პირველი და ყველაზე მთავარი – პროგრამის ბენეფიციართა საგრძნობი შემცირება 2017 წლის ივლისიდან მოყოლებული.

მეორე მიზეზი – პაციენტებისთვის მკურნალობის რეჟიმის შეცვლა.

„პროგრამის პირველ ეტაპზე, ძირითადი სამკურნალო პრეპარატი „სოფოსბუვირი“ იყო „ინტერფერონსა“ და „რიბავირინთან“ ერთად. 2016 წლის თებერვლიდან, ეს პრეპარატები ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით – „ჰარვონით“ და, შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა პირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატის მოხმარება“, – განმარტა ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში.

იმავდროულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, იმ წამლების საშუალებით, რომელსაც შენახვის ვადა ამოეწურა, C ჰეპატიტისგან 2,3 ათას ადამიანზე მეტის განკურნება შეიძლებოდა.

მათი ღირებულება შეადგენდა 560 645 083 ლარს (194,5 მილიონ დოლარს).

„სტრატეგიულ რეზერვში ყოველთვის უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები. ჩვენ ყოველთვიურად 1 200 ადამიანს ვმკურნალობთ და ვცდილობთ, ყოველთვიურად უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროგრამაში. ვიცით, რომ ქვეყანაში კიდევ 16 ათასი ადამიანია, რომელიც ანტიგენ დადებითია, მაგრამ მათ ჯერ ვერ გადაწყვიტეს სამკურნალოდ მოსვლა. და თუკი ისინი მოვლენ – ჩვენ წამლების საჭირო მარაგი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ოპოზიციის განცხადებით, ცუდმა მენეჯმენტმა უნიკალური პროგრამის ჩავარდნა გამოიწვია

ოპოზიციის მთავარი ბრალდებაა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ხარისხიანი მენეჯმენტის ორგანიზება და C ჰეპატიტთან ბრძოლის უნიკალური პროგრამა ჩააგდო.

„თვითონ C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იყო, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა გამოკვლევების ჩატარება.

პროგრამის პირველ წლებში, ნებისმიერი, ვისაც მკურნალობის უფასო პროგრამაში ჩართვა სურდა, ვალდებული იყო გადაეხადა წინასწარი გამოკვლევის საფასური, რომელიც 700 ლარამდე (240 დოლარზე მეტი) ჯდებოდა. ამასთან, ხშირად, ოჯახის რამდენიმე წევრს უნდა ჩაეტარებინა გამოკვლევა.

მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და როგორც იქნა, არა მხოლოდ მკურნალობა იყო უფასო, არამედ წინასწარი გამოკვლევაც სრულიად უფასო გახადა“, – ამბობს ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ვადაგასული მედიკამენტების ჩამოწერის ფაქტი, შესაძლოა, კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს.

„პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სიტუაციის შესწავლა. არსებობს ეჭვი, რომ ეს მედიკამენტები გადაყიდულია“, – განაცხადა ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

ექიმმა-ჰეპატოლოგმა ჯაბა ზარქუამ მოუწოდა ოპოზიციას, არ მოახდინოს სიტუაციის დრამატიზება

ექიმი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა მიიჩნევს, რომ სიტუაციას გონივრულად უნდა მივუდგეთ და თავიდან ავირიდოთ ისტერიკა.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაკომპეტენტურობა გამოავლინა ამ სფეროში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენში“, – დაწერა ზარქუამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თუმცა, მან ოპოზიციას მოუწოდა, არ მოახდინონ სიტუაციის დრამატიზება და არ გააკეთონ განცხადებები „პროგრამის ჩავარდნის“ შესახებ, რადგან ასეთ განცხადებებს, შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს საზოგადოებისთვის.

„C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა არ მიიჩნევს მას ჩავარდნილად. და კომპანიაც, რომელიც საქართველოს მედიკამენტებით უზრუნველყოფს, უარს არ ამბობს მომავალშიც ამის გაკეთებაზე… არ არის საჭირო პაციენტების შეშინება. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – გარდა იმისა, რომ საქართველოს არაკომპეტენტური მთავრობა ჰყავს… ისინი უნდა გავაკრიტიკოთ, რომ პროგრამა არ დაზარალდეს“.


ასევე წაიკითხეთ