რეიტინგების მიხედვით, მსახიობმა მოქმედ პრეზიდენტს და ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გაუსწრო " />

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში: ვინ მონაწილეობს რბოლაში

რეიტინგების მიხედვით, მსახიობმა მოქმედ პრეზიდენტს და ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გაუსწრო

უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტის ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიაზე, 2019 წლის 3 თებერვალი REUTERS/Valentyn Ogirenko 

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატების რეგისტრაციას 9 თებერვალს დაასრულებს, მაგრამ ჟურნალისტებმა უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო კანდიდატებზე მსჯელობა უკვე დაიწყეს. კენჭისყრა 31 მარტს ჩატარდება. მოცემულ მომენტში ოფიციალურად 28 ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა მათი რაოდენობა, სულ ცოტა, ერთით მოიმატებს, რადგან ეჭვი არ არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქმედ პრეზიდენტს დაარეგისტრირებს. უკრაინული ტელეკომპანია „ჰრომადსკოე“  ყველაზე პოპულარულ კანდიდატებს წარმოადგენს და მათი პროგრამების შესახებ მოკლედ გვიამბობს

პიოტრ პოროშეკო

პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყურადღებას, ძირითადად, პატრიოტულად განწყობილ ელექტორატსა და თავის ერთ-ერთ მათავარ მიღწევაზე – უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსზე ამახვილებს. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, პოროშენკოს მეორე ტურში გასვლის ყველანაირი შანსი აქვს; ელექტორატის სიმპათიის რეიტინგში ის იულია ტიმოშენკოსთან ერთად მეორე ადგილს იყოფს.

იულია ტიმოშენკო

პატრია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სავარძლისთვის მესამედ იბრძვის. ის პირობას დებს, რომ ბუნებრივი აირის ფასს ორჯერ გააიაფებს, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია.

სოციოლოგები ტიმოშენკოს ამომრჩეველთა მდგრადობას აღნიშნავენ – ანუ მათ მზადყოფნას, რომ ხმა სწორედ ამ კანდიდატს მისცენ. 

ვლადიმირ ზელენსკი. კადრი ტელესერიალიდან „ხალხის მსახური“ 

ვლადიმირ ზელენსკი

შოუმენმა, მსახიობმა და კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობის შესახებ ახალი წლის ღამეს განაცხადა (პოპულარულ სერიალში „ხალხის მსახური“ მან მთავარი როლი შეასრულა – უბრალო მასწავლებელი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი ხდება – JAMnews). იანვარში გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც იმის მტკიცებულებებს შეიცავდა, რომ ზელენსკი რუსეთში სამ კომპანიას ფლობს. რა უცნაურიც უნდა იყოს, სოციოლოგების აზრით, ამ ინფორმაციამ ზელენსკის სასარგებლოდ იმოქმედა. მისი მაღალი რეიტინგის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობები სახელდება.

• უკრაინა და რუსეთი: მეტოქეები ომში თუ სავაჭრო პარტნიორები?

• რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?

• როგორ აფინანსებს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინას სამხრეთ ოსეთის გავლით

იური ბოიკო და ალქსანდრ ვილკული

იური ბოიკო და ალექსანდრ ვილკული – ორივე პრორუსული კანდიდატია. ვილკული „ოპოზიციური ბლოკის“ მიერ არის წარმოდგენილი, ბოიკო კი – ბლოკიდან გამოყოფილი „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ მიერ. რამდენიმე თვის წინათ უკრაინელი სამართალდამცავები ეჭვობდნენ,რომ  ვიკული უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, თუმცა უმაღლესმა რადამ მისთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნაზე უარი განაცხადა.

ანატოლი გრიცენკო

უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი ანატოლი გრიცენკო თავს „დემოკრატს“ უწოდებს, მაგრამ ამავდროულად ავტორიტარიზმში ცუდს ვერაფერს ხედავს. ის ამომრჩეველს პირდება, რომ ხუთ წელიწადში განვითარების დონით ევროპის ქვეყნებს დაეწევა, და კორუფციას, მონოპოლიზმსა და ოლიგარქებს დაამარცხებს.

ანდრეი სადოვოი

ლვოვის მერმა თავი ასევე „დემოკრატიული კანდიდატების“ რიცხვს მიაკუთვნა. სადოვოი ამომრჩეველს კორუფციასთან ბრძოლასა და ტექნიკურ მოდერნიზაციას ჰპირდება.

ოლეგ ლიაშკო

„რადიკალური პარტიის“ წევრი სახალხო დეპუტატი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მეორედ მიიღებს. 2014 წელს მან, ხმათა 8,32 პროცენტით, მესამე ადგილი დაიკავა.

ლიაშკოს ახალი კამპანიის დროს საკუთარ აგიტაციაში კარდინალური ცვლილებები არ შეუტანია: ეს არის იგივე რადიკალური ოპოზიციური რიტორიკა პოპულისტური განცხადებებით. მაგალითად, 21 იანვარს თავისი პარტიის ყრილობაზე მან პირობა დადო, რომ უკრაინაში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს რეფერენდუმზე გაიტანდა.

რაზე მეტყველებს სოციალური გამოკითხვები 

იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა ახალი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, რომელთა თანახმადაც, პოპულარობის მიხედვით, პირველ ადგილს ზელენსკი იკავებს. ჯგუფ „რეიტინგის“ მონაცემებით, არჩევნებში  ვლადიმირ ზელენსკისთვის ხმის მისაცემად მზად არის იმ ამომრჩეველთა 19 პროცენტი, ვისაც არჩევნებზე წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.

იულია ტიმოშენკოსთვის — 18,2 პროცენტი;

პიოტრ პოროშენკოსთვის — 15,1 პროცენტი;

იური ბოიკოსთვის -10 პროცენტი;

ანატოლი გრიცენკოსთვის — 8,5 პროცენტი;

ოლეგ ლიაშკოსთვის – 7 პროცენტი.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა და რაზუმკოვის ცენტრმა შემდეგი ციფრები უჩვენა:

ვლადიმირ ზელენსკი – 23 პროცენტი;

პიოტრ პოროშენკო — 16,4 პროცენტი;

იულია ტიმოშენკო — 15,7 პროცენტი;

იური ბოიკო  — 9,3 პროცენტი;

ანატოლი გრიცენკო — 8,1 პროცენტი;

ოლეგ ლიაშკო — 6,7 პროცენტი.


ასევე წაიკითხეთ