"ნოვაია გაზეტამ" მოიპოვა მტკიცებულებები, რომ სადისტები ე. წ. "ვაგნერის ჯგუფის" დაქირავებულები არიან " />

რუსმა დაქირავებულებმა სირიაში ადამიანი აწამეს და თავი მოაჭრეს, პროცესი ვიდეოზე გადაიღეს

"ნოვაია გაზეტამ" მოიპოვა მტკიცებულებები, რომ სადისტები ე. წ. "ვაგნერის ჯგუფის" დაქირავებულები არიან

რუსული “ნოვაია გაზეტა” შოკისმომგვრელ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც რამდენიმე რუსულად მოსაუბრე შეიარაღებული ადამიანი მიწაზე დაწოლილ ადამიანს აწამებს. მას ჯერ უროთი სცემენ, შემდეგ თავსა და ხელებს აჭრიან და სხეულს წვავენ.

გაზეთის ცნობით, ამ ვიდეოს პირველი ნაწილი ინტერნეტში 2017 წლის ივნისში გამოქვეყნდა. მაგრამ მაშინ მსხვერპლის ან მწამებლების იდენტიფიცირება ვერავინ შეძლო. კომენტატორებმა მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ამ ვიდეოზე შესაძლოა სირიაში მოქმედი  რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის ჯგუფის”ჯარისკაცები არიან. მაგრამ 2019 წლის ნოემბერში ქსელში ამ ვიდეოს გაგრძელება გამოჩნდა, რომლის წყალობითაც გაირკვა, თუ რა მოხდა და ასევე ერთ-ერთი მებრძოლის იდენტიფიცირება მოხერხდა.

• ცენტრალურ აფრიკაში დახოცილი რუსი ჟურნალისტების საქმე: რა დასკვნამდე მივიდა გამოძიება?

• მოსაზრება: „დაივიწყეთ, რომ პუტინი ლიბერალი არ არის. გაიხსენეთ მისი ომები“

• რუსეთი სირიაში ბიზნესსაქმიანობას სამხრეთ ოსეთის გავლით აწარმოებს

ვინ არიან მსხვერპლი და მკვლელები 

არაბულმა პრესამ მოახერხა დაედგინა გარდაცვლილის ვინაობა, მისი მკვლელობის დრო და ადგილი. Jesr Press- ის ცნობით,  მოკლული  მუჰამედ თაჰა ისმაილ ალ-აბდულაა, რომელსაც ასევე ჰამადი ტაჰა ალ-ბუტას სახელით იცნობდნენ. გამოცემის ცნობით, ჰამადი სირიის არმიის რეზერვში იყო გაწვეული. იგი ჯარიდან გამოიქცა, მაგრამ დაიჭირეს. მკვლელობის ადგილი კი შაირის საბადოა სირიის ჰომსის პროვინციაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს “ვაგნერის ჯგუფის” მებრძოლების მონაწილეობას დანაშაულში,  რადგან, “ნოვაია გაზეტას” ცნობით, სწორედ ეს ქვედანაყოფი ამ რეგიონში 2017 წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდა.

რუსულმა გამოცემამ მოახერხა ვიდეოში დაფიქსირებული ერთ – ერთი პირის იდენტიფიცირება FindClone სერვისის გამოყენებით, რომელიც სოციალურ ქსელში ВКонтакте ადამიანის ფოტოს საშუალებით მოძებნის საშუალებას იძლევა. შედეგად, მაღალი ალბათობით, ეს პიროვნება არის სტანისლავ დ. – მისი მონაწილეობა “ვაგნერის ჯგუფში” და არაერთგზის მივლინება სირიაში “ნოვაია გაზეტას” ხელში არსებული დოკუმენტებით დასტურდება.

ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანები ერთმანეთს მეტსახელებით “პამირი” და “მგელი” მიმართავენ.

ვიდეოს სხვა მონაწილეების იდენტიფიცირება, სურვილის შემთხვევაში, რუსულ ოფიციალურ გამოძიებას შეუძლია. “ნოვაია გაზეტა” წერს, რომ მზად არის მასალები პროკურატურას, საგამოძიებო კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს.

რუსი დაქირავებულები სირიასა და სხვა ქვეყნებში

“ვაგნერის ჯგუფი” არაოფიციალური გასაიდუმლოებული რუსული შეიარაღებული ჯგუფია, რომელსაც ხშირად “ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიას” უწოდებენ. სახელი ჯგუფს მისი ლიდერის მეტსახელის მიხედვით მიენიჭა. საერთაშორისო მედიის ცნობით, “ვაგნერი” იგივე დმიტრი უტკინია, რომელიც 2013 წლამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი იყო.

სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეზე, გავრცელებული ინფორმაციით, “ვაგნერის ჯგუფი” 2014 წლიდან მონაწილეობს. ამ ჯგუფისთვის მებრძოლებს ქირაობენ რუსეთში, ისევე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში აღმოსავლეთ უკრაინაში. რუს დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, სავარაუდოდ ის რამდენიმე ასეულს შეადგენს.

2017 წლის ივნისში, აშშ-მ “ვაგნერის ჯგუფი” იმ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.

ასევე, მედიის ცნობით, “ვაგნერის ჯგუფის” მებრძოლები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ლიბიაში. ამ ჯგუფის საქმიანობას ცნობილი რუსმა ჟურნალისტი ორხან ჯემალი და მისი კოლეგები იძიებდნენ, რომლებიც ივლისში ცენტრალურ აფრიკაში მოკლეს .


ასევე წაიკითხეთ