ეს შეიძლება პირველი შემთხვევა აღმოჩნდეს ინტერნეტის არსებობის ისტორიაში. რა მოხდება, თუკი კანონს მიიღებენ? " />

რუსეთში იღებენ კანონს, რომელიც ქვეყნის ინტერნეტიდან გათიშვის საშუალებას იძლევა

ეს შეიძლება პირველი შემთხვევა აღმოჩნდეს ინტერნეტის არსებობის ისტორიაში. რა მოხდება, თუკი კანონს მიიღებენ?

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ინტერნეტიდან გათიშვის საშუალებას იძლევა.

რა არის კანონის არსი

ფორმალურად საუბარი მიდის იმაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს რუსული სეგმენტი მსოფლიო ქსელიდან მისი გათიშვის შემთხვევაში.

რეალურად კი კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რუსეთის ტერიტორიაზე მომხმარებლების იზოლირების საშუალებას იძლევა.

ამ დრომდე, ინტერნეტის არსებობის ისტორიაში, რომელიმე ქვეყნის ქსელიდან სრულად გათიშვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსოფლიოში ქსელის რეგულირების შედარებით მკაცრი წესები მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, თურქმენეთი.

• რუსული სპეცსამსახურები მსხვილ ინტერნეტ-კომპანიებს მათთვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას აიძულებენ

• უკრაინის პრეზიდენტმა რუსული ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების დაბლოკვის განკარგულება გასცა

მზადება და ავტორები კრიმინალური კონტექსტით

რუსეთში ინტერნეტზე თავდასხმები რეგულარულად ხდება, მაგრამ ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით გაძლიერდა. ორი კვირის წინ, მის კრიტიკოსთა რიგებს შეუერთდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, პატრიარქი კირილი.

კანონს რუსული ინტერნეტის ავტონომიურად ფუნქციონირების შესახებ, საინტერესო ავტორები ჰყავს – პარლამენტის ქვედა პალატის წევრი ანდრეი ლუგავოი და ზედა პალატის წევრი, ანდრეი კლიშასი.

ლუგავოი საერთაშორისო ძებნაში იმყოფება – დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მას ლონდონში, რუს ოპოზიციონერზე, ალექსანდრე ლიტვინენკოზე რადიოაქტიური ნივთიერებით თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

კლიშასი ცოტა ხნის წინ გახდა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსანდრ ნავალნის ფონდი) გამოძიების გმირი. მას მაქინაციებთან კავშირსა და გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.

ზოგადი ტენდენცია

ეს კანონი – პირველი არ არის, რომელიც რუსეთში ინტერნეტის მომხმარებლების უფლებას ზღუდავს. ხელისუფლებას უკვე აქვს სხვა შესაძლებლობები, მაგალითად:

• კანონი „დავიწყების უფლების შესახებ“, რომელიც უფლებას აძლევთ წაშალონ მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია;

• კანონი, რომელიც უცხოურ კომპანიებს ავალდებულებს მომხმარებლებთან დაკავშირებული მთელი მონაცემები რუსეთის ტერიტორიაზე შეინახონ;

• კანონი, რომელიც უფლებას აძლევთ საინფორმაციო რესურსები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაბლოკონ;

• კანონი, რომელიც რუს სამხედრო მოსამსახურეებს სმარტფონებით სარგებლობასა და სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდების გახსნას უკრძალავს.

ამას გარდა, გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ სცადა გაეთიშა მესენჯერი „ტელეგრამი“, რომელმაც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა – „ტელეგრამი“ მუშაობას აგრძელებს.

რეაქცია

ინტერნეტის რუსმა მომხმარებლებმა ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივა მთლიანობაში საკმაოდ კრიტიკულად შეაფასეს:

„ახლა აკრძალული რესურსების ყველანაირ დაბლოკვას ადვილად აუვლი გვერდს proxi-სა და vpn-ის საშუალებით, ასევე, ღრუბლის ტექნოლოგიების დახმარებით. როდესაც ქსელს გარესამყაროსგან მთლიანად იზოლირებაში მოაქცევენ და თეთრ სიას ჩართავენ, არანაირი ტექნოლოგიები აღარ დაგეხმარება რაღაც „აკრძალულში“ შესვლაში – მაგალითად, Facebook-ში, რომელიც ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდება“.

„შუასაუკუნეები მოდის“.

„ეს არის კანონი, რომლითაც ქსელის გამორთვა ხდება არა გარედან, არამედ, შიგნიდან“.

სოციალურ ქსელებში გაბატონებული რეაქცია – სიცილია.

„ავტონომიური რუსული ინტერნეტი – მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგ იქნება – გამრავლების სუვერენული ტაბულა და მენდელეევის უნიკალური რუსული სისტემა“.

„ინტერნეტის შეეშინდათ. თქვენ ის წაიკითხეთ, რასაც თქვენს შესახებ ღობეებზე წერენ“.

„ეს მხოლოდ ნახევარი ზომებია. ელექტროობა უნდა აკრძალოთ“.

„საშიში არაფერია. ინტერნეტის გამორთვისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს მოიპარავენ და მორჩა“.


ასევე წაიკითხეთ