სასულიერო პირის განცხადებით, მუშავდებოდა კონკრეტული გეგმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო " />

რა ხდება ქართულ ეკლესიაში? პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

სასულიერო პირის განცხადებით, მუშავდებოდა კონკრეტული გეგმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო

გასულ კვირას, ერთ-ერთმა გავლენიანმა სასულიერო პირმა, მეუფე იაკობმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე სხვა მაღალჩინოსნები ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, უმაღლესი სასულიერო პირები კი პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაში. 

ამ სენსაციურმა განცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ საეკლესიო სკანდალს, რომელმაც მთელი ქართული საინფორმაციო სივრცე მოიცვა.

რა თქვა მეუფე იაკობმა

ახალი საეკლესიო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სასულიერო პირმა, სინოდის წევრმა, მეუფე იაკობმა საკუთარი ინიციატივით ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში დარეკა და თქვა, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჩამოშორებას.

სასულიერო პირის განცხადებით, მუშავდებოდა კონკრეტული გეგმა, რომელიც ქვეყნის არაფორმალური ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო.

მეუფე იაკობი

იაკობი ინტერვიუში ამბობს, რომ 2016 წელს ის პირადად ესწრებოდა ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქის ჩამოშორების გეგმებს აწყობდნენ.

საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?

ყველაზე გავლენიანი და დახურული ინსტიტუტი განხეთქილების პირასაა. რას ვერ იყოფენ სასულიერო პირები?

ციანიდის საქმე. რეალური თავდასხმა თუ საპატრიარქოს კარის თამაშები?

სასულიერო პირის თქმით, ეს შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში, იმდროინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

იაკობი ამბობს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი შეფი ვახტანგ გომელაური (ახლა შს მინისტრი), იმდროინდელი შს მინისტრი და ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია და ასევე ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი. მეუფე იაკობის თქმით, სწორედ ჩხარტიშვილს ჰქონდა დავალებული ამ საქმის მოგვარება.

იაკობის განცხადებით, ხელისუფლების მონაწილეობით მომზადდა ასევე სკანდალური “ციანიდის საქმეც”.

“ციანიდის საქმე” საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და სკანდალური საქმეა. მისი მთავარი ფიგურანტია სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე. მამალაძე უკვე ორი წელია ციხეში ზის, სასამართლომ მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის.

 

მამალაძე 2017 წლის თებერვალში, თბილისის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიაში მიდიოდა. იმ პერიოდში ილია მეორემ ოპერაცია გაიკეთა მიუნჰენში და პატრიარქის მთელი გარემოცვა, მათ შორის შორენა თეთრუაშვილიც გერმანიაში იმყოფებოდა. სწორედ იქ მიდიოდა დეკანოზი მამალაძეც.

 

გამოძიების თანახმად, მამალაძის ბარგში ციანიდი იპოვეს, ხოლო მის სახლში კუსტარული იარაღი და ტყვიები. თავდაპირველად ითქვა, რომ მამალაძე ციანიდით პატრიარქის მოწამვლას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია შეიცვალა და ითქვა, რომ მისი სავარაუდო მსხვერპლი შორენა თეთრუაშვილი უნდა ყოფილიყო.

სასულიერო პირი ამბობს, რომ პატრიარქის მოკვლა წმინდა სინოდის წევრის, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელით იგეგმებოდა. თუმცა, მან არ თქვა, კონკრეტულად ვინ გეგმავდა ხელისუფლებიდან პატრიარქის მკვლელობას.

იაკობის განცხადებით, კანცელარიაში შეკრებილები ილია მეორის „ჩამოშორების“ შემდეგ საქართველოს მომავალ პატრიარქად  მეუფე შიოს [ამჟამად პატრიარქის თანამოსაყდრე. 2017 წლის ნოემბერში პატრიარქმა შიო მუჯირი თავის თანამოსაყდრედ დანიშნა. ეს თანამდებობა ნიშნავს იმას, რომ პატრიარქის უუნარობის ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ მეუფე შიო უხელმძღვანელებს ქართულ ეკლესიას] განიხილავდნენ. იაკობაშვილის მტკიცებით, მეუფე შიო რუსეთის საპატრიარქოსთან სიახლოვისა და რუსული კავშირების გამო შეირჩა.

სასულიერო პირი ტელეინტერვიუს დროს მრავლად იყენებდა ჟარგონებს, იგინებოდა და იმუქრებოდა. მან თქვა, რომ ყველას „დედასიმასუზამს“ ვინც პატრიარქს შეეხება. „მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია“ – დაიმუქრა მღვდელმთავარი.

მისი საუბრის შემდეგ ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სასულიერო პირი არაფხიზელი იყო. თუმცა, მეორე დღეს, მეუფე იაკობმა კვლავ იგივე გაიმეორა.

იაკობაშვილმა ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილიც ახსენა. სასულიერო პირი ამბობს, რომ სწორედ ივანიშვილის ბრძანებით მზადდებოდა პატრიარქის გადაყენების გეგმა.

„ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია…” – თქვა მან ინტერვიუში.

ხელისუფლების წარმომადგენლები მეუფე იაკობის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. პრემიერმა გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა სასულიერო პირის ბრალდებებს და თქვა, რომ მსგავსი შეხვედრა არც კანცელარიაში და არც სადმე სხვაგან არასოდეს გამართულა. ბრალდებები უარყვეს კვირიკაშვილმა და გომელაურმაც.

მეუფე იაკობი ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა ქართულ ეკლესიაში. „ტვ პირველისთვის“ მიცემულ სკანდალურ სატელევიზო ინტერვიუმდე მას ქორეპისკოპოსის თანამდებობა ეკავა და საპატრიარქოს ფინანსურ-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო. ინტერვიუდან მეორე დღეს მან ორივე თანამდებობა დატოვა. მიუხედავად ამისა, მეუფე იაკობი კვლავ რჩება ბოდბის მთავარეპისკოპოსად, შესაბამისად, წმინდა სინოდის წევრად.

 “დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი”

მეუფე იაკობის მონათხრობის ნამდვილობაში ბევრს ეპარება ეჭვი.

თუმცა მისი სიტყვების სარწმუნოების მიუხედავად, თეოლოგები ამბობენ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პერიოდს გადის.

როდესაც სასულიერო პირები, წმინდა სინოდის წევრები, ერთმანეთს მკვლელობების ორგანიზებაში ადანაშაულებენ; ამხელენ ერთმანეთს კორუფციაში, კრიმინალურ გარჩევებში და ინტრიგების ხლართვაში, ეს ეკლესიაში არსებულ დიდ პრობლემებზე მიუთითებს, მიიჩნევენ დამკვირვებლები.

საპატრიარქოდან, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დახურული ინსტიტუცია იყო, ინფორმაციის ნაკადი მოედინება:

სასულიერო პირები საკუთარი ინიციატივით რეკავენ პირდაპირ ეთერში, უყვებიან ჟურნალისტებს კრიმინალურ ისტორიებს, იგინებიან, იმუქრებიან, რომ ყველაფერს იტყვიან, წერენ ერთმანეთის მამხილებელ წერილებს.  ისმის ირიბი ბრალდებები ეკლესიის შიგნით არსებულ „მამათმავლობასა და პედოფილიაზე“.

როგორც თეოლოგები ამბობენ, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და საპატრიარქოს  დიდი გალავანი ინფორმაციის ამ ნაკადის შეჩერებას უკვე ვეღარ შეძლებს.

დამკვირვებლების აზრით, აშკარაა, რომ ხანდაზმული პატრიარქის ჩასანაცვლებლად ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ხელისუფლებაა და სწორედ ხელისუფლება, კონკრეტულად კი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი დგას ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან.

“ივანიშვილის ხელისუფლების ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ მისი მმართველობისას აღარაფერია სკანდალური, აღარაფერი დარჩა თავზარდამცემი, შემაძრწუნებელი, – ყველაფერი გაუფასურდა, ყველა ერთნაირად ლაფშია ამოსვრილი, ყველა უვარგისია. ამას ივანიშვილის დრომ მიაღწია იმით, რომ ზღვარგადასული უზნეობის, ყველანაირი დანაშაულის, ყველანაირი ნაძირლობის კონვეირიზაცია შეძლო; შემზარავი ბოროტებაც კი ბანალურ ამბად აქცია,“ – წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე თავად სასულიერო პირებიც მიუთითებენ. დეკანოზი ილია ჭიღლაძე, თავის ფეისბუკზე წერს ასეთ ფრაზას:

 “დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი”.

დეკანოზი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას კათოლიკოს-პატრიარქს ანიჭებს.

“შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ეკლესიის მეთაურია, ანუ კათოლიკოს-პატრიარქი, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

ოპოზიციის ნაწილი და ლიბერალური საზოგადოება ამ პროცესში პოზიტიურ ნიშნებსაც ხედავს. მათი აზრით, ეკლესიას დიდი ხანია სჭირდება მეტი გამჭვირვალობა და ეკლესიას, როგორც რელიგიური მორალის სახელით მჩაგვრელს, მორალური უპირატესობა უნდა წაერთვას:

“ყველა ერთმანეთს დანაშაულში ამხელს და ეს პროცესი უნდა მივიდეს ბოლომდე. რელიგიური მორალი არ არის მხოლოდ რელიგიური კატეგორიაა, ეს სამართლებრივი კატეგორიაცაა და ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რელიგიური მორალის სახელით ეკლესია სასამართლოში ჩივის და ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავს,” – ამბობს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

ის პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული კომპანია “აისას” საქმეს იხსენებს, რომელსაც საპატრიარქომ სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ შეფუთვაზე დატანილი გამოსახულებები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნია.

“არ არსებობს სფერო, სადაც საპატრიარქო რელიგიური მორალის სახელით არ ერევა. რელიგიური მორალის სახელით ეკლესია წლებია ებრძვის თანასწორობას და პროგრესს ამ ქვეყანაში. სხვას ჩაგრავენ და ეუბნებიან, თუ შენ ხარ ჰომოსექსუალი, მაშინ ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე. და თუკი თავადაც აკეთებს ამას, ეს უნდა ვიცოდეთ, რადგან მჩაგვრელია,” – მიიჩნევს კორძაია.

 

დეკანოზის წერილი

მეუფე იაკობის ინტერვიუს კონტექსტში კვლავ აქტუალური გახდა წერილი, რომელიც წლის დასაწყისში საპატიმროდან გამოაგზავნა პატიმარმა დეკანოზმა. აღნიშნული წერილის შინაარსი საჯარო არ გამხდარა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ წერილში სკანდალური ინფორმაციების მთელი კასკადია თავმოყრილი. დაწყებული სასულიერო პირების კორუფციით და ფინანსური მაქინაციებით, დამთავრებული კონკრეტული სასულიერო პირების მამათმავლობასა და პედოფილიაში მხილებით.

პარალელურად, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ გიორგი გახარია, იმ დროს, როდესაც იგი შს მინისტრი იყო, კომპრომატებს აგროვებდა სასულიერო პირებზე – იწერდა მათ ფარულად. ამ სიტყვებს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს ზოგიერთი ჟურნალისტიც. ისინი ამბობენ, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ გახარიას ხელში ბევრი სკანდალური ვიდეოა სასულიერო პირების მონაწილეობით.

ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემა ახლა სწორედ ის არის, უნდა გამოქვეყნდეს თუ არა დეკანოზ მამალაძის წერილი.

აღნიშნულმა საკითხმა ლიბერალური საზოგადოებაც კი ორად გაჰყო.

ნაწილი ფიქრობს, რომ წერილი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს, რადგან მრევლს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ესაუბრება მას ღმერთის სახელით.

“როდესაც რელიგიური მორალის სახელით ლგბტ თემის წარმომადგენლებს სასულიერო პირები არსებობას უკრძალავენ და ტაბურეტკებით დასდევენ, თვითონ კი იმავე თემს წარმოადგენენ, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს,” – ფიქრობს საზოგადოების ნაწილი.

მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობის შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია, რადგან ეს არის ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის მცდელობა და არა აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი საერო პირია თუ სასულიერო. ამ მოსაზრების გამზიარებლები მიიჩნევენ, რომ ამორალურია მღვდლებს ებრძოლო მათივე მეთოდებით.

სინოდის სხდომა

არსებული სიტუაციის გამო, საპატრიარქომ წმინდა სინოდის საგანგებო სხდომის ჩატარება გადაწყვიტა. სხდომა 31 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება.

წმინდა სინოდი ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაა, რომელიც  ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს. წმინდა სინოდს ხელმძღვანელობს ეკლესიის მეთაური (კათალიკოს-პატრიარქი).  სინოდში 46 მღვდელმთავარია. ისინი ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირები არიან.

ტრადიციულად, სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და საშობაო მარხვის დროს. თუმცა, დიდი ხანია ეს გრაფიკი დარღვეულია. სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის დეკემბერში გაიმართა.

როგორც თეოლოგები ამბობენ, სინოდი სწორედ ეკლესიაში არსებული პრობლემების გამო არ იკრიბება და მათ განხილოვას არიდებს თავს. ასევე ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაა, რომლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ქართული ეკლესია არ ჩქარობს.

სინოდის სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება ბოდბის ეპისკოპოსის რანგში. სავარაუდოდ, სხდომას დაესწრება მეუფე პეტრეც, რომელიც მეუფე იაკობმა პატრიარქის მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა.

თეოლოგები მიიჩნევენ, რომ სინოდის სხდომა არსებულ ვითარებას ვეღარ უშველის და ეკლესიის ავტორიტეტის რღვევა გაგრძელდება, რადგან მოვლენები უკვე უმართავი გახდა.

“დასასრული კი, სავარაუდოდ ფატალური იქნება, რადგან სხვადასხვა თემებს ტაბუ ეხსნება. ეკლესია კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ის ებრძვის არა მის შიგნით დაგროვილ პრობლემებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ამ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ,” – მიიჩნევს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. 

_______________

•  86 წლის პატრიარქი ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სულ უფრო იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში. იმაზე, თუ ვინ დაიკავებს პატრიარქის სავარძელს ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკლესიის ბედი, არამედ გარკვეულწილად ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვექტორიც.

• ეკლესია  ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია საქართველოში, პატრიარქის კი ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ენდობა და ეს ციფრი ყველა გამოკითხვაში უცვლელია. სწორედ ილია მეორის პირადი ავტორიტეტი სახელდება საქართველოში ეკლესიის განსაკუთრებული პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად. 

• საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, ორმხრივ ინტერესებზეა დაფუძნებული – ეკლესია, ხელისუფლებისგან მხარდაჭერის სანაცვლოდ, ეკონომიკურ დივიდენდებს ელოდება, პოლიტიკოსებისთვის კი, პატრიარქთან სიახლოვე და სანთლებისა და ხატების ფონზე პოზირება ამომრჩეველთა გულის მოგების მოკლე გზა და წარმატებული კარიერის გარანტია.

• მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და კარგად ორგანიზებული სტრუქტურაა საქართველოში.  ყოველ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებს იგი დაახლოებით 25 მილიონ ლარს. რეესტრის მონაცემებით, საპატრიარქოს საკუთრებაშია დიდძალი უძრავი ქონებაც. საპატრიარქო დღეს ფლობს და განაგებს 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.


ასევე წაიკითხეთ