ყველაზე გავლენიანი და დახურული ინსტიტუტი განხეთქილების პირასაა. რას ვერ იყოფენ სასულიერო პირები?" />
საეკლესიო სკანდალი

საეკლესიო სკანდალი

ყველაზე გავლენიანი და დახურული ინსტიტუტი განხეთქილების პირასაა. რას ვერ იყოფენ სასულიერო პირები?

წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს საპატრიარქოსა და ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე, შიდა დაპირისპირებაზე, ფუნდამენტალიზმსა და კორუფციაზე თეოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების ნაწილი საუბრობდა, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მათ “რწმენისა და ეკლესიის მტრებად”, “ანტიეროვნულებად” მოიხსენიებდნენ.

ეკლესიის, საპატრიარქოს და კონკრეტული სასულიერო პირების კრიტიკა საქართველოში ტაბუდადებული თემა იყო. ამ საკითხების გაშუქებას ერიდებოდნენ ჟურნალისტებიც. 

თუმცა, დღეს აშკარაა, რომ თვალსა და ხელს შუა ვითარება იცვლება. და რაც ყველაზე მთავარია – ტაბუ ამ თემას თავად სასულიერო პირებმა მოხსნეს.

ბოლო დღეებია, უპრეცედენტო რამ ხდება – სასულიერო პირებმა შიდა დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანეს და ღია ომი გამოუცხადეს ერთმანეთს. ამბიონებიდან, ლოცვის ნაცვლად, სულ უფრო ხშირად ისმის ურთერთბრალდებები და მუქარა.

რა ხდება ეკლესიაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა?

დასავლეთი – განხეთქილების ვაშლი

როდესაც 2016 წლის 30 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპის ფრანცისკეს თვითმფრინავი დაეშვა, “დიდ პონტიფიკოსს” ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღია დაპირისპირების საბაბად მოინათლებოდა.

თბილისის აეროპორტთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი “მართლმადიდებელ ქვეყანაში” “მწვალებელი” პაპის ვიზიტს აპროტესტებდნენ.

მღვდელმა დავით ისაკაძემ, რომელიც ამ პროტესტს სათავეში ედგა, პაპი ფრანცისკე “ეშმაკის პირველმსახურზე უარესად” მოიხსენია, ხოლო მისი მომწვევი, საქართველოს პრეზიდენტი – კომედიანტად. 

პაპის ვიზიტის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია, მთავრობის წევრებთან ერთად, ბრიუსელს ეწვია. სასულიერო პირებმა შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს სათავო ოფისებში გამართეს.

განხეთქილება, რომელიც პაპის ვიზიტისთვის მომწიფდა, მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ კიდევ ზაფხულში, კუნძულ კრეტაზე დიდ საეკლესიო კრებაში მონაწილეობის საკითხის გარშემო დაიწყო. სკანდალურად ცნობილმა ორგანიზაციამ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” არ დააყოვნა და მოსალოდნელ კრებას “ავაზაკთა” და “განდგომილთა” უწოდა. კრეტაზე არწასვლის გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა 10 ივნისის საგანგებო სხდომაზე მიიღო. თეოლოგები და სასულიერო პირების ნაწილი ამბობდა, რომ ამ ნაბიჯით მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულ იზოლაციაში მოიქცია თავი და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი რუსულ ორბიტაზეა. კრებაზე არც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წავიდა.

ასე დაიწყო თანამედროვე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში პირველი ღია დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის. ეკლესიის შიგნით განხეთქილებაზე თეოლოგები და ექსპერტები, დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა იგი საჯარო არასოდეს გამხდარა.

ბოლო ერთი თვეა, სხვადასხვა მხარის წარმომადგენელი სასულიერი პირები ერთმანეთს “დაჯგუფებებს”, “ეკლესიის მტრებს”, “ერეტიკოსებს”, “მწვალებლებს”; “ფუნდამენტალისტებს”, “ბნელებს”, “უწიგნურებს”, “მეოთხე სტადიის სიმსივნეს” უწოდებენ.

სასულიერო პირები წერენ სტატუსებს ფეისბუკზე, სადაც ეკლესიის მოსალოდნელ განხეთქილებაზე მიანიშნებენ და საქართველოს “თალიბანიზაციას” წინასწარმეტყველებენ.

პარალელურად, აშკარა ხდება ეკლესიის შიგნით არსებული კონფლიქტი პატრიარქობის მომავალ შესაძლო კანდიდატებს შორის, რომელთაგანაც ერთ-ერთი მეუფე დიმიტრი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ძმიშვილი, და ამავე დროს ყველაზე ექსტრესმიტული ჯგუფის, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მფარველი იერარქია. რელიგიის საკითხების მკვლევარებისა და კომენტატორების თქმით, დიმიტრი შიოლაშვილი დაუპირისპირდა ქორეპისკოპოს იაკობს. ამ უკანასკნელს კი, მათი აზრით, ზურგს, როგორც ჩანს, სახელმწიფო უმაგრებს.

თუ მანამდე ჟურნალისტები ამ თემას გვერდს უვლიდნენ, გასულ კვირას ყვითელ გაზეთ “პრაიმ-თაიმში” იწერება სტატია, სადაც კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ჟურნალისტი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების კორუფციულ გარიგებებზე და საპატრიარქოს ქონების მიტაცებაზე საუბრობს. მათ შორის, ლაპარაკია კონკრეტულ სასულიერო პირზე, რომელმაც, გაზეთის ინფორმაციით, საპატრიარქოს ბალანსზე არსებული სამშობიარო სახლის შენობა კერძო კომპანიას გადასცა და სანაცვლოდ, თბილისის ცენტში მილიონნახევრად ღირებული საცხოვრებელი პენტჰაუზი მიიღო.  ეს სასულიერო პირი პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძეა, რომელიც ბრიუსელში სასულიერო პირების დელეგაციას ხელმძღვანელობდა. რაც ყველაზე საინტერესოა, სამღვდელოების ნაწილი ამ სტატიას შავ პიარს უწოდებს, და ამბობს, რომ იგი საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფების  მიერვეა დაკვეთილი.

22 დეკემბერს, ვითარების განმუხტვის მიზნით, წმინდა სინოდი შეიკრიბა. თუმცა, კრებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა ის მძიმე ვითარება, რაც ეკლესიაშია შექმნილი.

სინოდის წევრებმა დაადასტურეს, რომ საპატრიარქოში პრობლემებია და “რუხ კარდინალებზე” ალაპარაკდნენ, რომლებიც სიტუაციას განგებ ამწვავებენ. ასეთ რუხ კარდინალად შორენა თეთრუაშვილი დასახელდა – პატრიარქის მდივან-რეფერენტი ქალი, რომელიც წლებია, პატრიაქის გვერდით მუშაობს და მასზე, როგორც საპატრიარქოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ოდიოზურ ფიგურაზე ბევრს საუბრობენ.

ქვეყანაში, სადაც პატრიარქისა და ეკლესიის როლი და ავტორიტეტი განუზომლად დიდია, საეკლესიო სკანდალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

მთავარი კითხვა, რომელსაც გარეშე დამკვირვებლები სვამენ – რა ხდება ეკლესიაში, რისთვის მიდის ბრძოლა სინამდვილეში, და არის თუ არა ეს დაპირისპირება ფუნდამენტალისტურ და შედარებით ლიბერალურ ფრთას შორის?

“როგორც ჩანს, ექსტრემისტულ ჯგუფებს უნდათ მოიპოვონ დომინანტური მდგომარეობა ეკლესიაში, და მათ ოპოზიცია გამოუჩნდა. შესაძლოა, საპატრიარქო ტაქტიკურად ემიჯნება რადიკალურ ფრთას, თუმცა იდეოლოგიურად მათ მხარს უჭერს; ასევე შესაძლოა, იმდენად არაკონტროლირებადი გახდა ეს დაჯგუფება, რომ სასულიერო პირების ნაწილი მიხვდა, რომ ეკლესიას საბოლოოდ ასეთი პოზიციონირება დააზარალებს”, – ამბობს თეოლოგი ლევან აბაშიძე.

არსებობს ვარაუდები იმის თაობაზეც, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩართულ სასულიერო პირებს მხარდაჭერა პოლიტიკურ ხელისუფლებაშიც აქვთ, სწორედ ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ თამამ განცხადებებს სამღვდელოება აკეთებს ახლა, მაშინ როცა მათი უმრავლესობა ეკლესიის შიგნით შეუწყნარებლობასა და ექსტრემიზმზე დიდი ხნის განმავლობაში თვალს ხუჭავდა. 

cover

პატრიარქი – ნომერ პირველი ავტორიტეტი

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 83,5 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს.

ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში მართლმადიდებელი ეკლესია მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღმავლობის ხანა 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო.

ეროვნული მოძრაობის პერიოდში და ასევე ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას (1992-2003) ომების, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის, კორუფციის, მასშტაბური კრიმინალის, ეკონომიკური სიდუხჭირისა და ტოტალური სოციალური დაუცველობის ფონზე, მართლმადიდებელმა ეკლესიამ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქცია შეითავსა და  სოციალურ-პოლიტიკურ ველზე არსებული ვაკუუმი ამოავსო. ეკლესია საზოგადოებისთვის აღმოჩნდა ერთადერთი  ინსტიტუტი, რომელიც სტაბილურობის განცდას ქმნიდა.

საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი არ აქვს, კონსტიტუცია აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში, თუმცა პრაქტიკულად, იგი შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს.   

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში 1977 წლიდან დგას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე (ილია შიოლაშვილი), რომლის ნდობის რეიტინგი სხვა ყველა საჯარო პირის რეიტინგზე განუზომლად დიდია და თითქმის ორჯერ უსწრებს პრეზიდენტისა და პრემიერის მაჩვენებლებს. სწორედ ილია მეორის პირადი ავტორიტეტი სახელდება საქართველოში ეკლესიის განსაკუთრებული პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად.

პატრიარქის სადღგერძელო დღეს ისმის ტრადიციულ ქართულ სუფრაზე; ზოგ ეკლესიაში გვხვდება მისი ხატები; მისი ნათლულობის ხათრით, ოჯახები მესამე შვილს აჩენენ [პატრიარქის ინიციატივით, 2008 წლიდან მართლმადიდებელ ოჯახში დაბადებული ყოველ მესამე ბავშვს ის თავად ნათლავს. საყოველთაო ნათლობის რიტუალი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას]; როდესაც პატრიარქი ამბობს, რომ მასაც სურს პატიმრების შეწყალების უფლება ჰქონდეს, მთავრობა მზად არის თეოკრატიული მმართველობის შესაძლებლობის სერიოზული განხილვა დაიწყოს; ვის უფრო მეტად უყვარს  პატრიარქი, ამაზე მართალია ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც საჯაროდ მსჯელობენ ქვეყნის პირველი პირები – ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემირ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

84 წლის პატრიარქი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სულ უფრო იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში. იმაზე, თუ ვინ დაიკავებს პატრიარქის სავარძელს ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია არა მხოლოდ ეკლესიის ბედი, არამედ გარკვეულწილად ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვექტორიც. თეოლოგები და მკვლევარები ეკლესიაში ბოლო დროს არსებულ განხეთქილებასაც სწორედ პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეებს შორის დაპირისპირების ჭრილში განიხილავენ.

ეკლესია – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაცია

საქართველოში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას 2002 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება არეგულირებს.

ამ დოკუმენტით სახელმწიფო ადასტურებს, რომ საბჭოთა ეპოქის დროს ეკლესიას მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა და იგი ამ ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე იღებს ვალდებულებას. სწორედ ზიანის ანაზღაურებას უწოდებს ეკლესია სახელმწიფოს მიერ მისთვის გაწეულ დიდძალ მატერიალურ მხარდაჭერას, რაც საქართველოს კონსტიტუციით აღირებული სეკულარობის პრინციპებიდან გამომდინარე, სამართლებრივად დაუსაბუთებელი პრაქტიკაა.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებს  დაახლოებით 25 მილიონ ლარს. გარდა ამისა, მილიონობით ლარი საპატრიარქოს ადგილობრივი, მუნიციპალური ბიუჯეტებიდანაც გადაეცემა და ასევე, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან. მოქალაქეების გადასახადებით დაგროვებულ რესურსებს საპატრიარქო ძირითადად არასეკულარული მიზნებისთვის, რელიგიური ინდოქტრინაციის, ახალი ეკლესია-მონასტრების მშენებლობისა და ხშირად, ფუფუნების საგნების შეძენისთვის იყენებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საპატრიარქოს საკუთრებაშია დიდძალი უძრავი ქონებაც – 565 მიწის ნაკვეთი და 243 შენობა-ნაგებობა, ჯამური ფართობით 1674 ჰა. ამ რაოდენობის ფართობზე ქალაქ მცხეთაზე დაახლოებით ექვსჯერ დიდი ქალაქი გაშენდებოდა.

ამ ქონების დიდი ნაწილი  საპატრიარქოს სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. აღნიშნულ ქონებას კერძო კომპანიებისა და მრევლის შემოწირულობაც ემატება.

ეკლესია სხვა შეღავათებითაც სარგებლობს – სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, იგი არ იხდის გადასახადებს. საქართველოში ბევრგან ნახავთ საეკლესიო მაღაზიების ქსელს, სადაც ხატები, სანთლები და სხვა საეკლესიო ინვენტარი იყიდება. იურისტების თქმით, მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიების გამო, მსგავსი პროდუქციის წარმოება და გამოყენება საპატრიარქოს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე სხვა კონფესიებს.

ეს ფულადი შემოსავლები, უძრავ-მოძრავი ქონება და კანონით განსაზღვრული უპირატესობები ეკლესიას ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ორგანიზაციად აქცევს საქართველოში.

 ეკლესია და პოლიტიკა: “მე დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია”

თუ წლების განმავლობაში  საპატრიარქოსთვის გაცემული დაფინანსების დინამიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც ქვეყანაში ან არჩევნები ან რაიმე პოლიტიკური კრიზისია.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ორმხრივ ინტერესებზეა დაფუძნებული – ეკლესია, ხელისუფლებისგან მხარდაჭერის სანაცვლოდ, ეკონომიკურ დივიდენდებს ელოდება, პოლიტიკოსებისთვის კი, პატრიარქთან სიახლოვე და სანთლებისა და ხატების ფონზე პოზირება ამომრჩეველთა გულის მოგების მოკლე გზა და წარმატებული კარიერის გარანტია.

ეკლესიის, როგორც გავლენიანი ინსტიტუტის, გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

საქართველოს ტელეარქივში შემონახულია 1992 წელს სიონის საკათედრო ტაძარში ედუარდ შევარდნაძის ნათლობის კადრები. ყოფილი საბჭოთა პარტ-ლიდერი პირადად პატრიარქმა მონათლა და ამით მძიმე სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლების ლეგიტიმაცია უზრუნველყო.

ბევრად უფრო რთული იყო ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობა “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსული ხელისუფლების პირობებში. ეკლესია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერად იმთავითვე არ აღიქმებოდა. სააკაშვილი ეკლესიის გულის მოგებას დაფინანსების გაზრდით შეეცადა, თუმცა იდეოლოგიური დაპირისპირების გამო, ეს ტანდემი მაინც ვერ შედგა.

სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის მეორე ნახევარში ეკლესიის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა და მის შიგნით ექსტრემისტული ფრთა ისევ გაძლიერდა. დამკვირვებელთა აზრით, ეს იყო ეკლესიის თავდაცვითი რეაქცია ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და რეფორმებზე, რასაც  სააკაშვილის გუნდი ატარებდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირების დიდი ნაწილი ღია და დაუფარავ პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდა ამბიონებიდან სააკაშვილის წინააღმდეგ და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტიას “ქართული ოცნებას” უჭერდა მხარს.

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა – საგურამოს წმიდა ილია მართლის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა მონასტრის გალავანზე  “ქართული ოცნების” დროშა ააფრიალა და ამ პარტიის გამარჯვებას “ღვთის სასწაული” უწოდა.  

დღეს პოლიტიკურ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უფრო ჰარმონიული ურთიერთობაა. ხელისუფლება ეკლესიის მიმართ ლოიალობას იჩენს, რაც ნაწილობრივ, იდეოლოგიური სიახლოვითაც არის განპირობებული.

რელიგიური ჯგუფების გავლენა ხელისუფლებაზე განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც მთავრობა ან პარლამენტი მუშაობენ რაიმე ინიციატივაზე ან კანონპროექტზე, რომელსაც ეკლესია არ ეთანხმება.

მაგალითად, ეკლესია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რომლის არსი ადამიანის უფლებების დაცვა და სხვადასხვა, მათ შორის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლაა.

ამ კანონპროექტზე ეკლესიის შეტევამ  მმართველი პარტიის დეპუტატები ისე დააფრთხო, რომ ერთ-ერთმა პარლამენტარმა, გედი ფოფხაძემ ასეთი რამეც კი თქვა: “თუ სინოდი იტყვის, არ დაუჭიროთ მხარიო, მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე… მე დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია.” პარლამენტმა აღნიშნული კანონი მაინც მიიღო, რადგან მის მიღებას საქართველის საერთაშორისო ინსტიტუტები ავალდებულებდნენ, თუმცა, ეკლესიამ მის ტექსტში გარკვეული კორექტივების შეტანა მაინც მოახერხა. 

რელიგია საჯარო სკოლებში

2017 წლის სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები გაივლიან ახალ საგანს, “მე და საზოგადოება”.  საგნის სტანდარტი 2016 წლის ივნისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთწლიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა.

საგნის მიზანი მოსწავლეებისთვის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაა. სტანდარტის თავდაპირველ სამუშაო ვერსიაში შედიოდა თავი, “რისი მწამს და რისი მჯერა”, ასევე სადისკუსიო თემები “რატომ არ შეიძლება რელიგიის სახელით ძალადობა”, “რატომ უნდა ვცეთ პატივი განსხვავებული რწმენის ადამიანს” და აშ.

სამინისტროს ეს ინიციატივა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და კონსერვატულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა  ეროვნულ ტრადიციებზე თავდასხმად შეაფასეს – სამინისტროს სახელზე იწერებოდა პეტიციები, სასულიერო პირები აწყობდნენ აქციებს.

ეკლესიის მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგ სტანდარტის უკვე დამტკიცებული ვარიანტი სხვაგვარად გამოიყურება –  ტერმინები, “ტოლერანტობა”, “უმცირესობა” “გენდერი” აქ უკვე აღარ წერია.

განათლების მინისტრმა კი, ამ საქმით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ურჩია “ცოტა მოკრძალებით ილაპარაკონ, მით უმეტეს, როცა საქმე პატრიარქს და ეკლესიას ეხება”.

სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებული და რელიგიურად ნეიტრალური საგანმანათლებლო სისტემის არარსებობის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციები და მკვლევარები სამინისტროს მუდმივად აკრიტიკებენ.

საჯარო სკოლებში დღემდე გადაულახავი პრობლემაა რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი.

მაგალითად, პრესაში გაშუქებულა შემთხვევა, როდესაც 14 წლის მოზარდს უფროსკლასელებმა იმის გამო სცემეს, რომ მას რელიგიური სასწაულების არ სჯეროდა. ასევე ჰქონდა ადგილი იეჰოვას მოწმე მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას; იყო შემთხვევა, როდესაც ფიზკულტურის გაკვეთილის ნაცვლად, მოსწავლეები სალოცავად მეზობელ ეკლესიაში წაიყვანეს, ხოლო  აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ მოსწავლეს პედაგოგებმა უთხრეს, რომ იგი მამა-პაპის სარწმუნოებას ღალატობს. სკოლებსა და საკლასო ოთახებში ხშირად მოწყობილია სამლოცველოები და ხატების კუთხე, რომლებსაც მღვდლები საზეიმოდ აკურთხებენ; ბევრგან გაკვეთილი იწყება “მამაო ჩვენოს” კითხვით.

საქართველოს კანონმდებლობით, ყველაფერი სხვაგვარადაა. ზოგადი განათლების შესახებ კანონი საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციასა და რელიგიური სიმბოლიკის არააკადემიური დანიშნულებით გამოფენას კრძალავს, თუმცა სამინისტრო სისტემურ პრობლემაზე წლებია, თვალს ხუჭავს, რადგან დომინანტი რელიგიური ჯგუფის განაწყენებასა და საპატრიარქოსთან პრობლემებს ერიდება.

 17 მაისი, ფუნდამენტალისტები და რუსული ნარატივი

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშიროსო დღეს სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდასაჭერად იყო გამოსულნი.

“ქართველი გეები არ არსებობენ”, – ყვიროდნენ სასულიერო პირები. ერთ-ერთ მათგანს აქციის მონაწილეთა დასარბევად “ტაბურეტკაც” კი ჰქონდა წამოღებული.

საქართველოს ეკლესიის გარკვეულ ნაწილში გამეფებული ფუნდამენტალისტური განწყობების შესახებ დღეს უკვე განცხადებები ეკლესიის წიაღიდანვე კეთდება.

ბოლო პერიოდის დაპირისპირების დროს სასულიერო პირთა ერთი ნაწილი მეორეს უწიგნურობაში, სიბნელეში, ფუნდამენტალიზმსა და კაცთმოძულებაში ადანაშაულებს.

17 მაისი რელიგიური ფანატიზმის გამოვლენის ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. მსგავსს შემთხვევებს ხშირად აქვს ადგილი ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან, რაც ხშირად ისმის ქადაგებებში, ზოგჯერ კი უფრო აგრესიულ, ძალადობრივ ფორმებს იღებს.

მაგალითად, სასულიერო პირთა რადიკალური ფრთა ცდილობს მოსახლეობის მობილიზებას ID ბარათების წინააღმდეგ. მათი თქმით, მორწმუნეებმა ახალი პირადობის მოწმობები არ უნდა აიღონ, რადგან იქ “მხეცის ნიშანია” ჩაბუდებული. ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მესიჯებთან ერთად ქადაგებების დროს ეკლესიის ამბიონებიდან ხშირად ისმის ანტიდასავლური და პრორუსული როტორიკა – “ევროპა, რომელიც გვრყვნის, “ამერიკა, რომელიც ჩვენგან აღვიარხსნილობის და ჰომოსექსუალობის დაკანონებას ითხოვს”, ხოლო “რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე ქვეყანაა”.

სარწმუნოების სახელით მოძალადე ერთ-ერთი  ორგანიზაციის, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” იდეოლოგი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი დეკანოზი დავით ისაკაძეა. ეს სწორედ ის მღვდელია, რომელიც საქართველოში პაპის ვიზიტს აპროტესტებს და ამ არგუმენტს სხვა სასულიერო პირებთან დაპირისპირების საბაბად იყენებს.  

“მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირი” ბოლო წლებში გამოდიოდა კათოლიკური ტაძრებისა და მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგ, მისი წევრები მთავარ საფრთხეებად ასახელებენ გლობალიზაციასა და ლიბერალურ ღირებულებებს, არბევენ ჰელოუინს, 2009 წელს კი ამ ორგანიზაციის წევრები ტელეკომპანია “კავკასიაში” პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ და გადაცემის სტუმრებს და წამყვანის სცემეს, რადგან არ მოსწონდათ იმ წიგნის შინაარსი, რომელზეც გადაცემაში მიდიოდა მსჯელობა.

საპატრიარქოს ექსტრემისტების მოქმედება საჯაროდ არასდროს დაუგმია, პირიქით, პატრიარქმა მათ მიმართ ლოიალობა საჯაროდ რამდენჯერმე გამოხატა, მათ შორის უცხოურ მედიასთანაც. 2010 წელს რადიო “ბიბისის”-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, “თუკი ეს ორგანიზაცია შეიქმნა საპატრიარქოს ნებართვის გარეშე, მაშინ რატომ არ გმობთ მათ ექსტრემიზმს”, პატრიარქმა უპასუხა: “იმიტომ, რომ მიზნები მათი არის კეთილი”.  საყვედურის ნაცვლად, პატრიარქმა რამდენიმე წლის წინათ  დეკანოზი დავით ისაკაძე გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებითაც დააჯილდოვა.

ბევრს აშფოთებს ის ულტრაკონსერვატიული მიდგომები და შეუწნარებლობა, რომელიც ეკლესიაში დომინირებს.

“ამ პროცესში არც ერთი მხარე არ წარმოადგენს იმგვარ ძალას, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება ბოლომდე ენდოს, ყოველი შესაძლო შედეგი გაუთვლელია”, – ამბობს ლევან სუთიძე, გადაცემა “საუბრები რელიგიაზე” ავტორი და წამყვანი. მისი თქმით, კონფლიქტი რომელმაც საჯარო სივრცეში გაჟონა, საერთო ჯამში, შესაძლოა საზოგადოებას ეკლესიის ძალაუფლების დაბალანსებაში დაეხმაროს, და ხელი შეუწყოს ეკლესიაში უფრო ზომიერი ძალის გაძლიერებას.


ასევე წაიკითხეთ