„პუტინს საკუთარი პუტინი სჭირდება“ - როგორ აბეტონებს რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხელისუფლებას " />

პუტინმა გადატრიალება მოაწყო, რათა სამუდამოდ დარჩეს ხელისუფლებაში?

„პუტინს საკუთარი პუტინი სჭირდება“ - როგორ აბეტონებს რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხელისუფლებას

რუსეთში, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა, რომლის ინიციატორიც, ქვეყნის ყოვლისშემძლე მმართველი, ვლადიმირ პუტინი გახდა.

ბოლო მოვლენებს, დაახლოებით ასეთ შეფასებას აძლევს რუსი და საერთაშორისო ექსპერტების უდიდესი ნაწილი.

ყველაფერი 24 საათის განმავლობაში მოხდა. 2020 წლის 15 იანვარს, პრეზიდენტმა პუტინმა საკონსტიტუციო რეფორმა დააანონსა, უკვე სამი საათის შემდეგ კი, გადადგა მთელი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით.

მომდევნო დღეს, 16 იანვარს, რუსეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა – მიხაილ მიშუსტინი – ფედერალური საგადასახადო სამსახურის 53 წლის ხელმძღვანელი.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ვინ არის მიშუსტინი? პასუხები მთავარ კითხვებზე.

კალინინგრადის მცხოვრებლები ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, ტელევიზორში უყურებენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლას. 19 დეკემბერი, 2019. REUTERS/Vitaly Nevar

2024 წლის პრობლემა, როდესაც პუტინი პრეზიდენტის პოსტიდან უნდა წავიდეს

ვლადიმირ პუტინის მთავარი პრობლემა – ძალაუფლების შენარჩუნება 2024 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, პუტინს კი მასში მონაწილეობის აღარანაირი უფლება აღარ აქვს.

„კონსტიტუციის შესწორება – ეს ხელისუფლების ჩაბეტონებაა. ჩვენ ახალ რეალობაში ვიწყებთ ცხოვრებას. ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია“, – მიაჩნია რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ მიმომხილველს, მიხაილ ფიშმანს.

რუსეთსა და დასავლეთში ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადადგომა, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე საუბარი ბევრს არაფერს ნიშნავს და ამ ყველაფერს ცვლილებების იმიტაცია შეგვიძლია ვუწოდოთ.

მთავარი, რაც რუსეთში მოხდა – პუტინმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დარჩეს და ეს საკონსტიტუციო ცვლილებებით გაამაგრა.

• რუსეთი – ქურდების სამოთხე? როგორ გადაიქცა პუტინის ხელში ქუჩის კრიმინალი მაფიოზურ სახელმწიფოდ

კგბ და ვლადიმირ პუტინი: 20-წლიანი გზა

რა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განაცხადა პუტინმა

ის, რაც პუტინმა მოსალოდნელი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ განაცხადა, ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული და პოლიტიკოსებს უჭირთ შეაფასონ, კონკრეტულად, რა და რატომ იცვლება.

ასევე, გაურკვევლობა გამოიწვია იმ ჯგუფის შემადგენლობამ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ამზადებს. 75 ადამიანიდან, იქ მხოლოდ 11-ია იურისტი, დანარჩენები კი სპორტსმენები, მუსიკოსები, მწერლები და კაზაკთა მოძრაობის ლიდერები არიან.

ამ რეფორმის კენჭისყრა უკვე 2020 წლის გაზაფხულზეა შესაძლებელი.

ექსპერტები ცვლილებების შესახებ ორ განცხადებას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად:

• შეიცვალოს პრეზიდენტის ვადების რაოდენობის შეზღუდვა

ჯერჯერობით გამოცხადებულია, რომ კონსტიტუციის ტექსტიდან ერთ მნიშვნელოვან სიტყვას ამოიღებენ. ეს სიტყვა არის „ზედიზედ“ ფრაზაში: „ერთსა და იმავე პირს არ შეუძლია ზედიზედ ორზე მეტჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე“.

ამ სიტყვის გამო პუტინი, პრეზიდენტის სავარძელში 10 წლის (2 ვადის) გატარების შემდეგ, იძულებული გახდა ოთხწლიანი შესვენება გაეკეთებინა, სავარძელი ნდობით აღჭურვილი პირისთვის, დმიტრი მედვედევისთვის გადაეცა და კრემლში 2012 წელს, კიდევ ორი ვადით ანუ 12 წლით დაბრუნებულიყო.

თეორიულად, ახლა, ახალი კონსტიტუციის მიღებისა და სიტყვის „ზედიზედ“ ამოღების შემდეგ, პუტინს კვლავ შეუძლია პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს და ხელისუფლებაში კიდევ 12 წელი დარჩეს.

მაგრამ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მას საერთოდ არაფერი უშლის ხელს, რომ კონსტიტუციიდან ორი ვადის შესახებ მუხლიც ამოიღოს. ასე უფრო მარტივი იქნება ყველაფერი.

• პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და მინისტრების დამტკიცების ახალი წესი

ახალი სქემით, პრეზიდენტი წარუდგენს სახელმწიფო დუმას პრემიერის კანდიდატურას და აქ განსაკუთრებული სიახლე არაფერია. მაგრამ პრემიერს თავად არ შეუძლია მთავრობის ფორმირება – ახლა დუმა დაამტკიცებს მინისტრებსა და ვიცე-პრემიერს.

რუსი პოლიტტექნოლოგი, აბას გალიამოვი ამ საკითხს ახალ სქემაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პუტინი მომავალში საკუთარ თავს სახელმწიფო დუმის სპიკერად ხედავს:

„სქემა შეიძლება ასეთი იყოს: ის პრეზიდენტად მორჩილ მემკვიდრეს დანიშნავს, თვითონ სპიკერი გახდება, პრემიერის კანდიდატურას მასთან შეათანხმებენ, მინისტრებს კი მთლიანად თავად დანიშნავს“.

ვინ არის რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი

უნიჭო საჯარო პოლიტიკოს დმიტრი მედვედევს შეცვლის უნარიანი ორგანიზატორი და ჭკვიანი მენეჯერი მიხაილ მიშუსტინი, – დაახლოებით ასეთ კომენტარს აკეთებს რუსეთში მიმდინარე ცვლილებებზე ექსპერტების უმრავლესობა.

ამავდროულად, უკვე გამოქვეყნებულია ჟურნალისტური გამოძიებები, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ მიშუსტინი ძალიან მდიდარი ადამიანია რუსული უმაღლესი თანამდებობის პირის საზომითაც კი.

მოკლედ, რა არის ცნობილი რუსეთის ახალ პრემიერზე:

მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უკვე „პუტინის პუტინს“ უწოდებენ. მოსკოვი, 16 იანვარი, 2020. REUTERS/Evgenia Novozhenina

• რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის 10 წლის განმავლობაში, მიშუსტინმა გაასამმაგა ბიუჯეტში გადარიცხვები. რუსულ გაზეთ „ვედომოსტისთან“ ინტერვიუში, მან თავად მოიყვანა შთამბეჭდავი რიცხვები: ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში მშპ-ის ზრდამ 1,2% შეადგინა, საგადასახადო შემოსავლების ზრდამ კი – თითქმის 70% (39,6% ინფლაციის გარეშე).

• ასევე, მიშუსტინმა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ონლაინზე გადაიყვანა მთელი გადასახადების გადახდის სისტემა, ამასთან, ქვეყანაში ნებისმიერი საქმიანი აქტივობის კონტროლის ეფექტიანი სისტემა შექმნა.

• საგადასახადო სამსახური რუსეთში ყველაზე ციფრული სტრუქტურა გახდა. ამას იმას უკავშირებენ, რომ მიშუსტინის პირველი დიდი საქმე 1990-იანებში საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის შექმნა იყო, რომელმაც პირველმა დაიწყო რუსეთში დასავლური ტექნოლოგიების დანერგვა. ფაქტობრივად, სწორედ ამ კლუბმა შემოიყვანა რუსეთის ბაზარზე Intel, IBM, Motorola, Hewlett-Packard, შემდეგ Apple და სხვები.

• მიშუსტინს სერიოზულ მეცნიერადაც მიიჩნევენ. 2010 წელს, მან სადოქტორო დისერტაცია საგადასახადო მეცნიერების სფეროში დაიცვა და მისი სამეცნიერო ნაშრომი აქამდე არავის დაუყენებია ეჭვქვეშ.

• ამასთან, მიშუსტინი მონაწილეობს პრეზიდენტ პუტინის საყვარელ გართობაში – ისინი ერთ გუნდში თამაშობენ ჰოკეის.

ახალი პრემიერის სიმდიდრის შესახებ:

• გამოცემა „ღია მედია“ იუწყება, რომ მისი ოჯახი ელიტურ რუბლევო-უსპენსკის მაგისტრალზე 2,6 ჰექტარ მიწასა და ხუთ საცხოვრებელ სახლს ფლობს. პრემიერის დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერი წერია. მთელი უძრავი ქონება, დაახლოებით, 25 მილიონი დოლარი ღირს.

• მთავარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გამოცემა წერს, რომ მთავრობის ახალი მეთაურის მეუღლემ, ვლადლენა მიშუსტინამ საშემოსავლო დეკლარაციის თანახმად, უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 800 მილიონი რუბლი (10 მილიონ დოლარამდე) გამოიმუშავა.

2016 წელს, Forbes-მა მიშუსტინის მეუღლე ჩინოვნიკების ყველაზე შეძლებული მეორე ნახევრების სიაში შეიყვანა. მაგრამ, ამავე დროს, მის სახელზე არც ერთი კომპანია არ არის დარეგისტრირებული.

• „რადიო თავისუფლებამ“ ისაუბრა „ცხოვრების იმ მდიდრულ სტილზე“, რომელსაც რუსეთის ახალი პრემიერის ნათესავები ეწევიან – დაფრინავენ პირადი თვითმფრინავებით, ისვენებენ ევროპის საუკეთესო კურორტებზე, მათი შვილები კი სწავლობენ შვეიცარიაში, ძვირადღირებულ სკოლებში.

• გაზეთმა „ვედომოსტიმ“ აღმოაჩინა, რომ მიშუსტინმა ორი სიმღერის მუსიკა დაუწერა რუსეთში პოპულარულ მომღერალს, გრიგორი ლეპსის.

თუკი შუალედურ შეფასებას გავაკეთებთ

მიშუსტინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს პირველ რიგში იმისათვის, რომ განახორციელოს პუტინის ამბიციური „ეროვნული პროექტები“ და აამაღლოს რუსეთში მნიშვნელოვნად დაცემული ცხოვრების დონე.

ბევრი ექსპერტის აზრით, უცვლელი პრემიერის, დმიტრი მედვედევის მიერ ამ სოციალური პროგრამების ჩაგდება და გაზრდილი ხელფასები გახდა მისი გადადგომის მთავარი მიზეზი.

ამავდროულად, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პუტინს მიშუსტინი „პუტინის ელიტაში“ არსებული დაპირისპირებული დაჯგუფებების გასაკონტროლებლად სჭირდება.

„ყველაზე მეტად კრემლს აწუხებს არა მოსახლეობასთან ურთიერთობა, არამედ წესრიგის დამყარება უახლოეს გარემოცვაში. იმან, ვინც საგადასახადო სამსახურიდან მოდის, იცის, „სად არის გვამები დამარხული“, სავარაუდოდ, ამ მხრივ, ის ძალიან სასარგებლო ადამიანია პუტინისთვის“, – აცხადებს ლონდონის სამეფო კოლეჯის რუსული ინსტიტუტის დირექტორი, სემ გრინი.

პუტინს საკუთარი პუტინი სჭირდება“, – აჯამებს რუსული რეალობის მცოდნე, პროფესორი მარკ გალეოტი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში, ჰოკეიში ამხანაგური მატჩის დაწყებამდე. 2019. Reuters


ასევე წაიკითხეთ