ზუსტად 20 წლის წინ პუტინი რუსეთის უშიშროების შეფი გახდა. იმ დღეს დაიწყო მისი გზა პრეზიდენტობისკენ
20 წლის წინ, 1998 წლის ივლისში, რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი გახდა. ამ დღემ ბევრი რამ განაპირობა რუსეთის ისტორიაში.
მომდევნო წლინახევრის განმავლობაში მან სწრაფი კარიერული ნახტომი გააკეთა – ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტის.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ვებგვერდ „პუტინიზმის“ რედქტორი, მკვლევარი არტიომ კრუგლოვი ჰყვება, თუ ვინ იყო პუტინი ვიდრე მას მსოფლიო გაიცნობდა და რას საქმიანობდა ის 1980-1990-იან წლებში.
პუტინი 1980-იან წლებში
ეს იშვიათი კადრები 1998 წელს არის გადაღებული – მაშინდელი მთავრობის მეთაური სერგეი კირიენკო უშიშროების ახალ შეფს ხელქვეითებს აცნობს.
„ჩემთვის უშიშროების ორგანოებში დაბრუნება – მშობლიურ სახლში დაბრუნებას ნიშნავს“, – აცხადებს პუტინი.
პუტინი მართლაც „მშობლიურ სახლში დაბრუნდა”. ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა „კაგებეს“ მე-5 სამართველოში (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი – „ფეესბეს“ წინამორბედი) – ანუ იმ განყოფილებაში, რომელიც „იდეოლოგიურ დივერსიებთან ბრძოლაზე სპეციალიზდებოდა“. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ეს ის ქვედანაყოფია, რომელიც საბჭოთა კავშირში განსხვავებულ აზრს ებრძოდა.
„1980-იანების ბოლოს დრეზდენში პუტინი ძირითადად საკანცელარიო საქმით იყო დაკავებული. ის სხვადასხვა ადამიანის ათასობით დოსიეს სწავლობდა – დრეზდენში სასწავლებლად ჩასული უცხოელ სტუდენტების, დასავლეთიდან ნათესავებთან ჩასული დასავლეთ გერმანელების. პუტინი ამ ისტორიებს შორის გადასაბირებლად შესაფერის ობიექტებს ეძებდა“, – ჰყვება არტიომ კრუგლოვი.
ტერორისტებთან თანამშრომლობის შესახებ
კრუგლოვის აზრით, პუტინი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის სპეციალურ პროგრამაში, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმს უჭერდა მხარს. რუსეთის მომავალი პრეზიდენტი თანამშრომლობდა, მაგალითად, დიტმარ კლოდოსთან, რომელიც ორგანიზაცია „წითელი არმიის ფრაქციის“ შემადგენლობაში დასავლეთ გერმანიაში ტერაქტებს ახორციელებდა.
კრუგლოვს მიაჩნია, რომ სწორეს „კაგებე“ ამარაგებდა ტერორისტებს იარაღით, ფულით და ყალბი საბუთებით.
„ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ტერორისტების პროფესიონალი ხელისშემწყობია”.
ჩეჩნური დანაშაულებრივი დაჯგუფებისა და პუტინისა და კადიროვის ძაველი კონტაქტების შესახებ
კრუგლოვი ასევე ჰყვება ჩეჩნური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შესახებ, რომელიც მოსკოვში 1080-იან წლებში გაჩნდა. ამ დაჯგუფებას „ლაზანის დაჯგუფება” ერქვა და მის სახელს 1990-იანების ბოლოს და ორიათასიანების დასაწყისში მთელი რიგი შეკვეთილი მკვლელობები და ტერაქტები უკავშირდება. კრუგლოვი ამბობს, რომ პუტინმა “ლაზანსკი დაჯგუფებასთან” საქმიანი კავშირები დაამყარა
„ჩეჩნეთის მეორე ომის დროს “ლაზანსკებს” აქტიურად იყენებდნენ ოპერატიულ ღონისძიებებში. მათი დახმარებით გამოძებნეს კადიროვი. მათივე დახმარებით მოკლეს ანა პოიტკოვსკაია („ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი-გამომძიებელი), რომელიც თავისი რეპორტაჟებით ჩეჩნეთზე კრემლს ხელს უშლიდა.
„ამ ბიჭების ხელით ბევრი ბინძური საქმე გაკეთდა. შემდეგ კადიროვმა ჩეჩნეთის მთელი ორგანიზებული დანაშაული თავის გარშემო შემოიკრიბა. ლაზანსკის დაჯგუფების ნარჩენებიც კადიროვის კლანის კონტროლქვეშ მოექცა. და ეს პუტინს ასევე ხელს აძლევდა“.
2000 წლის არჩევნების წინ მომხდარი ტერაქტების შესახებ
„ფეესბეს“ დირექტორის თანამდებობას პუტინი 1999 წლის აგვისტომდე იკავებდა, ვიდრე ელცინმა ის პრემიერ-მინისტრად არ დანიშნა.
პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი ძალიან რთული და იდუმალებით მოცული პერიოდია რუსეთის უახლეს ისტორიაში. ამ დროს რამდენიმე ტრაგედია მოხდა:
დაღესტანში ჩეჩენი ბოევიკები შეიჭრნენ; 1999 წლის სექტემბარში ქვეყანას საზარელი ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა – ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლები აფეთქდა, რასაც 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემდეგ, 2000 წლის სექტემბერში რუსეთში კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი აფეთქდა, დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.
მოგვიანებით, რუსეთის სასამართლომ ამ ტერაქტების ორგანიზატორად ჩეჩნები გამოაცხადა. ამ აფეთქებებმა პუტინს საშუალება მისცა ჩეჩნეთში საომარი ოპერაცია დაეწყო. ტერაქტები „მეორე ჩეჩნური ომის“ ერთ-ერთი მთავარ არგუმენტად იქცა. ხალხი ჩეჩნების დასჯას ითხოვდა და ახალ პრემიერს – პუტინს ამ ოპერაციაში მხარს უჭერდა.
ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის კრუგლოვი, მიიჩნევს, რომ აფეთქებები „ფეესბესა“ და პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ იყო ორგანიზებული. ჩეჩნეთში ომის გაჩაღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პუტინის ხელისუფლების სათავეში მოსულიყო..
ამ ვერსიის სასარგებლოდ კრუგლოვს ამგვარი არგუმენტი მოჰყავს:
1999 წლის 22 სექტემბერს რუსეთის ქალაქ რიაზანში უცნაური ექსცესი მოხდა. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შენიშნა, რომ მისი სახლის სარდაფში უცნობები ტომრებს ეზიდებიან, მან მილიციას აცნობა. ტომრებში თეთრი ფხვნილი და ტაიმერი აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა მოასწრეს. ექსპრეს-ანალიზმა უჩვენა, რომ ტომრებში ასაფეთქებელი ნივთიერება გეკსოგენი იყო.
თუმცა, შემდეგ მოხდა უცნაური რამ – ორ დღეში „ფეესბემ“ განაცხადა, რომ რიაზანში ნაპოვნ ტომრებში შაქარი იყო, და ზოგადად მთელი ეს ოპერაცია ფეესბეს მოწყობილი იყო სპეცსამსახურების წვრთნების ფარგლებში.
„როგორ მოხდა, რომ „ფეესბეს“ სამი თანამშრომელი საცხოვრებელ სექტორში „წვრთნებს“ ატარებდა „შაქრის“ ტომრებით, რომლებსაც, როგორც ანალიზმა უჩვენა, გეკსოგენის სუნი ასდიოდა? რატომ არავინ არაფერი იცოდა ამ წვრთნების შესახებ? არ დაგავიწყდეთ, რომ “ფეესბეს” ადგილობრივმა, რიაზანის განყოფილებამ საერთოდაც ტერორიზმის“ მუხლით სისხლის სამართლსი საქმე აღძრა. ეს რა წვრთნებია , რომელსაც ასეთი მძიმე მუხლით რეალური სისხლის სამართლის საქმე ახლავს?“ – სვამს კითხვას არტიომ კრუგლოვი.
და პასუხობს:
„სახლის მაცხოვრებელი, რომელმაც ტომრები აღმოაჩინა, მათ შემადგენლობას როგორც რაღაც გრანულებს და ყვითელი ფერის ვერმიშელს, ისე აღწერდა. ცნობისთვის: შაქრის ტიპის ფხვნილივით გექსოგენი გამოიყურება, ხოლო „მოყვითალო ვერმიშელი“ ეს არის ტროტილი – ფხვიერი სახით. სწორედ ასეთ ტროტილ- გექსოგენის ნაზავით აფეთქებდნენ სახლებს რუსეთის ქალაქებში 2000 წელს“.
2000 წელს ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა. 18 წლის შემდეგ კი, 2018 წელს ის თავის მესამე საპრეზიდენტო ვადას შეუდგა.