ვარშაველმა რესტავრატორებმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფასადი აღადგინეს. ეს ფასადი გასული საუკუნის დასაწყისში პოლონელი მხატვრის ორნამენტებითაა მოხატული" />

პოლონელი მხატვრის ძველი ქართული ორნამენტები. ვინ მოხატა ეროვნული ბიბლიოთეკა?

ვარშაველმა რესტავრატორებმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფასადი აღადგინეს. ეს ფასადი გასული საუკუნის დასაწყისში პოლონელი მხატვრის ორნამენტებითაა მოხატული

ორი ვიწრო ქუჩა, რომლის გადაკვეთაზე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა დგას, ამ უნიკალური მაღალი შენობის ხიბლიცაა და ამავდროულად დიდი თავსატეხიც.

ვიწრო სივრცე ხელს გიშლის შეათვალიერო შენობის უმშვენიერესი ორნამენტები.

გამვლელები იშვიათად სწევენ თავს, რომ ეს საოცარი ფასადი დაათვალიერონ.

ამ ესკიზის ავტორი საქართველოში დაბადებული პოლონელი მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკია.

ჰენრიჰ ჰრინევსკის (1864-1938) მოხატულია ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ კორპუსის დარბაზიც.

ქუთაისში დაბადებულ ამ პოლონელ კაცს, ტრაგიკული ისტორია აქვს. 1938 წელს ის საბჭოთა ხელისუფლებამ “ხალხის მტრად” გამოაცხადა და დახვრიტა. ჰრინევსკი პირადი არქივის გარეშე დარჩა.

ქართულ კულტურაზე შეყვარებულმა მხატვარმა დიდი მემკვიდრეობა დატოვა. მხოლოდ ბიბლიოთეკის ორნამენტები და მთავარი დარბაზი რად ღირს.

ამ დარბაზში ადრე სათავადაზნაურო ბანკის კრებები იმართებოდა. ამბობენ, დარბაზში შეკრებილი პუბლიკა ყველაზე მძიმე საკითხების განხილვის დროსაც კი ამ თვალწარმტაცი ჭერისკენ აპარებდა მზერას.

ჰრინევსკის ორნამენტების ინპირაცია ტაო-კლარჯეთის ძეგლების მოხატულობა გახდა.

საქართველოს მოწყვეტილი ტაო საზოგადოებისთვის იმ ხანად სრულიად უცნობი და მიუწვდომელი იყო.  ასე რომ, ჰრინევსკიმ თბილისის ცენტრში ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ძეგლების შესაცნობად ფაქტობრივად ერთადერთი და უნიკალური წყარო შექმნა.

თუმცა, წლების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების დროს, ფრესკები დაზიანდა. შენობის ეს ნაწილი კი დაილუქა.

2017 წელს, როდესაც საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სტუმრობდა, გადაწყდა, რომ ფრესკები აღდგებოდა. აღდგებოდა უნიკალური დარბაზიც.

მთელი სარესტავრაციო სამუშაოები პოლონეთის მთავრობის სახსრებით და პოლონელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა.

ვარშაველმა რესტავრატორებმა გახუნებულ და დაზიანებულ მხატვრობას ახალი სიცოცხლე შესძინეს. მათ ლამის მათემატიკური სიზუსტით გაიმეორეს ჰრინევსკის ფუნჯის მოძრაობა.

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების ბიბლიოთეკა უკვე პირველ სტუმრებს მასპინძლობს.

ჰენრიჰ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების დარბაზი


ასევე წაიკითხეთ