ახალ მთავრობაში პრორუსული და პროევროპული ძალები ერთად არიან. დემოკრატიული პარტია, რომელსაც ოლიგარქი ხელმძღვანელობს, ძალაუფლების დათმობას არ აპირებს" />

ორხელისუფლებიანობა მოლდოვაში – პარლამენტის მიერ მთავრობის დანიშვნამ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია

ახალ მთავრობაში პრორუსული და პროევროპული ძალები ერთად არიან. დემოკრატიული პარტია, რომელსაც ოლიგარქი ხელმძღვანელობს, ძალაუფლების დათმობას არ აპირებს

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. გუშინ პარლამენტმა, არჩევნებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ საბოლოოდ ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია და ახალი მთავრობა დანიშნა. კოალიციაში პრორუსული სოციალისტური პარტია და პროევროპული ბლოკი ACUM შევიდნენ. თუმცა ახალმა მთავრობამ მხოლოდ ერთი ღამე იარსება – საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტი დაითხოვა და პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა.

საპასუხოდ, პარლამენტმა განაცხადა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის მეთაურობით ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა. მისმა მხარდამჭერებმა დედაქალაქში შეკრება დაიწყეს.

კოალიცია და ახალი მთავრობა – ოლიგარქის მიერ “ძალაუფლების მიტაცების” წინააღმდეგ

8 ივნისს ბლოკ ACUM-ისა და სოციალისტური პარტიის წევრმა დეპუტატებმა პარლამენტის საგანგებო სხდომა გამართეს. NewsMaker- ის ცნობით, მათ აირჩიეს სპიკერი (სოციალისტების წარმომადგენელი, ზიდაიდა გრეჩანი) და სამი ვიცე-სპიკერი, ACUM- ის ლიდერი მაია სანდუ პრემიერად დანიშნეს და ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, რადგან წინა მთავრობას მოლდოვას დემოკრატიული პარტია აკონტროლებდა, რომელსაც ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი ხელმძღვანელობს .

• არჩევნების შედეგები მოლდოვაში: ლიდერობს პრორუსული პარტია, თუმცა მთავრობას ვერ აყალიბებს

პარლამენტმა ასევე მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც მოლდოვა “მიტაცებულ სახელმწიფოდ” არის გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს რეალურად ოლიგარქი აკონტროლებს.

სხდომას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის მოლდოვაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, რუსეთის ელჩი, აშშ-ს, ნიდერლანდების და სხვა საელჩოების წარმომადგენლები.

სხდომაზე არ იმყოფებოდნენ მოლდოვის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, პარლამენტის შენობაში ელექტროენერგია გათიშული იყო და იქ თანამშრომლებიც არ იმყოფებოდნენ.

მაია სანდუ, რომელიც 8 ივნისს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა REUTERS/Vladislav Culiomza 

საპასუხო დარტყმა – პარლამენტის დათხოვნა 

თუმცა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ახალი პარლამენტის გადაწყვეტილებები ცნობილი გახდებოდა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი უკანონოდ გამოაცხადა. ZDG- ს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ 7 ივნისის ამოიწურა ვადა, როდესაც 24 თებერვალს არჩეულ პარლამენტს მთავრობა უნდა ჩამოეყალიბებინა. თუმცა, ბევრი დეპუტატი და იურისტი ამტკიცებს, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა სამი თვე, და არა 90 დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპუტატებს კიდევ ერთი დღე ჰქონდათ ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

9 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იგორ დოდონს (რომელიც სოციალისტური პარტიას წარმოადგენს და მხარს უჭერს პარლამენტის მიერ არჩეულ ახალ მთავრობას), უფლებამოსილება დროებით ჩამოართვა. სასამართლომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პაველ ფილიპი დანიშნა, რომელიც არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. ფილიპმა დაუყოვნებლივ პარლამენტის დათხოვნა გამოაცხადა და 6 სექტემბრისთვის ახალი არჩევნები დანიშნა.

კიშინიოვში დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რომლებიც პარლამენტის გადაწყვეტილებებს არ აღიარებენ. პოლიციამ საჯარო დაწესებულებების დაცვა გააძლიერა.

 

მოლდოვის დემოკრატიული პარტიის მომხრეები კიშინიოვში, 9 ივნისი 2019. REUTERS/Valentyn Ogirenko

ახალი კოალიცია არ ნებდება

საკონსტიტუციო სასამართლოსა და მთავრობის გადაწყვეტილებების მიუხედავად, პარლამენტმა კვირას მუშაობა განაგრძო. დეპუტატებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ფილიპის მთავრობა უკანონოდ გამოაცხადეს და საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს უნდობლობა გამოუცხადეს.

მაია სანდუმ, რომელიც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია, ბრიფინგი გამართა და სახელმწიფო ინსტიტუტებს მოუწოდა დაიცვან კანონი და ახალ მთავრობას დაემორჩილონ. მან ასევე პოლიციასა და კარაბინერებს კანონის დაცვა მოსთხოვა.

პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ იგი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ არ მოუწოდებს, რადგან ამას შესაძლოა მასობრივი არეულობები მოჰყვეს. თუმცა, მას ყოფილ ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის  იმედი აქვს, რათა მათ აღიარონ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში 2019 წლის 24 თებერვალს პირველ ადგილზე სოციალისტური პარტია გავიდა, რომელმაც ხმების 31,15% მიიღო. ბლკმა ACUM მიიღო 26.84%, დემოკრატიულმა პარტიამ – 23.62%. პოლიტიკურმა პარტიამ “შორი” ხმათა 8.32% მიიღო. თუმცა, მაჟორიტარულ ოლქებში დემოკრატებმა მეტი მანდატი (19) მიიღეს, სოციალისტებმა 15, ACUM-მა 11 და “შორმა” 2. შესაბამისად, სოციალისტებს პარლამენტში 35 მანდატი აქვთ, 30 –  დემოკრატებს, ACUM-ს – 26, “შორს”  – 7 მანდატი, სამი დეპუტატი კი დამოუკიდებელია.

 

 


ასევე წაიკითხეთ