თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ცვლილება მოხდა, კონფლიქტის დარეგულირების საერთაშორისო შეთანხმებას საფრთხე ემუქრება" />

მოვლენების უცნაური განვითარება უკრაინაში

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ცვლილება მოხდა, კონფლიქტის დარეგულირების საერთაშორისო შეთანხმებას საფრთხე ემუქრება

REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში მოულოდნელი რაღაცეები ხდება: ორი თვითგამოცხდებული რესპუბლიკიდან, რომლების გამოც ომი მიმდინარეობს, ერთ-ერთში შეიარაღებული გადატრიალება და ხელისუფლების ცვლა მოხდა. ლაპარაკია ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაზე, ან როგორც მას რუსულად ხშირად უწოდებენ – ЛНР-ზე.

ამავდროულად გადატრიალების მოწყობაში ძალოვნებს მეორე თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან – დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ( ДНР) მათი კოლეგები დაეხმარნენ.

მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ იგორ პლოტნიცკის ძალოვან სტრუქტურებთან კონფლიქტი ჰქონდა. საბოლოოდ ის დამარცხდა და რამდენიმე თანამოაზრესან ერთად გაიქცა. ხელისუფლებაში ძალოვანი სტრუქტურების გამაკონტროლებელი ადამიანები მოვიდნენ, მიმდინარეობს დაჭერები.

ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი მეთაური იგორ პლოტნიცკი REUTERS/Alexander Ermochenko

ორივე ტერიტორია – ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისაც და დონეცკის სახალხო რესპუბლიკისაც – უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს და მათ, რუსეთის ფარული მხარდაჭერით, ადგილობრივი სეპარატისტები აკონტროლებენ. ექსპერტების უმრავლესობა იმ აზრზე თანხმდება, რომ სიტუაცია, როდესაც ერთი რესპუბლიკის ძალოვნები მეორეში ხელისუფლების დამხობას ეხმარებიან – შემთხვევითი არ არის.

ბევრი ვარაუდობს, რომ მთელი ეს ისტორია – შესაძლოა, იყოს რუსეთის მცდელობა, რომ ამბოხებული და მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი ორი რესპუბლიკა გააერთიანოს, და ამით იქ სიტუაცია კიდევ უფრო მართვადი გახადოს.

თუმცა, ექსპერტების უმრავლესობა იმაზეც თანხმდება, რომ ამგვარი ცვლილებებისთვის დრო ძალიან ცუდად არის შერჩეული.

საქმე ისაა, რომ უკრაინის კონფლიქტურ ზონაში პროცესების ერთადერთ რეგულატორს ეგრეთ წოდებული მინსკის შეთანხმებები წარმოადგენს. მათ 2014 და 2015 წლებშის მინსკში მოაწერეს ხელი, დოკუმენტების ქვეშ – ეუთოს, უკრაინის, რუსეთის წარმომადგენლებისა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელთა ხელმოწერებია.

ამჟამად გაურკვეველი სიტუაცია ყალიბდება. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა დარეგულირების პროცესის არც ერთი მონაწილის მიერ არ არის აღიარებული, მათ შორის – არც რუსეთის მიერ, და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი იგორ პლოტნიცკი თავის ხელმოწერით პირადად იყო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან მისი შესრულების გარანტი.

ახლა ის გაქცეულია და შეთანხმებების ირგვლივ გაურკვევლობაა.

„ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ მოვლენების შესაძლო განვითარების სამნაირი სცენარი არსებობს.

  1. პლოტნიცკის დაბრუნება და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ძალოვან ბლოკზე მისი კონტროლის აღდგენა;
  2. პლოტნიცკის ჩანაცვლება ლუგანსკის „ისტებლიშმენტის წარმომადგენლით, და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ჩამოყალიბებული სტრუქტურის შენარჩუნებით;
  3. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გაერთიანება და მათ ადგილას ახალი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმოქმნა.

თუმცა, მთავარი შუალედური შედეგი ის არის, რომ ამ სცენარებიდან მინსკის შეთანხმებების განხორციელებას ხელს არც ერთი არ შეუწყობს, ხოლო მესამე ვარიანტი მათ უბრალოდ გააუქმებს.

მოსკოვს ამ მოვლენების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის მხრიდან კი გაისმა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს განცხადება, რომელმაც თქვა:

„უკრაინის შეიარაღებული ძალები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არიან, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ“.


ასევე წაიკითხეთ