დაკავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათეული სასტიკადაა ნაცემი. " />

ფოტო და ვიდეო: მოსკოვში პროტესტი გრძელდება

დაკავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რამდენიმე ათეული სასტიკადაა ნაცემი.

3 აგვისტოს მოსკოვში განახლდა საპროტესტო აქციები 8 სექტემბერს დანიშნული ქალაქის პარლამენტის არჩევნებზე, დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირების მოთხოვნით.

ორგანიზატორების დათვლით, აქციაზე, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი მივიდა, მათ შორის – ბევრი არასრულწლოვანი.

პოლიციის მონაცემები ახლა ახლოსაა არაოფიციალურ ციფრებთან – ამბობენ, რომ აქციაზე, დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი იყო.

ორგანიზატორებმა აქციის გამართვის ნებართვის აღება სცადეს, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომ დემონსტრაციის მონაწილეებს აკავებდნენ და სასტიკად სცემდნენ.

ოვდ-ინფოს ცნობით, პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს 828 ადამიანი, მათგან 19-მა ღამე იქვე გაატარა.

დაკავება მოსკოვში მიმდინარე აქციაზე. REUTERS/ტატიანა მაკეევა

თვითმხილველის მონათხრობი

გვიყვება არასამთავრობო ორგანიზაცია „დაპატიმრებული რუსეთის“ (რუს სიდიაშჩაიას) ადვოკატი, მარია ეისმონტი:

„ახალგაზრდა წყვილი – ბიჭი და გოგონა სასამართლოში დილით ადრე მიიყვანეს, მაგრამ ბოლოს გაასამართლეს. ორივე დაღლილი იყო, გოგო ცოტათი შეშინებული. ორივეს სცემეს. მათთან იყო პოლიციის თანამშრომელი საშა, რომლის თავაზიანობა და კეთილგანწყობა ძალიან განსხვავდებოდა მისი კოლეგა პოლიციელების უხეშობისა და უტიფრობისგან, რომლებიც სასამართლოში სხვა დაკავებულებს ახლდნენ.

„მე არასწორი თანამშრომელი ვარ, – მითხრა საშამ, – არ ვიცი, რამდენ ხანს გავჩერდები“.

ისინი შეყვარებულები იყვნენ და ეს თვალშისაცემი იყო და ორივე ძალიან ნერვიულობდა ერთმანეთზე.

ორივე პუშკინის მოედანზე დააკავეს, როდესაც ხალხისგან გამოყოფილები ერთმანეთის მოძებნას ცდილობდნენ გამყოფი ღობის სხვადასხვა მხარეს. ფორმიანმა ადამიანებმა დაიჭირეს გოგონა და უხეშად ცდილობდნენ ღობის მეორე მხარეს მის გაგდებას და, საბოლოოდ, სწორედ ამ ღობეს შეახეთქეს. ეს ახალგაზრდა ბიჭმა დაინახა და დასახმარებლად გაიქცა.

მას რამდენიმე ფორმიანმა ადამიანმა სცემა, შემდეგ კი ხელებსა და ფეხებში ჩაავლეს ხელი და პოლიციის ავტობუსში შეაგდეს, გოგონა მისკენ გაიქცა.

სასამართლოში გოგონა ბოლოს გამოვიდა სიტყვით. უკვე საღამოს ცხრა საათი იყო დაწყებული:

„მე მოქალაქე ვარ, არაფერ კრიმინალურს, უკანონოს არ ვაკეთებდი, რომ ასე დაერტყათ და მუჯლუგუნები ერტყათ, თითქოს, რომელიღაც ცხოველს კეტავენ გალავნის უკან. მე მარტო დავრჩი, მეშინოდა, ისე განვითარდა მოვლენები, რომ მე და ჩემი შეყვარებული სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით, შესაძლოა, ჩვენი უყურადღებობის გამო“.

მოსამართლე ხმამაღლა იცინოს.

„შემიძლია გაგაერთიანოთ, ჰა-ჰა-ჰა!“, – ამბობს ის და იმას გულისხმობს, რომ ეს-ესაა 4 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გოგონას შეყვარებულს და ახლა შეუძლია, იგივე სასჯელი დააკისროს მასაც. როგორც ჩანს, მოსწონს საკუთარი ხუმრობა.

„იქ მართლა საშიში იყო“, – ამბობს გოგონა.

მას 1000 რუბლის (დაახლოებით, 15 დოლარის) ჯარიმა დააკისრეს. ახალგაზრდა მამაკაცი ბედნიერი იყო, რომ გოგონას ღამის გათენება ბაღლინჯოების გვერდით აღარ მოუწევდა.

როგორ გახდა მოსკოვური პროტესტი მუდმივი

საპროტესტო აქცია მოსკოვში. აქციის მონაწილე პლაკატით ხელში – წარწერით „ჩემი კანდიდატის ყოლის უფლება მაქვს“. REUTERS/მაქსიმ შემეტოვი

პროტესტის მიზეზი, ქალაქის პარლამენტის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაზე უარის თქმა გახდა.

კანონის თანახმად, მათ საკუთარ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობის სამი პროცენტი უნდა შეეგროვებინათ.

დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ეს გააკეთეს, მაგრამ მათი მხარდამჭერების ხელმოწერები ფალსიფიცირებულად გამოაცხადეს. ისეთ სამ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელმომწერები მზად იყვნენ, პირადად დაედასტურებინათ, რომ ნამდვილად ამ კანდიდატებს უჭერენ მხარს.

დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერი პირველი აქცია მოსკოვში 20 ივლისს გაიმართა. მაშინ ხელისუფლებამ აქციის ჩატარებაზე ნებართვა გასცა და იქ 20 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

ერთი კვირის შემდეგ მოსკოვის ქუჩებში აქციაზე 15 ათასი ადამიანი გამოვიდა. მათი აქცია უპრეცედენტო სისასტიკით დაარბიეს – 1500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 77 დაიჭრა, დაკავებულებს 8-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

სწორედ მაშინ მოუწოდეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოსკოველებს 3 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ.

დაკავება მოსკოვში 2019 წლის 3 აგვისტოს გამართულ საპროტესტო აქციაზე REUTERS/ტატიანა მაკეევა

ხელისუფლების რეაქცია

პროტესტის ყველა ლიდერი დაკავებულია.

პოლიციის მხრიდან ძალადობა აშკარად გაძლიერდა. ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ დაკავებულებს სასტიკად ურტყამდნენ მაშინაც კი, როდესაც ისინი წინააღმდეგობას არ უწევდნენ. ამასთან, ისინი არ ინდობდნენ არც ქალებს, არც ასაკოვან ადამიანებს და არც არასრულწლოვნებს.

დაკავებულებთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს.

ამასთან, თუკი ადრე დაკავებულებს ადმინისტრაციულ მუხლებს უფარდებდნენ (ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას), ახლა სასამართლოები სისხლის სამართლის მუხლებით წარდგენილ ბრალდებებს განიხილავენ, მათ შორის, „მასობრივი არეულობის ორგანიზებას“, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი დაკავებულებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბევრ მათგანს ძალით აუღეს თითის ანაბეჭდი და პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში „თითების მოჭრითაც“ კი დაემუქრნენ, თუკი არ შეწყვეტდნენ წინააღმდეგობის გაწევას.

ასევე, დაკავებულებს მაშინვე ჩამოართვეს ტელეფონები, შემდეგ კი აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ საკუთარ მესენჯერებზე მიეცათ წვდომა.

დაკავება მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე REUTERS/შამილ შუმატოვი

პროგნოზი

ის აქტივისტები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფლები არიან, დარწმუნებით ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და პერმანენტული პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დაარეგისტრირებენ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ სასტიკი, სისხლიანი კონფლიქტის რისკი არსებობს.


ასევე წაიკითხეთ