როგორ აღინიშნება 9 მაისი, როგორ ცხოვრობენ ვეტერანები და რას ფიქრობენ ამ დღისა და იმ დროის შესახებ კავკასიის საზოგადოებებში" />

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე – როგორ აღნიშნავენ მას კავკასიაში

როგორ აღინიშნება 9 მაისი, როგორ ცხოვრობენ ვეტერანები და რას ფიქრობენ ამ დღისა და იმ დროის შესახებ კავკასიის საზოგადოებებში

ფოტოს ავტორი Ed Westcott. Oak Ridge-ის მაცხოვრებლები აშშ-ში, ტენესის შტატში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ზეიმობენ. აღებულია Wiki Commons-ის ღია არქივიდან

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე მთელ მსოფლიოში 8 და 9 მაისს აღინიშნება.

დოკუმენტს იმის შესახებ, რომ გერმანიამ იარაღი დაყარა და მოკავშირეებს დანებდა (The German Instrument of Surrender)ოფიციალურად 1945 წლის 8 მაისს თითქმის შუა ღამეს მოეწერა ხელი. საათობრივი სარტყლების განსხვავების გამო, იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უკვე 9 მაისი იყო, და ხალხის მიმართ ოფიციალური განცხადებაც 9 მაისს დილით გაკეთდა.

ამიტომაც, ევროპის ქვეყნებში ფაშისტურ გერმანიაზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კი – 9 მაისს. გერმანიაში 8 მაისს აღნიშნავენ როგორც ნაციონალ-სოციალიზმისგან განთავისუფლების დღეს.

კავკასიის რეგიონის ყველა ნაწილში 9 მაისი საზეიმო და უქმე დღეს წარმოადგენს. ბევრ ქალაქსა და სოფელში ჯერ კიდევ არიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ცოცხალი ვეტერანებიJAMnews რეგიონის რამდენიმე ძირითადი დეტალის შესახებ გვიამბობს. როგორც ყოველთვის, ადგილები ანბანური რიგის მიხედვითაა დალაგებული.

როგორ აღინიშნება 9 მაისი

აფხაზეთში 9 მაისი ყოველთვის მასშტაბური საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დილით უცნობი ჯარისკაცის ქანდაკებასთან საზეიმოდ მიიტანეს და დააწყვეს ყვავილები. იქვე ჩატარდა მიტინგიც. ამას მოჰყვა აფხაზეთის და რუსეთის სამხედრო ძალთა მარში. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეხვდა [აქ მეორე მსოფლიო ომს სწორედ ასე ეწოდება, გამოიყენება საბჭოთა კავშირში მიღებული სახელწოდება— JAMnews] სოხუმის მთავარ სანაპიროზე ბევრი ხალხი მივიდა, აქ დგას სცენა, დროშებზე – წმინდა გიორგის სიმბოლოები. აფხაზეთის ყველა ქალაქში ჩატარდა აქცია „უკვდავი პოლკი“, მისმა მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული თავიანთი ნათესავების პორტრეტებით ჩაიარეს. გუდაუთის რაიონში, სოფელ დურიპშში 8-9 მაისს ტრადიციული დოღი იმართება.

ბაქოში 9 მაისს მთლიანობაში მოკრძალებულად აღნიშნავენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი ვეტერანებს შეხვდნენ, და მიულოცეს მათ. დილით აქაც მარში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი იყო რუსული მოძრაობა „უკვდავი პოლკი“. ბევრი ამ დღეს საფლავებზე მიდის. საღამოს ბაქოში სამხედრო ორკესტრები დაუკრავენ.

ერევანში 9 მაისი სამმაგ დღესასწაულად მიიჩნევა. პირველ რიგში – ეს არის გამარჯვებისა და მშვიდობის დღე. ასევე ზეიმობენ 1992 წელს (ყარაბაღის კონფლიქტის დროს) სომეხი სამხედროების მიერ ქალაქი შუშას აღების დღეს. და კიდევ ეს დღე სომხეთში ფართოდ აღინიშნება როგორც მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის ჩამოყალიბების დღე.

9 მაისი სომხეთში ემოციურად აღინიშნება, მაგრამ წელს სამხედრო აღლუმი არ ტარდება. გამარჯვების პარკში ძალიან ბევრი ხალხია, ადამიანებს „მარადიულ ცეცხლთან“ ყვავილები მიაქვთ. როგორც ყოველთვის, გამარჯვების დღეს აქ შეკრებილები არიან ვეტერანები.

ერევანი, 9 მაისი 2018. JAMnews-ის ფოტო

თბილისში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, როგორც ყოველ 9 მაისს, ცეცხლი აანთეს. დილიდან ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. მათთან ამ დღის მისალოცად მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა, საქართველს სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და გორში წელს პირველად ჩატარდა მარში „უკვდავი პოლკი“, რომლის მიმართაც საქართველოში ფრიად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

მარში „უკვდავი პოლკის“ მონაწილეები თბილისში, ვაკის პარკში. ფოტო: გვანცა ნემსაძე/on.ge

მარში „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორები არიან საქართველოს პრორუსული ორგანიზაციები – სოციალისტები, კომუნისტები და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სტალინელები“. ამ მსვლელობის ლიდერი ვალერი კვარაცხელია თავისი ღიად პრორუსული და ანტიდასავლური გამონათქვამებით არის ცნობილი და საჯაროდ დეკლარირებს სტალინისადმი თავისი სიყვარულის შესახებ.

9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველმა სოციალისტებმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან მიიღეს ოფიციალური წერილი, რომლითაც მათ აფრთხილებდნენ, რომ კანონი არ დაერღვიათ და მსვლელობის დროს კომუნისტური სიმბოლიკა არ გამოეყენებინათ. თავისუფლების ქარტიის შესახებ კანონის თანახმად,საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა ოფიციალურად არის აკრძალული.

თუმცა, მსვლელობის დროს სიმბოლიკა მაინც გამოიყენეს. მარშის მონაწილე ბევრი არ იყო, რამდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად – ქართველი სოციალისტები და კომუნისტები. ისინი ქუჩებში საბჭოთა დროშებით და სტალინის პორტრეტებით გამოვიდნენ. მონაწილეობდნენ ასევე პიონერის ყელსახვევიანი ბავშვები, რომლებსაც ტრანსფარანტები მოჰქონდათ წარწერით „სტალინი!გამარჯვება!სოციალიზმი!“

სამხრეთ ოსეთში   რუსეთის სამხედრო ბაზის ორკესტრის თანხლებით აღლუმი ჩატარდა. ასევე ჩატარდა აქცია „უკვდავი პოლკი“. ყველა ეკლესიაში დაღუპული ჯარისკაცების მოსახსენიებელი წირვები აღევლინა. საღამოს 7 საათზე „წუთიერი დუმილი“ გამოცხადდება. დღე დასრულდება ფეიერვერკით და კონცერტით, რომლის სახელწოდებაა „გამარჯვებით გუგუნებს აყვავებული მაისი“ .

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და როგორ ცხოვრობენ ისინი

აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 60 ვეტერანი ცხოვრობს. ყველა მათგანი რუსეთიდან იღებს პენსიას, რომელიც საშუალოდ, $ 200-ის ექვივალენტს შეადგენს. ისინი იგივე შეღავათებით სარგებლობენ, რაც რუსეთის ვეტერანებს აქვთ: უფასო მკურნალობა, მედიკამენტები, პანსიონატებში დასვენება, ტრანსპორტით უფასო მგზავრობა.

სომხეთში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 400 ვეტერანი ცხოვრობს. 1999 წლიდან მოქმედებს კანონი „დიდი სამამულო ომის ვეტერანების“ შესახებ, რომლის მიხედვით, მათ აქვთ უფასო სამედიცინო დახმარების უფლება, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება, უფასო პროტეზირების საშუალება და ისინი სანატორიუმების საგზურებს უფასოდ იღებენ. იმავე კანონის მიხედვით, ისინი კომუნალურ გადასახადების მხოლოდ ნახევარს იხდიან. იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანობაში ქვეყანაში მაღალი პენსიები არ არის, ომის ვეტერანების სოციალური მდგომარეობაც ძლიერ არის დამოკიდებული იმაზე, ჰყავთ თუ არა მათ ოჯახი და არის თუ არა ის უზრუნვეყოფილი.

აზერბაიჯანში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 400 ვეტერანი ცხოვრობს. თითოეული მათგანის პენსია იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მსახურობდა ვეტერანი: მაგალითად, მფრინავი $600-ის ექვივალენტს იღებს, რიგითი ჯარისკაცი – $100-ს. ასევე, ყოველწლიურად, 9 მაისს მათ ერთჯერად დახმარებას ურიგებენ. წელს ბრძოლების მონაწილეებმა $ 600-ის ექვივალენტის დახმარება მიიღეს, ქვრივებმა და ზურგის მუშაკებმა – $ 300. ისინი სხვა არავითარი შეღავათით არ სარგებლობენ. ზოგჯერ მთავრობა მათ საჩუქრებს უკეთებთ – ვეტერანებს ბინები და მანქანები გადაეცემათ ხოლმე. მაგალითად, 2012 წელს მეორე მსოფლიო ომის 695-მა ვეტერანმა საჩუქრად აზერბაიჯანული წარმოების მანქანები მიიღო. მაგრამ, მთლიანობაში, ვეტერანების ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, ჰყავთ თუ არა მათ ოჯახი და რა შემოსავალი აქვს ამ ოჯახს.

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 680 ვეტერანი ცხოვრობს. მათი პენსია ასევე იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მსახურობდა ომის წლებში ადამიანი. პენსიის ზომა დაახლოებით $ 80-დან $ 250-მდე ექვივალენტს შეესაბამება. ისინი იღებენ დახმარებას კომუნალური მოსახურების გადასახდელად, რაც დაახლოებით $20-ის ექვივალენტს შეადგენს. ისინი, ვინც თბილისში ცხოვრობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ. 9 მაისისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ტრადიციულად იღებენ ერთჯერად დახმარებას. წელს , ისევე როგორც 2017 წელს, ეს $ 240-ის ეკვივალენტს უდრიდა. პრეზიდენტის განკარგულებით, წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ასევე მიიღეს დაახლოებით $ 55-ის ექვივლენტის ვაუჩერი მედიკამენტებისთვის.

სამხრეთ ოსეთში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით 24 ვეტერანი ცხოვრობს. ისინი იგივე შეღავათებით სარგებლობენ, რაც რუსეთის ვეტერანებს აქვთ: უფასო მკურნალობა, მედიკამენტები, პანსიონატებში დასვენება, ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა.

როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ დღესასწაულის მიმართ

აფხაზეთში 9 მაისი ძალიან ფართოდ აღინიშნება, ეს დღე უყვართ და ათასობით ადამიანი სიამოვნებით მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში. ბავშვები სკოლებში დადგმებს ამზადებენ, ლექსებს სწავლობენ. მედიასა და საზოგადოებაში იხსენებენ, რომ აფხაზეთსაც აქვს საამაყო მიზეზი: საბჭოთა კავშირის 25 გმირი წარმოშობით აფხაზეთიდანაა.

სომხეთში ამ დღესასწაულის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. ამ დღეს ყოველთვის არსებობს სიამაყის საბაბი – იმის გახსენება, რომ საბჭოთა ჯარში მეორე მსოფლიო ომის დროს 64 გენერალი მსახურობდა, ოთხი მარშალი და ერთი ადმირალი – წარმოშობით სომხები არიან.

აზერბაიჯანში 9 მაისი წყნარად აღინიშნება. მედიისა და საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი მსჯელობს იმ წვლილის თობაზე, რაც აზერბაიჯანს ფაშიზმზე გამარჯვებაში მიუძღვის. ამ დღეს არცთუ ცოტა დისკუსია იმართება, და იმის გამო გამოთქვამენ აღშფოთებას, რომ სომხეთში 9 მაისი ყარაბაღის ომის დროს ქალაქ შუშას აღების გამო დღესასწაულად მიაჩნიათ. აზერბაიჯანელებისთვის კი 9 მაისი ქალაქ შუშას დაცემის დღეა.

საქართველოში 9 მაისი ფართოდ არ აღინიშნება. ამ დღეს ბევრი თბილად მოიხსენიებს ვეტერანებს, მედიაში მეორე მსოფლიო ომში ქართველების მიერ შეტანილ დიდ წვლილისა იმის შესახებ ლაპარაკობენ, რომ საქართველომ ამ ომში ბევრი ადამიანი დაკარგა. თუმცა, საზოგადოებაში აქტიურად მსჯელობენ იმის თაობაზეც, რომ საბჭოთა კავშირი არანაკლები ბოროტება იყო, ვიდრე თავად მეორე მსოფლიო ომი, და ამიტომ გამარჯვების დღის რომანტიზება არ ღირს. საზოგადოებას განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულება აქვს ეგრეთ წოდებული „რუსული პროექტებისადმი“ – წმინდა გიორგის სიმბოლიკიანი ბაფთებისა და აქცია „უკვდავი პოლკის“ მიმართ.

სამხრეთ ოსეთში 9 მაისი — ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, მთელი საზოგადოება ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს. ამ დღეს ბევრი ოჯახი სადღესასწაულო სუფრასაც შლის.

მოკლედ რუსეთის შესახებ.

რუსეთში მეორე მსოფლიო ომის 107 ათასი ვეტერანი დარჩა. მასობრივად რუსი ვეტერანებიც ღარიბულად ცხოვრობენ – საშუალო პენსიით და სრულად არიან დამოკიდებულები ნათესავებზე, თუკი ჰყავთ. ამ წელს გამარჯვების დღისთვის სახელმწიფომ მათ ერთჯერადი დახმარება გამოუყო – დაახლოებით 120 ევროს ექვივალენტი.

რუსეთის საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომის საკითხისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, ორადაა გაყოფილი. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ 9 მაისი გამარჯვების დღესასწაულად უნდა აღინიშნებოდეს, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ეს დღე მრავალმილიონიანი მსხვერპლის გამო, გლოვის დღე უნდა იყოს.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ