მარნეულის მერი: “ალბათ ახლა შუა დღე რომ არის, თავიანთი მეუღლეებისთის საკვებს ამზადებენ”" />

მარნეულში ახალ მერს მხოლოდ კაცები შეხვდნენ. ქალები სადილს ამზადებდნენ

მარნეულის მერი: “ალბათ ახლა შუა დღე რომ არის, თავიანთი მეუღლეებისთის საკვებს ამზადებენ”

მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა თემურ აბასოვმა გუშინ პირველი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. შეხვედრაზე, რომელიც სოფელ კაჩაგის ცენტში შედგა და სადაც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხი – წყალმომარაგება განიხილებოდა, მხოლოდ კაცები მივიდნენ.

“ქალბატონო ახლა არის სადილის დრო, აქ რა უნდა ქალებს?”

“ჩვენ გვაქვს ასეთი მენტალიტეტი, ქალები სოფლის ცენტრში არ გამოდიან, მით უმეტეს მათ არ უნდა გადაწყვიტონ რაღაც საკითხები ქალებთან ერთად”;

“სოფლის ცენტრში ქალები არ გამოდიან. ეს არის ჩვენი თავისებური კულტურა”.

ასეთი პასუხები მიიღეს რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებმა, რომლებიც შეხვედრას აშუქებდნენ.

კაჩაგელი კაცების სულისკვეთება გასაგები და მისაღები აღმოჩნდა თავად მარნეულის ახალი მერისთვისაც:

“ალბათ, ახლა შუა დღე რომ არის, თავიანთი მეუღლეებისთის საკვებს ამზადებენ”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ, სოფლისთვის სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების საკითხი განიხილებოდა.

მოგვიანებით, აღნიშნულ თემაზე მარნეულის მერს “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა, მერი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

“იქ იყო შეკრებილი რამდენიმე მამაკაცი, დამხვდა ხალხი, რომელსაც შევხვდი. იმათთან ახლოს ქალბატონებიც ისხდნენ” – აღნიშნა თემურ აბასოვმა.

თუმცა, ჟურნალისტები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, ქალების იქ ყოფნას არ ადასტურებენ. ქალები არ ჩანან არც შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოებზე:

კაჩაგანში გამართულ მამაკაცთა შეკრებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, რომელმაც მარნეულის მერს მოუწოდა მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და ხელი შეუწყოს რეგიონში გენდერულ თანასწორობას.

“შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია”, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხი.

“თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ქმნის საფრთხეს, რომ ქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას”, – წერია განცხადებაში.

•  2017 წლის გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლით 144 ქვეყანას შორის 94-ე ადგილს იკავებს.


ასევე წაიკითხეთ