„ანტიკორუფციული კანონები მიღებულია, მაგრამ არსებობს მათი რეალიზაციის პრობლემა“, - მიაჩნია ექსპერტს" />

კორუფციასთან ბრძოლაში სომხეთმა მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მიაღწია

„ანტიკორუფციული კანონები მიღებულია, მაგრამ არსებობს მათი რეალიზაციის პრობლემა“, - მიაჩნია ექსპერტს

სომხეთს, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 108 ქვეყანას შორის სიაში 107-ე ადგილი უკავია – ეთიოპიასთნ, მაკედონიასა და ვიეტნამთან ერთად. ეს საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ მონაცემებია. გამოკვლეული ქვეყნების სიაში, გასულ წელთან შედარებით, სომხეთმა თავისი შედეგი ორი პოზიციით გააუმჯობესა.

„ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის“ ანტიკორუფციული პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელის, ვარუჟან ოკტანიანის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სომხეთმა კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებებს მიაღწია და მისი დონე შეამცირა.

 „ეს შეფასება უძრაობის გაგრძელებას ადასტურებს. განსაკუთრებით გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა – საუბარია კორუფციის აღმკვეთი კომისიის შექმნაზე, მიიღეს კანონი უკანონოდ გამდიდრების კრიმინალიზაციის თაობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.

კანონებს იღებენ, მაგრამ არსებობს მათი რეალიზაციის პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ კანონში  არ იყოს მისგან თავის დაძვრენის მოქნილი საშუალებები, რომ შემდეგ არ თქვან: კანონი იმის გამო არ სრულდება, რომ მასში რაღაც არის გამორჩენილი. ასეთი გამორჩენები და კანონის არშესრულება – ეს პოლიტიკური ნების არარსებობის ინდიკატორებია“, – თქვა ოკტანიანმა.   

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია – სომალი(8), სირია (14), სუდანი (12), რუსეთი (29); შესაბამისად, მათთან შედარებით, სომხეთში ბევრად უკეთესი სიტუაციაა.

ოკტანიანის თქმით, სახელმწიფოები და ინვერსტორები კორუფციის აღქმის კოეფიციენტს „ყველაზე ადეკვატურ“ მაჩვენებლად მიიჩნევენ:

 „ეს არ არის რიგითი მოქალაქეების შეფასება, რომლებიც იტყვიან, რომ ისინი ღარიბები და მშივრები არიან, და ამიტომაც იძლევიან ასეთ დაბალ შეფასებას; ეს ექსპერტებისა და მეწარმეების აღქმის შეფასებაა, მათ შორის – უცხოელი ექსპერტებისაც“.

ვარუჟან ოკტანიანმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისთვის საჭიროა სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა:

 „არსებობს ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე დაბალია, თუმცა იქ ასეთი ორგანო არ არსებობს. თუკი პოლიტიკური ნება იარსებებს, ასეთი ორგანოების შექმნის აუცილებლობა არ იქნება. მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური ნება – აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. არსებობს ქვეყნები, მაგალითად სინგაპური, სადაც ბრძოლა ამგვარი ორგანოს მეშვეობით მიმდინარეობს“.  

ექსპერტის აზრით, კორუფციის შემცირებას, შესაძლოა, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებების ურთიერთშეთავსებამაც შეუწყოს ხელი – ასეთ შემთხვევაში, რაიმე განსაკუთრებული სტრატეგიის გარეშეც შეიძლება კორუფციის მნიშვნელოვნად შემცირების მიღწევა.


ასევე წაიკითხეთ