რუსეთი 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დასაჯეს; რატომ შეიცვალეს ევროპელმა დეპუტატებმა აზრი და რა შუაშია ამასთან რუსული ფული? " />

კომენტარი: „ევროპული დიპლომატიის სირცხვილი“ – რატომ დაუბრუნეს რუსეთს PACE-ს წევრობა

რუსეთი 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დასაჯეს; რატომ შეიცვალეს ევროპელმა დეპუტატებმა აზრი და რა შუაშია ამასთან რუსული ფული?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 25 ივნისს, რუსეთს ორგანიზაციაში ხმის უფლება დაუბრუნა – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსკოვი სანაცვლოდ გასული წლების მთელი დავალიანების, საერთო ჯამში 75 მილიონი ევროს დაფარვას დაჰპირდა.

 PACE-მ რუსეთს ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუჩერა. ახლა რეგლამენტში ცვლილებებსა და რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნებას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, 62 წინააღმდეგ წავიდა, 10-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რატომ გადაწყვიტეს რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნება

ერთი შეხედვით, გაიმართა კენჭისყრა წმინდად ბიუროკრატიული საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით – PACE-ს მუშაობის რეგლამენტში ცვლილებებზე.

PACE-ს რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბელგიელმა პეტრა დე სუტერმა წარმოადგინა ანგარიში – „საპარლამენტო ასამბლეის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესება უფლებამოსილებასა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით“.

მაგრამ მთავარი პუნქტი გახდა სპეციალურად რუსეთისთვის ჩაწერილი წესი, ამიერიდან „წევრის მიერ ხმის მიცემის, ასამბლეაში გამოსვლისა და მის ორგანოებში წარმოდგენის უფლება არ შეიძლება იყოს შეჩერებული ან უკან გაწვეული“.

ფაქტობრივად, ასამბლეამ დაკარგა ინსტრუმენტი, რომელიც მას დამნაშავის დასჯის საშუალებას აძლევდა და მონაწილე ქვეყნებისთვის დისკუსიების კლუბი უფრო ხდება.

• ახალი ევროპარლამენტი – უმრავლესობაში ევროკავშირის მომხრეები არიან

• უკრაინა და რუსეთი: მტრები თუ სავაჭრო პარტნიორები?

• ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: სიტყვა და საქმე

დეპუტატებს მოუწიათ 220 შესწორების გადახედვა, რომლებიც ძირითადად უკრაინელმა დეპუტატებმა წარმოადგინეს, მაგრამ ფაქტობრივად ყველა შესწორებაზე უარი ეთქვათ. მართალია, თითოეული შესწორების განხილვას სამ წუთზე მეტი არ დასჭირვებია, მაგრამ ქალბატონი თავმჯდომარე მაინც დაჩქარების ინიციატივით გამოვიდა.

შედეგად რუსეთი ისევ PACE-ს სრულუფლებიანი წევრია

კენჭისყრაში მონაწილე კონკრეტული დეპუტატების სახელები და შედეგები იხილეთ აქ.

PACE-ს საზაფხული სესიის გახსნა სტრასბურგში, საფრანგეთში, 24 ივნისი, 2019. ფოტო: Council of Europe/Klara Beck

რატომ დაკარგა რუსეთმა ხმის უფლება

რუსეთის დელეგაციამ PACE-ში ხმის უფლება 2014 წლის გაზაფხულზე, ყირიმის ანექსიისთანავე დაკარგა.

საპასუხოდ, რუსეთმა მიიღო მარტივი და, როგორც გაირკვა, ეფექტური გადაწყვეტილება: თავიდან შეამცირა და შემდეგ, 2017 წლის ივნისიდან, საერთოდ შეწყვიტა ევროპის საბჭოს დაფინანსება, რუსული ფული კი საბჭოს მთლიანი ბიუჯეტის 1/10-ია.

რამდენიმე წლის განმავლობაში, PACE მკაცრ ხაზს ატარებდა – ყირიმისა და დონბასის საკითხში მარტო „სერიოზულ პროგრესს“  შეეძლო კარი გაეხსნა რუსეთისთვის ასამბლეაში დასაბრუნებლად.

მაგრამ ახლა ყველა ეს მოთხოვნა დაივიწყეს. დაეხმარათ მოსკოვის დაპირება, გასული წლების  სრული –  75 მილიონი ევროს დავალიანების დაფარვის შესახებ მაშინვე, როგორც კი რუსეთის დელეგაციას „ყველა უფლებას“ აღუდგენდნენ.

„ევროპული დიპლომატიის სირცხვილია არა ის, რომ რუსეთი დაბრუნდა PACE-ში, არამედ ის, რომ სწორედ ასე დაბრუნდა“, – აცხადებს დმიტრი კულება, უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში.

PACE-ს საზაფხული სესიის გახსნა სტრასბურგში, საფრანგეთში, 24 ივნისი, 2019. ფოტო: Council of Europe/Ellen Wuibaux

„რეალური პოლიტიკა“

როგორც ჩანს, ამ ზაფხულს მოქმედებების ფორსირების მიზეზი არის გარკვეული ფაქტორების დამთხვევა.

პირველ რიგში, ესაა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ნორვეგიელი იაგლანდის სურვილი, შევიდეს ისტორიაში „მშვიდობისმყოფელის“ სახელით – დააბრუნებს რა რუსეთს საერთოევროპულ მოედანზე.

მეორეც, არის ახალი „რეალური პოლიტიკის“ ფაქტორი გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან.

პრეზიდენტმა მაკრონმა და კანცლერმა მერკელმა ვლადიმირ პუტინთან მაისის ბოლოს გამართული სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთს აქვს „სრულუფლებიანი ადგილი ევროპის საბჭოში“ და აღნიშნეს იმის მნიშვნელობა, რომ „სწრაფად მოძებნილიყო გადაწყვეტილება, რომელიც მას ევროპის საბჭოში ყველა უფლებითა და ვალდებულებით შეინარჩუნებდა“.

გერმანიისა და საფრანგეთის, ევროკავშირის საკვანძო მოთამაშეების ლიდერების როლი რუსეთის PACE-ში დაბრუნების საქმეში, შესაძლოა, სახიფათო სიგნალი გამოდგეს.

სავარაუდოა, რომ დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო მეტად არიან მზად რუსეთთან ურთიერთობის „ნორმალიზაციისკენ“ წასასვლელად.

ახლა რა

PACE-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ უკრაინული დელეგაციის წევრებმა შეწყვიტეს მონაწილეობის მიღება სესიის მუშაობაში, გარდა საკითხებისა, რომლებიც ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას უკავშირდება.

რუსულმა დელეგაციამ უკვე დაიწყო მუშაობა. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ლეონიდ სლუცკი წარადგინეს რუსეთის კვოტით PACE-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ უკრაინელმა დეპუტატებმა მოახერხეს მისი ავტომატური დანიშვნის დაბლოკვა. ახლა სლუცკის კანდიდატურას ფარულ კენჭისყრაზე მხარი უნდა დაუჭიროს PACE-ს ყველა წევრმა.

აღვნიშნავთ, რომ სლუცკი 11 რუსი დეპუტატიდან იმ 6-შია, რომლებსაც საერთაშორისო სანქციები აქვთ დაკისრებული უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანისთვის ხმის მიცემის გამო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ