თეირანის ბრალდებებს თბილისში გადაჭარბებულად მიიჩნევენ" />

ირანი აცხადებს, რომ თბილისის აეროპორტში ჰიჯაბიან ქალებს არასათანადოდ ეპყრობიან

თეირანის ბრალდებებს თბილისში გადაჭარბებულად მიიჩნევენ

ძველი თბილისი. ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე, JAMnews

თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა იმის გამო, რომ თბილისის აეროპორტში, ისპაჰანის მიმართულებით რეისის დაწყებამდე, რამდენიმე ირანელ ქალს, უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა. ინფორმაციას ირანული სააგენტო Irna ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ირანის ელჩმა რამდენიმე მგზავრს დაურეკა, რათა დარწმუნებულიყო, რომ შემთხვევა ნამდვილად მოხდა. ამის შემდეგ, საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

მედია წერს, რომ ირანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაიცვან მუსლიმ ქალთა ღირსება.

მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტება უკვე გააკეთა საქართველოს საგარეო უწყებამ.

უწყების ცნობით, ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა.

პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.

აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან სადაც კიდევ ერთხელ გავივლით აღნიშნულ საკითხს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


ასევე წაიკითხეთ