საქართველოს დედაქალაქი შევიდა ინვესტორებისთვის ყველაზე დინამიკური და მიმზიდველი მეგაპოლისების სიაში " />

თბილისი და ექვსი სხვა ქალაქი, რომელთა ნახვასაც CNN-ი 2018 წელს გვირჩევს

საქართველოს დედაქალაქი შევიდა ინვესტორებისთვის ყველაზე დინამიკური და მიმზიდველი მეგაპოლისების სიაში

უძრავი ქონების სპეციალიზებული ჟურნალის – Spaces-ის ვერსიით, საქართველოს დედაქალაქი შევიდა ინვესტორებისთვის ყველაზე დინამიკური და მიმზიდველი მეგაპოლისების სიაში.

ამ სიას CNN-იც ეთანხმება და თავის მკითხველებს შვიდი ყველაზე საინტერესო ქალაქის ჩამონათვალს სთავაზობს:

1. ტორონტო, კანადა

კომპანია Sidewalk Labs 2018 წელს აპირებს ტორონტოში თავისი მინი-ქალაქის აშენებას. იგეგმება, რომ „ჭკვიანი“ რაიონი „სატრანსპორტო სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოცდის პოლიგონად“ იქცევა. კანადის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს პროექტი მომავალში „სუფთა, მწვანე და ადაპტირებული ქალაქების“ აშენების საშუალებას მისცემს.

რაიონის ტერიტორიაზე იმოძრავებენ უპილოტო სამარშრუტო მიკროავტობუსები, საველოსიპედო გზების განვითარებული სისტემა კი ავტომანქანების გამოყენებაზე უარის თქმის საშუალებას იძლევა.

ტორონტოში ონტარიოს სამეფო მუზეუმის რესტავრაცია დასრულდა, ის დამთვალიერებლების მისაღებად მზადაა.

2. მასკატი, ომანი

მასკატი ახლო აღმოსავლეთში არ იქცა თანამედროვე მშენებლობის მსხვერპლად, როგორც მისი რამდენიმე მეზობელი. ომანის დედაქალაქში თანამედროვე მოკრძალებული საცხოვრებელი სახლები ძალიან ორგანულად ერწყმის ისტორიულ, უმეტესად რელიგიური დანიშნულების შენობებს.

მასკატში შენდება დიდი აეროპორტი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ქალაქის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება.

3. დანდი, შოტლანდია

დანდი ერთ დროს საკმაოდ მსხვილი სამრეწველო ქალაქი იყო, მაგრამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაკოტრდა. ამან ადგილობრივი მთავრობა აიძულა ქალაქის განვითარების გეგმისთვის გადაეხედა და კულტურულ ცენტრად ექცია.

2001 წლიდან დანდიში გაიხსნა ახალი მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ბიბლიოთეკები. ქალაქის მესვეურები აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში „ევროპის კულტურული დედაქალაქი 2023“, მაგრამ ბრექსიტიმ მათ ამის საშუალება არ  მისცა.

დანდიში რამდენიმე მუზეუმია, რომლებიც სახვითი ხელოვნების მოყვარულებს იზიდავს.

4. პარიზი, საფრანგეთი

უკვე ერთი წელია, რაც ემანუელ მაკრონი  საფრანგეთის პრეზიდენტია. ის ყურადღებას ამახვილებს მცირე ბიზნესის და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე.

ეს აისახება პარიზზეც. ზაფხულში ქალაქში გაიხსნა უდიდესი კოვორკინგი. ყოფილი რკინიგზის დეპოს ტერიტორია ითავსებს კოლექტივების ყოველმხრივ აღჭურვილ სამუშაო ადგილებს ათასზე მეტი სტარტაპისთვის.

შემოდგომაზე საფრანგეთის დედაქალაქში გაიხსნა ივ სენ-ლორანის მუზეუმი. ის ლეგენდარული მოდელიერის ყოფილ ატელიეში მდებარეობს.

  5. ტოკიო, იაპონია

სულ რაღაც ორი წლის შემდეგ ტოკიოში გაიმართება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ქალაქი უკვე აქტიურად ემზადება შეჯიბრებებისთვის: შენდება ძვირადღირებული სტადიონები და ახალი საცხოვრებელი კომპლექსები.

შემოდგომაზე იაპონიის დედაქალაქში გაიხსნა ცნობილი მხატვრის, იაიოი კუსამას მუზეუმი. მას „ინსტაგრამის მომხმარებლის ოცნებას“ უწოდებენ.

   6. თბილისი, საქართველო

ბოლო წლებში საქართველოს დედაქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ადგილი ხდება თითქმის ყველა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლისათვის. თბილისში ჩადიან მუსიკოსები, მხატვრები, კინემატოგრაფისტები. ცოტა ხნის წინ ქალაქს ესტუმრა ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თბილისში კინოთეატრის გახსნის შესაძლებლობა განიხილა.

თბილისში ჩასული ტურისტების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა იმის დასტურია, რამდენად სტუმართმოყვარეა ქალაქი და მისი მცხოვრებლები. განსაკუთრებული ბუნების გარდა, რომელიც აქ მუდამ იყო, ქალაქი ინფრასტრუქტურასაც ავითარებს.

ქალაქის ახალი მერი, ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე 2018 წელის ბიუჯეტს – 334 მილიონ დოლარს განკარგავს. ეს თანხა, პირველ რიგში, განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემის განვითარებასა და ქალაქის კეთილმოწყობისთვის.

7. სან-მიგელ-დე-ალენდე, მექსიკა

მთელი მსოფლიოს ტურისტები სან-მიგელ-დე-ალენდეს დედამიწაზე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. ქალაქი სავსეა არქიტექტურული ძეგლებით, რომელთა უმეტესობაც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

სან-მიგელ-დე-ალენდეში ყოველწლიურად უამრავი ფესტივალი ტარდება. ამ წელიწადში დღესასწაულების ისედაც ვრცელ სიას მიემატება ბედნიერების ზეიმი მარტის თვეში.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ