გამოდის, რომ პრაქტიკულად - ყველას" />

ვის აქვს აფხაზეთში იარაღის ტარების უფლება და როგორ უკავშირდება ეს კრიმინალის ზრდას?

გამოდის, რომ პრაქტიკულად - ყველას

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

აფხაზეთში დანაშაულების უმრავლესობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხორციელდება. და თან, აფხაზეთში არ არსებობს კანონი ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის შესახებ. ერთადერთი რეგულაცია – ეს არის  ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის შესახებ დადგენილება, რომელიც უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ომის დასრულებიდან მალევე – 1994 წლის 4 მაისს მიიღო.

ბევრი მიტოვებული იარაღი

პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა 2017 წლის მარტში იყო. მაშინ კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ, ამით ყველაფერი დასრულდა.

ამავდროულად, აფხაზეთის სახლებსა და ბინების უმრავლესობაში დღეს ბევრი მიტოვებული იარაღი ინახება. და თუ, მაგალითად, პისტოლეტი ან თოფი მამას ეკუთვნის – მაშინ მასზე ხელი მის ვაჟს, სიძეს და სხვა ნათესავებსაც მიუწვდებათ.

„ჩვენში იარაღს ხშირად არაჯანსაღი [ფსიქიკურად] ადამიანებიც ატარებენ“, – აღშფოთებით განუცხადა ახლახან ჟურნალისტებს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ.  მას მიაჩნია, რომ იარაღის შენახვის წესები უნდა მიიღონ და ეს წესები მკაცრი უნდა იყოს.

„თუკი ადამიანი ვალდებული იქნება, რომ იარაღი ოფიციალურად დაარეგისტრიროს და ის ანალიზები ჩააბაროს, რაც საამისოდ არის საჭირო, ამით ყველა მხოლოდ მოიგებს. და ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამ იარაღზე წვდომა მხოლოდ იმ პირებს ჰქონდეთ, ვის სახელზეც ის დარეგისტრირდება“, – თქვა კილბამ.

აფხაზეთში წლიდან წლამდე აღინიშნება დანაშაულის ზრდა, 2017 წელს კი ეს რიცხვები განსაკუთრებით საშიში გახდა – ერთ წელიწადში ჩადენილია 910 დანაშული, და უმრავლესობა – ცეცხლსასროლი იარაღით. 2016 წელს 772 დანაშაული დარეგისტრირდა.

 

„გახშირდა დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის შემთხვევები, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და  საცხოვრებელ სახლებში შეჭრით“, – თქვა აფხაზეთის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ გიორგი არშბამ.

ჩავაბაროთ თუ – არა

მუჰამედ კილბა, უშიშროების საბჭოს მდივანი, დარწმუნებულია, რომ იარაღი უნდა აღირიცხოს, ხოლო აღურიცხავი იარაღი უნდა ამოიღონ.

აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერმა ევგენი სინიავსკიმ JAMnews-ს უამბო, რომ როდესაც ის გადადგა, მან პირველ რიგში იარაღი და საბრძოლო მასალები ჩააბარა.

„მე საშუალება მქონდა, რომ ერთიც და მეორეც შინ მქონოდა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჯერ ერთი, მშვიდობიან დროს ამის გაკეთება არამიზანშეწონილია, და მეორეც – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და შენახვა ადამიანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს“.

ევგენის მიაჩნია, რომ სახლში იარაღის ქონა უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.

„უკვე რამდენი შემთხვევა მოხდა, როდესაც მძარცველები ადამიანებს იტაცებენ, იმისდა მიუხედავად, რომ მათ სახლში იარაღი აქვთ შენახული. და თუ გამოიყენებ, თავდაცვის მიზნითაც კი, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდები. მძარცველის მოგერიება სამზარეულოს დანითაც შეიძლება, ეს თავად შენზეა დამოკიდებული“, – ამბობს ის.

აფხაზეთის ომის ვეტერანი დაურ ლატარია მიიჩნევს, რომ ადამიანმა, ვისაც სახლში ცეცხლსასროლი იარაღი აქვს შენახული, სამხედრო შეკრება უნდა გაიაროს და საკუთარი კვალიფიკაცია დაადასტუროს. საკუთრივ იარაღი კი უნდა დარეგისტრირდეს, და ის შინ მხოლოდ იმ პირებმა უნდა იქონიონ, ვისაც ამის უფლება აქვს. თუმცა, ის მათ რიცხვში მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს არ მოიაზრებს, არამედ ყველას, ვისაც ჯარში უმსახურია, და ასევე – ომის ვეტერანებს.

„მსოფლიოში არსებული ამგვარი არასტაბილური ვითარების გამო, ჩვენ აგრესიითვის სულ მზად უნდა ვიყოთ – საქართველოს, თურქეთის, ამერიკის მხრიდან. იარაღის ყველასთვის ჩამორთმევა არ არის საჭირო. ჩვენ მცირერიცხოვანი ჯარი გვყავს. დიახ, რუსეთის ჯარი არის, მაგრამ არავინ იცის, მომავალში რა იქნება – როგორ მოიქცევა ის, თუკი გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება. თავის დაცვა თავადვე უნდა შეგვეძლოს“, – უთხრა JAMnews-ს ლატარიამ.

ის დარწმუნებულია, რომ არ ღირს იარაღის შესანახად მისი ძალოვან სტრუქტურებში  ჩაბარება, რადგან არავინ იცის, „დარჩება თუ არა ის იქ მთელი და დაუზიანებელი“.

„პრიმორსკოეში მომხდარი სიტუაციის შემდეგ [ამ სოფელში 2017 წლის ზაფხულში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა] იარაღის ჩაბარების განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს. არ არსებობს გარანტია, რომ მას არაფერი დაემართება. თანაც, თუკი უცებ რაიმე დაიწყება – შეიძლება ადამიანმა შენახვის ადგილამდე მისვლა ვერც მოასწროს“, – ამბობს დაურ ლატარია.

დავა სოციალურ ქსელებში

„არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დარეგისტრირებული იარაღი მემკვიდრეობით მიიღოს. სწავლების შესაბამისი პროცედურა ყველამ უნდა გაიაროს და იარაღის ფლობის უფლება მიიღოს“.

 რეზერვისტების შესახებ კანონის 16-ე მუხლი ამბობს, რომ რეზერვისტების იარაღი სამუდამოდ მათ ეკუთვნით და შესაძლებელია მისი მემკვიდრეობით გადაცემა.

„ადამიანს თავდაცვის უფლება უნდა ჰქონდეს“. იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება ყველა ისეთ ადამიანს უნდა მიეცეს, ვისაც პირდაპირი უკუჩვენება არ აქვს“.

„არსებობს მოსახლეობისგან იარაღის ამოღების ლეგალური მეთოდი და ის საკმაოდ ეფექტურია – ეს არის ფული. მოსახლეობა აბარებს იარაღსა და საბრძოლო მასალებს, და მათ რეალურ ფასს უხდიან. დღევანდელი ფულადი კრიზისის ფონზე, ცხელ-ცხელი ღვეზელებივით პანტა-პუნტით გაიყიდება“.

რას ამბობს პარლამენტი?

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია მიიჩნევს, რომ აფხაზეთში დაურეგისტრირებელი იარაღის ამოღება საჭირო არ არის.

„საკმარისია შენახვა და ტარება დაკანონდეს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

კვარჩია ამბობს, რომ პარლამენტში საკითხის აქტიური შიდა განხილვები მიმდინარეობს.

„როგორც ჩანს, უახლოეს ხანში ამ საკითხს მიწვეული, დაინტერესებული ადამიანების ფართო წრესთან ერთადაც განიხილავენ. მაგრამ, ძალიან რთული საკითხია“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ