როგორ აღმოჩნდა 24 წლის მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის გასამართლებული დამნაშავე საქართველოში " />

ვინ არის ჯეკ შეფერდი, კაცი, რომელიც ინტერპოლს საქართველოში დაემალა

როგორ აღმოჩნდა 24 წლის მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის გასამართლებული დამნაშავე საქართველოში

რამდენიმე დღეა ქართულ მედიასაშუალებებსა და საინფორმაციო სივრცეში ახალი პერსონაჟი გამოჩნდა.

მას ჯეკ შეფერდი ჰქვია, ბრიტანელია და საქართველოში გასული წლის მარტში ჩამოვიდა.

ის ერთი რიგითი ტურისტი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება – აღმოჩნდა, რომ შეფერდი ინტერპოლით ძებნილი, მკვლელობისთვის გასამართლებული დამნაშავეა, რომელიც ბრიტანულ მართლმსაჯულებას საქართველოში გამოექცა.

JAMnews-ი მოკლედ მოგიყვებათ მის ისტორიას. ვინ არის და როგორ აღმოჩნდა საქართველოში. 

ვინ არის ჯეკ შეფერდი? 

REUTERS/ირაკლი გედენიძე

23 იანვარს ქართველ სამართალდამცავებს ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი (Jack Shepherd)  ჩაბარდა.

შეფერდი თავის სამშობლოში არაგანზრახ მკვლელობაშია ბრალდებული და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მას ექვსი თვის განმავლობაში ეძებდა ბრიტანეთის პოლიცია.

აღმოჩნდა, რომ 2018 წლის მარტიდან შეფერდი საქართველოში ცხოვრობდა – ქირაობდა ბინას დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლად გადაადგილდებოდა, ბევრს მოგზაურობდა საქართველოს მასშტაბით, დადიოდა კაფეებში, ჰყავდა ქართველი შეყვარებული და ამ ხნის განმავლობაში არასოდეს პოლიციის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა.

ვიდრე პოლიციაში გამოცხადდებოდა, რამდენიმე საათით ადრე შეფერდმა ინტერვიუ მისცა რუსთავი 2-ს , შემდეგ კი ამავე ტელეკომპანიის ვიდეოკამერების თანდასწრებით სამართალდამცავებს ჩაბარდა.

 საბედისწერო საღამო

31 წლის ჯეკ შეფერდი ბრიტანეთის მოქალაქეა, პროფესიით ვებ-დეველოპერი.

გასულ წელს ბრიტანეთის მართლმსაჯულებამ ის 24 წლის შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის გაასამართლა.

შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

შეფერდმა შარლოტა ბრაუნი, გოგონა, რომელიც ინტერნეტით გაიცნო, მოეწონა და მდინარე თემზაზე თავისი კატერით სასეირნოდ დაპატიჟა.

ეს მათი პირველი და უკანასკნელი პაემანი იყო.

შარლოტა ბრაუნი. ფოტო: საოჯახო ალბომიდან

ვიდრე მდინარეზე გაისეირნებდნენ, წყვილმა ორიოდე ბოთლი ღვინო დალია.

მიუხედავად იმისა, რომ შეფერდის კატერი მთლად მწყობრში არ იყო, მან მაინც მისცა შარლოტა ბრაუნს საჭის მართვის უფლება. კატერი მთელი სიჩქარით დაეჯახა მორს და ამოყირავდა. წყვილი წყალში აღმოჩნდა, შარლოტა ბრაუნი ვერ გადარჩა.

შეფერდი გულგრილობაში და არაგანზრახ ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში დაადანაშაულეს და გირაოთი გაათავისუფლეს. თუმცა, როდესაც სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო, ნაცვლას იმისა, რომ მართლმსაჯულების წინაშე თავი ემართლებინა, სასამართლო პროცესამდე სამი დღით ადრე შეფერდი გაქრა.

სასამართლომ დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო შეფერდი, ვინაიდან ის საჭეს ნასვამი მართავდა. მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოაცხადეს.

რუსთავი2-თან ინტერვიუში შეფერდმა აღნიშნა, რომ თავიდან ბრიტანულ სასამართლო ამ ფაქტს, როგორც შემთხვევითობას ისე განიხილავდა, თუმცა შარლოტა ბრაუნის მამამ სასამართლოზე ზეწოლა მოახდინა და საქმე გადაკვალიფიცირდა.

საბედისწერო კატერი. ფოტო: PA images

შეფერდის თქმით, გოგონას მამა გავლენიანი ჩინოვნიკია პენიტენციალურ სისტემაში. მის გავლენაზე ისიც მიუთითებს, რომ იგი ამ საქმეზე სასაუბროდ ბრიტანეთის შს მინისტრს პირადად შეხვდა და მთელი ბრიტანული პრესაც ფეხზე დააყენა – ეს ტრაგედია განსაკუთრებულად გაშუქდა, ამბობს შეფერდი.

“მე ვგრძნობდი, რომ მისი გავლენების გამო უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი ციხეში, ამიტომაც გავიქეცი ქვეყნიდან,” – აღნიშნა მან რუსთავი2-თან ინტერვიუში.  

როგორ აღმოჩნდა შეფერდი საქართველოში?

საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას შეფერდი ასე ხსნის – “საქართველოს აქვს ლიბერალური სავიზო პოლიტიკა და თანაც ამ ქვეყანაში ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა”.

საქართველოს შს სამინისტროს თავის მართლებამ მოუწია იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა უფრო მალე მიაგნეს ინტერპოლით ძებნილ ადამიანს, ვიდრე სამართალდამცავებმა.

როგორც საქართველოს შს სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს საზღვარი შეფერდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ინტერპოლით ძებნილი, ამიტომაც არანაირი საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა შეფერდის საქმე და მას წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოზე გაირკვა, რომ შეფერდი ბრიტანეთში კიდევ ერთ საქმეზე იძებნებოდა – ადამიანს თავში  ბოთლი ჩაარტყა.

სასამართლოზე პროკურორმა ისიც თქვა, რომ ჯეკ შეფერდი დეპრესიისა და სუიციდისკენაა მიდრეკილი. იგივე გაიმეორა მისმა ქართველმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმაც, რომელმაც შეფერდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაც მოითხოვა.

კუბლაშვილი ამბობს, რომ შეფერდმა ბრიტანეთიდან გაქცევით სუიციდისგან თავის დაღწევა სცადა.

შეფერდის საქმე უცხოურ მედიაში

შეფერდის ჩაბარების ფაქტი ძალიან სწრაფად მოექცა საერთაშორისო და განსაკუთრებით, ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში.

ამ საქმის გასაშუქებლად საქართველოს არაერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ეწვია.

შეფერს ბრიტანული მედია “მკვლელს” და “დამნაშავეს” უწოდებს. შარლოტა ბრაუნს კი, “მსხვერპლს”.

გარდა უშუალოდ საქმის დეტალებისა, ბრიტანული პრესაში შეფერდის ქართველ მეგობარ გოგონაზე და ასევე ადვოკატზეც კი დაიწერა სტატია. ტაბლოიდი წერს, რომ შეფერდს იცავს  ყოფილი მოდელი და პროექტ  „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებული ახალგაზრდა ქალი. ტაბლოიდში მარიამ კუბლაშვილის ფოტოებიცაა გამოქვეყნებული.

 


ასევე წაიკითხეთ