"საქართველოს მმართველმა პარტიამ ახალი ელჩის კანდიდატურა იმ მიზეზით დაბლოკა, რომ თითქოს ის სააკაშვილის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი" - წერს Foreign Policy" />

რატომ არის ამ დრომდე საქართველო აშშ-ს ელჩის გარეშე? სახიფათო პოლიტიკური გარიგების შესახებ

"საქართველოს მმართველმა პარტიამ ახალი ელჩის კანდიდატურა იმ მიზეზით დაბლოკა, რომ თითქოს ის სააკაშვილის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი" - წერს Foreign Policy

თითქმის ერთი წელია, რაც აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

2018 წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ს ელჩს საქართველოში, იან კელის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი აღარ დაუნიშნავს.

ამერიკისა და საქართველოს დროშის ფერებში განათებული ევროპის მოედანი. 2017 წელი

თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ელჩის მოვალეობას დიპლომატი ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. 2018 წლის ნოემბერში კი, ის კარიერულმა დიპლომატმა, როს უილსონმა შეცვალა, რომელსაც ექვსთვიანი ვადა ზაფხულში ეწურება.

ელჩის ვაკანტური ადგილი რამდენჯერმე გახდა პოლიტიკური სპეკულაციების თემა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

“აშშ-ის ელჩის კანდიდატურა ივანიშვილმა დაბლოკა”

გასული წლის დეკემბერში, გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ აშშ-ის ელჩის ახალ კანდიდატურას, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის, არც მეტი/არც ნაკლები, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი პირადად ბლოკავს.

სტატიის ავტორები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ის ახალ ელჩად კარიერული დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას თბილისი იმ მიზეზით ეწინააღმდეგება, რომ ბრინკი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ანონიმური წყაროები, რომლებმაც ეს ინფორმაცია დაადასტურეს, ავტორებმა როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში ნახეს.

 

ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რანგში. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი

 თვალსაზრისი: რატომ გვაძლევენ ჯაველინებს?

• აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ყველაზე მთავარი

რა დააშავა ბრიჯიტ ბრინკმა?

ბრიჯეტ ბრინკი გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია. საქართველოს და რეგიონს იგი 2005 წლიდან იცნობს.

2011-2014 წლებში ბრინკი საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მოადგილე იყო. მანამდე კი, 2005-2008 წლებში, აშშ-ის საელჩოში საქართველოს პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებს კურირებდა.

2009-2010 წლებში ბრინკი ობამას ადმინისტრაციაშიც მუშაობდა – მას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სამხრეთ კავკასიის მიმართულება ებარა.

2015 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე კი, იგი ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის მოადგილე იყო და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და რეგიონული კონფლიქტების საკითხებზე მუშაობდა.

„ფორინ პოლისის“ სტატიაში როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბრინკი დაახასიათეს, როგორც პროფესიონალი, რომელსაც არასოდეს გამოუხატავს განსაკუთრებული კეთილგანწყობა ყოფილი პრეზიდენტის და მისი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

დევიდ კრამერი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, “ამერიკის ხმასთან” საუბარში აცხადებს, რომ ბრიჯეტ ბრინკი “ნამდვილი პროფესიონალი დიპლომატია” და რომ ის კარგი ელჩი იქნებოდა.

“რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და ეს არასაჭირო, თვითზიანს აყენებს საქართველოს,” – ამბობს კრამერი.

რას ამბობენ აშშ-ის საელჩოში საქართველოში?

JAMnews დაუკავშირდა საელჩოს, რათა გაერკვია, რამ გამოიწვია ელჩის დანიშვნის პროცედურის შეყოვნება, თუ არსებობს კონკრეტული მაქსიმალური ვადა, რა დროშიც აუცილებლად უნდა შეირჩეს ახალი ელჩი და როგორ შეიძლება აისახოს ეს მდგომარეობა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

„როგორც საქმეებში რწმუნებულმა, ელჩმა უილსონმა ადრეც აღნიშნა, მთავრობა ვაშინგტონში მუშაობს, საქართველოში აშშ-ს მუდმივი ელჩის კანდიდატურის მოსაძებნად. აშშ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს აქაურ წარმომადგენლობას, და სწორედ ამიტომ, ელჩ უილსონს სთხოვეს საქმეებში რწმუნებულის პოზიცია დაეკავებინა.

ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი დამატებითი ინფორმაცია ელჩის დანიშვნის ან საქმეებში რწმუნებულის ელჩი უილსონის გამგზავრების ვადების შესახებ“.

საქართველოში აშშ-ს საქმეებში რწმუნებული, ელჩი როს უილსონი. ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი

რას ამბობს თბილისი?

საქართველოს მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული ბრიჯეტ ბრინკის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს ელჩების დანიშვნის პროცესში ოფიციალური თბილისი არ ერევა და “არასერიოზულია საუბარი, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს.”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი

შეიძლება, რომ აშშ-ის თავის პარტნიორ ქვეყანაში ელჩი არ ჰყავდეს?

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ საქართველო ამჟამად უხერხულ მდგომარეობაში იმყოფება და ეს მთავრობის არაკომპეტენტურობის დამსახურებაა.

“ის, რომ საქართველომ ამერიკულ მხარეს ღიად მიანიშნა საკუთარი პრეფერენციები ელჩის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ძალიან ცუდი დიპლომატიური ნაბიჯია და ამ საქციელმა საქართველოს მთავრობის რეპუტაცია სერიოზულად შელახა,”– ამბობს ქუთელია.

მისი თქმით, როგორც წესი, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ექვსი თვით ინიშნება და ეს ვადა შესაძლოა, მაქსიმუმ ერთ წლამდე გაიზარდოს.

ამის შემდეგ აუცილებლად ელჩი უნდა დაინიშნოს.

“თუ ეს პროცესი კიდევ გაიწელება და ელჩი არ დაინიშნება, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებში დაქვეითება ხდება. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას, აშშ-სთან პარტნიორობას და ძალიან ბევრ პროცესს სხვა მიმართულებით შეატრიალებს.”

როგორ არჩევს აშშ ელჩებს?

აშშ-ს ელჩები ორი პრინციპით ინიშნებიან – ზოგ ქვეყნებში თეთრი სახლი პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ ადამიანებს აგზავნის, ზოგან კი, კარიერულ დიპლომატებს.

პოლიტიკური ნიშნით ელჩები იმ ქვეყნებში შეირჩევიან, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ მსოფლიო პოლიტიკაში. მაგალითად, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, რუსეთში, ჩინეთში და ა.შ. დანარჩენ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დიპლომატიურ პოსტებს ე.წ. კარიერული დიპლომატები ავსებენ.

სხვადასხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ს ელჩის სულ 203 პოზიცია აქვს.

ოფიციალური ინფორმაციით ( 2018 წლის 4 დეკემბრის ინფორმაციაა), ამჟამად 203 პოზიციიდან 67 ვაკანტურია. დანიშნული 136 ელჩიდან 69 კარიერული დიპლომატია, ხოლო 67 პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული.

როს ვილსონი 1997-2000 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი იყო. მას ასევე რეგიონში ელჩად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – 2000-2003 წლებში იყო აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში, 2005-2008 წლებში კი თურქეთში.

საქართველოში აშშ-ის ელჩები სია:

•იან კელი – 2016 – აპრილი 2018
რიჩარდ ნორლანდი (აგვისტო 2013 – სექტემბერი 2016)
ჯონ ბასი (ოქტომბერი 2009 – ივლისი 2012 )
ჯონ ტეფტი (აგვისტო 2005 – სექტემბერი 2009)
რიჩარდ მაილსი (მაისი 2002 – აგვისტო 2005)
კენეტ იალოვიცი (ივლისი 1998 – ივნისი 2001)
ვილიამ ქორთნი (სექტემბერი 1995 – აგვისტო 1997)
კენთ ბრაუნი (სექტემბერი 1992 – აგვისტო 1995)

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ