აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ყველაზე მთავარი
ბორტი ნომერი ორი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:00 წუთზე დაეშვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. მაიკ პენსს და მის მეუღლეს კარენს აეროპორტში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ჟურნალისტები და რიგითი თბილისელები ელოდნენ, რომლებიც სპეციალურად მოწყობილი ღობის მიღმა იდგნენ და 37-გრადუსიან სიცხეში ამერიკისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ.
ქართული ტელევიზიები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ ამ ვიზიტის ყველა დეტალს – მაყურებლებმა პირდაპირ ეთერში ნახეს, როგორ დაეშვა ვიცე-პრემიერის თვითმფრინავი, შემდეგ მან მეუღელსთან ერთად წითელ ხალიჩაზე გაიარა, სასულე ორკესტრმა ორი ქვეყნის ჰიმნი შეასრულა.
მთელი ეს ეიფორია, მაღალი სტუმრის ვიზიტით გამოწვეული, რაღაცით ჰგავდა 12 წლის წინანდელ მოვლენებს, როდესაც საქართველოს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სტუმრობდა.
თბილისში ამ ვიზიტისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ. ამერიკისა და საქართველოს დროშის ფერებში განათდა ევროპის მოედანი, მეტეხის ხიდი, ანძა. ამერიკის დროშები გამოეფინა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირებზე.
აეროპორტიდან მაიკ პენსი ფუნიკულიორზე სავახშმოდ გაემგზავრა. საზეიმო ვახშამზე ამერიკელმა სტუმრებმა ქართული ხალხური სიმღერები მოისმინეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს:
რა ითქვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები.
პენსმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს სენატის მიერ დამტკიცებულ აქტს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თაობაზე.
”ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ახლა ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ გვერდზე ვდგავართ, ქართველი ხალხის გვერდზე,” – აღნიშნა პენსმა და საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება.
პენსმა თქვა, რომ ამერიკა გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რომ რუსული ჯარები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან.
”საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი. საქართველომ ხელი გაუწვდინა დასავლეთის და ევროპის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები”, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
“თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა”, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთბული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, მაიკ პენსთან საუბრის ძირითადი თემა იყო ის გამოწვევები, რომლებიც “რუსეთის ოკუპაციის შედეგად აქვს ჩვენს ქვეყანას”.
“აშშ დიდ როლს თამაშობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის ჩართულობით მოძებნილ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისევე, როგორც კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიმართულებით,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, მაიკ პენსთან საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. პირველ რიგში, თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. კვირიკაშვილმა უპრეცედენტო უწოდა ახალი ადმინისტრაციის და კონგრესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებს.
ტრამპის მთავარი მესიჯი საქართველოს
მაიკ პენსი საქართველოში ესტონეთიდან ჩამოვიდა. ეს მისი პირველი აღმოსავლეთ ევროპული ტურნეა. ამ ტურნეს ფარგლებში პენსი ესტონეთს, საქართველოს და მონტენეგროს ეწვევა და როგორც თავად ამბობს, ამ ქვეყნებში პრეზიდენტ ტრამპის მესიჯებს ჩაიტანს. ამ ჩამონათვალში საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა, რაც ქართველი ანალიტიკოსების აზრით, უკვე დამატებითი პოზიტიური სიგნალია ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსთან დაახლოებას ესწრაფვის.
პენსი ამბობს, რომ მისი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ამერიკა ამ ქვეყნებს აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიჩნევს და რუსეთის მხრიდან აგრესიას არ შეეგუება.
“პრეზიდენტმა ტრამპმა აღმოსავლეთ ევროპაში მარტივი მესიჯით გამომგზავნა: ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს ამერიკის მარტო ყოფნას. ჩვენი მესიჯი ერთნაირია როგორც ბალტიის ქვეყნებისთვის, ისე საქართველოსა და მონტენეგროსთვის – ჩვენი მოკავშირეებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში: ჩვენ ვართ თქვენთან, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვრდით, თავისუფლების სახელით,” – უთხრა პენსმა ამერიკულ ტელეარხს FOX NEWS-ს.
ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას, ანალიტიკოსები მიანიშნებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე. პირველი ეს არის ამერიკის სენატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო აქტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ისახავს მიზნად.
ეს დოკუმენტი, რომელსაც პენსის თქმით, ახლო მომავალში მოაწერს ხელს პრეზიდენტი ტრამპი, რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისთვის და ირანისთვის ეკონომიკურ სანქციების რეჟიმის გამკაცრებას გულისხმობს. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელსაც უკვე მოჰყვა კრემლის რისხვა (პუტინმა უფლებები შეუზღუდა რუსეთში მოღვაწე 755 ამერიკელ დიპლომატს და თქვა, რომ უკვე პესიმისტურად უყურებს აშშ-სთან ურთიერთობების სწრაფ გაუმჯობესებას), საქართველოცაა ნახსენები – იქ წერია, რომ რუსეთის აგრესია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სუვერენიტეტს.
მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, რომელიც ასევე საქართველოს უკავშირდება – კონგრესის მიერ დამტკიცებული და ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას.
მეორე, რაზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, ეს არის ქართულ-ამერიკული მასშტაბული სამხედრო წვრთნები – “ღირსეული პარტნიორი”, რომელსაც საქართველო ამ დღეებში მასპინძლობს. წვრთნებში 8 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ და შესაბამისად, ეს ღონისძიება რეგიონული მნიშვნელობისაა.
ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდა, პენსი ესტონეთში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. ტალინში მან გააკეთა ის განცხადებები, რასაც მისგან თბილისში ელიან. პენსმა ბევრი ისაუბრა “არაპროგნოზირებად მეზობელზე”. პენსმა თქვა, რომ რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები, პრობლემები შეუქმნას სუვერენული ქვეყნების დემოკრატიებს და ერთმანეთს დაუპირისპიროს ევროპული ერები.
“პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებლად მიიჩნევს ნებისმიერი სახის ძალის გამოყენებას, მუქარას, დაშინებას, დამღუპველ ზეგავლენებს ბალტიის ქვეყნებისა და (ჩრდილოატლანტიკური) ხელშეკრულების სხვა ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ“ – თქვა პენსმა ტალინში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მკაფიო განცხადებებისა და მესიჯების ერთობლიობა საშუალებას იძლევა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპრეცენდენტო მხარდაჭერაზე ვისაუბროთ.
31 ივლისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ” ის გზავნილები, რომელიც გავრცელდა ბატონი ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო აღიქმება აშშ-ის მხრიდან როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი”.
შეხვედრა ოპოზიციასთან: Georgia first და America next
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის საქმიანი ნაწილი მაიკ პენსმა 1 აგვისტოს ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან შეხვედრით დაიწყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ დავით უსუფაშვილი – “შენების მოძრაობა”, დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველო”, ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და შალვა შავგულიძე – “თავისუფალი დემოკრატები”.
შეხვედრა დახურული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიას უთხრეს, რომ საუბარი შეეხებოდა როგორც საქართველოს შიდა დემოკრატიულ პროცესებს, ისე – ქვეყნის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
კონკრეტულად კი, ოპოზიციამ პენსთან საკონსტიტუციო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, რუსთავი 2-ის საქმეზე, ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე და ხელისუფლების ხელში ჭარბი ძალაუფლების გაამახვილა ყურადღება.
“მე შევთავაზე ბატონ ვიცე-პრეზიდენტს, რომ შევთანხმდეთ ფორმულაზე: თუ ამერიკა არის მათი მხრიდან First (პირველი), საქართველო იყოს Next (შემდეგი). ჩვენი მხრიდან კი, იქნება Georgia First და America next. ამაზე შევჯერდით. ეს ნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. მე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებთ იმ როლის შესრულებას, რასაც თავად აშშ ხედავს ჩვენში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, პენსმა საქართველოში მოღვაწე 24 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ოკუპაციის პრობლემასთან ერთას, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს სთხოვენ საქართველოში ვიზიტისას ყურადღება გაამახვილოს სწორედ სიტყვის თავისუფლების, მედია პლურალიზმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პარტნიორების რეაქციაზე.
ექსპერტები: ეს უპრეცედენტო მხარდაჭერაა
„ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება რუსეთის აგრესიული რევანშიზმის შეკავება“, – ფიქრობს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტს ასევე უკავშირებს კონგრესის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს.
მისი აზრით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო შექმნილი დაძაბული სიტუაციის ფონზე „საქართველო იმყოფება ამ დაპირისპირებაში ფრონტის ხაზზე” და მისი როლი უდავოდ იზრდება. ქუთელია ამბობს, რომ აშშ-ის უპრეცედენტო პოლიტიკური მხარდაჭერის სწორად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს ეძლევა შანსი გადაწყვიტოს მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.
ის ამერიკელი ექსპერტებიც კი, რომლებიც ნატო-ს გაფართოებას უახლოეს მომავალში შესაძლებლად არ მიიჩნევენ, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია საქართველოსთვის, სწორედ, როგორც ალიანსის არაწევრი სახელმწიფოსთვის.
ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრიანაში სტივენ პაიფერი ამბობს, რომ ეს ვიზიტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს. ეს ვიზიტი ასევე აჩვენებს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებია“, – ამბობს პაიფერი. მისი აზრით, ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები სჭირდება:
„მანამდე, სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვფიქრობ, რომ ამერიკასა და ევროპულ სახელმწიფოებს შუძლიათ შეინარჩუნონ ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან. ეს იქნება დიდი მხარდაჭერა ქვეყნისთვის, რომელიც მომავალშიც იქნება რუსეთის მხრიდან გარკვეული წნეხის ქვეშ“, ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.
- მაიკ პენსი საქართველოდან 1 აგვისტოს საღამოს მონტენეგროში გაემგზავრება.
- ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს პირველი შეხვედრა არ არის. პირველად კვირიკაშვილი პენსს მაისში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეხვდა. ამერიკული ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტ პენსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 8 მაისს ოვალურ კაბინეტში მიიღო.