ორგანიზატორები სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ამსახველი შინაარსის ფილმების ჩვენებას გვპირდებიან " />

ერევანში მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ გაიხსნა

ორგანიზატორები სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ამსახველი შინაარსის ფილმების ჩვენებას გვპირდებიან

სომხეთში  წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურული ღონისძიება – მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ მთელი კვირის განმავლობაში ერევანი ფესტივალზე წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის ფილმებით ისუნთქებს და იცოცხლებს.

წელს ორგანიზატორებმა 96 ქვეყნიდან  1100 განაცხადი მიიღეს, მათ შორის საჩვენებლად აირჩა 47.  ეს ფილმები სამ საკონკურსო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი: მხატვრული ფილმები, დოკუმენტური და საერთაშორისო. როგორც ყოველთვის ჩატარდება კინოჩვენება ნომინაციით „სომხური პანორამა“. კინოსურათები, ერევნის კინოთეატრების გარდა,  წარმოდგენილი იქნება დედაქალაქის რამდენიმე სკვერშიც.

ტრადიციის თანახმად, ჩატარდა გარგარების კურთხევის ცერემონიაც, რომელიც ფესტივალის გახსნის არაოფიციალურ, სიმბოლურ ცერემონიად არის მიჩნეული. შარლ აზნავურის სახელობის მოედანზე სომხური კინოს ცნობილი მოღვაწეებისადმი მიძღვნილი  ვარსკვლავების გახსნა შედგა.  არსებულ ვარსკვლავებს წელს კინორეჟისორების – ფრუნზე დოვლატიანისა და იური ერზნაკიანის, ასევე ოპერატორ სერგეი ისრაელიანის სახელები  შეემატა.

ფესტივალის სტუმრებმა, კონკურსანტებმა და არასაკონკურსო პროგრამის მონაწილეებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს. ამავდროულად იმავე მოედანზე ორი საპროტესტო აქცია ჩატარდა. ფესტივალის პროგრამიდან ამოიღეს ორი ფილმი, რომლებიც სექსუალურ უმცირესობათა ცხოვრებაზე მოგვითხრობდა. ამან ლგბტ საზოგადოებისა და იმ აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც მათ უფლებებს იცავენ, და რომლებიც იქ თავიანთი პროტესტის გამოსახატად მივიდნენ. აქვე იყვნენ ისინიც, ვინც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის შეწყვეტას მოითხოვდა.

„მხატვრული კინოს“ ნომინაციაში  წელს ჟიურის ხელმძღვანელობს ბრიტანელი რეჟისორი ჰიუ ჰადსონი, რომლის ფილმმა „ცეცხლოვანი ეტლები“ 1981 წელს „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში „ოსკარი“ დაიმსახურა. სხვათა შორის, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ასევე ჰადსონის ფილმების რეტროსპექტივაც. ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ აგრეთვე – მისი მეუღლე მსახიობი მერიამ დ’აბო და უნგრელი რეჟისორი ილდიკო ენიედი, რომელმაც ბერლინის ბოლო ფესტივალზე „ოქროს დათვი“ მიიღო.

ორგანიზატორები სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ამსახველი შინაარსის ფილმების ჩვენებას გვპირდებიან. ისინი ირწმუნებიან, რომ არასაკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი ფილმი  იმდენივეა, რამდენიც საკონკურსო, და ისინი ასევე იმსახურებენ კინომოყვარულთა ყურადღებას.


ასევე წაიკითხეთ