სოფელი, სადაც მილიარდერი ცხოვრობს
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” სოფელ ნატანებში ამომრჩეველთა ხმების 72 პროცენტი მიიღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო საქართველოს მასშტაბით.
4 წლის შემდეგ, ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე ნატანებს ვესტუმრეთ. გვინდოდა, გვენახა, როგორ ცხოვრობს ხალხი და გაგვერკვია, გამართლდა თუ არა მათი იმედები.
_____________
გურიის ადმინისტრაციული ცენტრი ოზურგეთია. ამ ქალაქიდან ზუსტად 20 კილომეტრი უნდა გაიაროთ, რომ 7ათასკაციან სოფელში – ნატანებში მოხვდეთ.
სოფლის ცენტრში ტროტუარები გადათხრილი დაგვხვდა. ირგვლივ მტვრისა და ბუღის კორიანტელია – გზას აგებენ.
• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
• როგორ ცხოვრობენ დევნილები ხურვალეთში
• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი
• რამდენად უწყინარია მილიარდერის ჰობი? ქუჩის გამოკითხვა მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესზე
“ბიძნასთან მოხვედი?” – მეკითხება.
ქუჩაში ადგილობრივები კანტი-კუნტად მოძრაობენ. საღებავგადაცრეცილ “ზებრა” გადასასვლელს აშკარად ფუნქცია აქვს დაკარგული – ერთი-ორი მანქანა თუ გამოივლის, ამიტომ, ვისაც სად სჭირდება, გზას იქ კვეთს.
სოფლის ცენტრი ნაომარს ჰგავს. შენობები ნახევრად დანგრეულია – ათწლეულებია, ხელი არავის შეუვლია.
“ეს ყოფილი კოლმეურნეობის შენობაა. აქ ადრე ცხოვრება ქუხდა. გურულები კომუნისტების დროს ვგრიალებდით, – მეუბნება ნატანებელი დალი ქორიძე და ბათქაშჩამოცვენილ, შუშებჩამტვრეულ შენობაზე მიმითითებს, – მანდარინი, ჩაი დაგვქონდა რუსეთში, სამუშაო გვქონდა. სოფელი კი არა, ბევრ ახლანდელ ქალაქს ჯობდა ნატანები.”
ნატანები საბჭოთა პერიოდში ოზურგეთის რაიონის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სოფელი იყო. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ჩაის ფაბრიკის გარდა, აქ ციტრუსების შემფუთავი ქარხანა და ტუნგის საშრობი ფარდულიც კი მოქმედებდა.
დღეს დაჟანგულ ჭიშკრებს მიღმა ბალახითა და სარეველით სავსე, მწვანეში ჩაფლული ეზოებიდან სევდიანად მოჩანს დროისა და მოუვლელობისგან გაშავებული, განზე გადახრილი ხის სახლები. მათი პატრონები ქალაქში არიან – ზოგი სამუდამოდ გადაბარგებული, ზოგიც დროებით, სამსახურის საშოვნელად.
სოფლის განაპირას სახლები მეწყერმა დააზიანა. აქაურები ამბობენ, რომ ოდნავი ნალექის შემთხვევაშიც კი სოფელი იტბორება.
ნატანებში ბევრი მიტოვებული სახლია. სამუშაო აქ არ არის. ხალხი მანდარინის მოსავლით ირჩენს თავს, ცოტა თხილიც აქვთ. ბოსტანი, ხეხილი.
“აგის მეტი სხვა აფერი საშუალება არაა ამ სოფელში. ორი ლარის სესხება რომ გინდოდეს წამლისთვის, შეიძლება ვერა კაცმა ვერ მოგცეს. ბოსტანში მოწყვეტილ პომიდორს ხომ არ მიიტან აფთიაქში ფულის მაგივრად…” – ამბობს 53 წლის გიზო თოიძე.
სოფლის ცენტრში, მუსიკალური სკოლის ყოფილი შენობის ფასადზე საპრეზიდენტო არჩევნებისდროინდელი სააგიტაციო პლაკატია შემორჩენილი – “გიორგი მარგველაშვილი, ნომერი 41” – წერია. ამ ნომერს სოფელში სხვაგანაც არაერთხელ მოვკარით თვალი – კედელზე სახელდახელოდ მიწერილს.
ჩვენთან საუბრისას, ნატანებელები ამბობენ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მათ ცვლილებების იმედი ჰქონდათ.
“კარდაკარ დავიარებოდი და ხალხს ვარწმუნებდი, – “ოცნება” აირჩიეთ, ბიძინა აგვაშენებს თქო. ახლა დამცინიან, – სადაა შენი ბიძინა, შეგიკეთოს დამეწყრილი სახლიო ,”- ამბობს 60 წლის დალი ქორიძე.
ნატანებელი მილიარდერი
ერთი შეხედვით, ნატანები გურიის სხვა სოფლებისგან არ გამოირჩევა, თუმცა არის ერთი გარემოება, რაც მას უნიკალურს ხდის – სწორედ აქ, რამდენიმე წლის წინათ აშენებულ ზღვისპირა რეზიდენციაში ატარებს დროის უდიდეს ნაწილს ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დღეს ყველაზე გავლენიანი პირი, ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი სოფელ ნატანებშია რეგისტრირებული და 2012 წლის არჩევნებზე ხმა სწორედ ამ უბანში მისცა.
აქაურებს უყვართ მილიარდერ მეზობელზე საუბარი. ზოგი მას პატივისცემით მოიხსენიებს, სხვები მეტად აკრიტიკებენ, თუმცა გურულები ჩვეულ იუმორს არ კარგავენ:
“რავა არ წამადგა… რავარც კი ფული შემომაკლდება, მივუკაკუნებ და ეგრევე ჩაიყოფს ჯიბეში ხელს,” – სიცილით ამბობს ნატანებელი კუკური მალაზონია.
“ამხელა საკონცერტო დარბაზი, სასტუმრო რომ გაქვთ ნატანებში, ცუდია? ტურისტები ჩამოვლენ, ფულს დატოვებენ…” – ვეკითხები და ივანიშვილის 200-მილიონიან პროექტს – Black Sea Arena-ს ვგულისხმობ, რომელიც დაახლოებით 10 ათას მაყურებელს დაიტევს. პირველი ღონისძიება – კრისტინა აგილერას კონცერტი, აქ უკვე 30 ივლისს გაიმართება.
“ცუდი რატომაა, ძალიან კარგია. ეგეთი გლეხებიც არ ვართ, ეგ რომ არ გვესმოდეს. თუმცა, კონცერტი და ტაშ-ფანდური მიშამ რომ იცოდა, მაგფერი უნდოდა, მარა ჩვენ რა მივიღეთ ამით? რაც თავი მახსოვს, აშენებენ ამ სასტუმროებს, – არიქა, ტურისტები ჩამოვლენ და ავშენდებითო, – მაგრამ უკეთესად რატომ არ ვცხოვრობ, გეკითხებით მე თქვენ? გავიდა ამასობაში ცხოვრება. ბიძინა იმიტომ ავირჩიეთ, რომ სერიოზული კაცია, რეალურ სამუშაოს დაგვპირდა და ადამიანურ ცხოვრებას. და რა გვეტურისტება ერთი, წყალი არ გვაქვს სოფელში,” – მპასუხობს კითხვაზე ბატონი კუკური.
მთავარი პრობლემა – წყალი
ოთხი წლის წინათ ნატანების მოსახლეობა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებისგან მათი მთავარი და გადაუდებელი საზრუნავის – წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.
სოფელს წყალი გრაფიკით აქვს – ზოგს სამ დღეში ერთხელ, სხვებს კიდევ უფრო იშვიათად. არის უბნები, სადაც წყალი საერთოდ არ მოდის.
ბოლო არჩევნებიდან 4 წლის თავზე ნატანებელებს იგივე ოცნება აქვთ – წყალი.
“კი ვიცოდი, ბიძინა ფულს რომ არ ჩამოგვირიგებდა, მაგრამ წყალს რომ ვერ დაადგამდა თავს, რაფერ მეგონა?”
“ბიძინას ყველანაირად გვერდში დავუდექით, ოზურგეთში მიტინგებზე დავდიოდით, მართლა ჩვენიანი გვეგონა, მაგრამ რა მოვიგეთ?” – მსჯელობენ სოფლის ბირჟაზე შეკრებილი ადგილობრივები.
უწყლობის მიზეზი სოფელში არასაკმარისი რაოდენობის ჭაბურღილებია.
ნატანებში ოზურგეთის მუნიციპლიტეტის გამგებლის წარმოამდგენლი, ილია თავაძე გვარწმუნებს, რომ წყლის პრობლემა მიმდინარე წელს გადაწყდება.
“ჰიდროგეოლოგიური დასკვნაა გასაკეთებლი და მერე გაირკვევა, კონკრეტულად სად და რამდენი ჭაბურღილი უნდა გაითხაროს,” – ამბობს ის და გვიხსნის, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი “სააკაშვილის მთავრობაა”.
“წინა ხელისფილების დროს არამიზნობრივად მოხდა 30 ჭაბურღილის მოწყობა. აქედან მხოლოდ 8 არის ვარგისი, სადაც წყალი მოდის.”
“ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენ თუ დაამატეთ ახალი ჭაბურღილი?” – ვეკითხებით გამგებლის წარმომადგენელს.
“ძალიან მალე დავამატებთ. 4 ახალი ჭაბურღილი იქნება. თითოეულის სავარაუდო ღირებულება 30 ათასი ლარია,”- გვპასუხობს ის.
დამეწყრილი სახლები
სოფელში ბევრი ვნახეთ ისეთი, ვისაც წელს მეწყერმა სახლი დაუზიანა.
დალი ქორიძე ამბობს, რომ თუ სახლი დროზე არ გაამაგრა, “მთელი ცხოვრების ნაშრომი თავზე ჩამოენგრევა.”
“კედლები ამორტიზებულია, ბზარებია. გამგეობას კი მივმართე, მაგრამ რად გინდა? გამგეობის ხალხი კამერას იქ დაატარებს, სადაც აწყობს, თავიანთი პიარისთვის, თორემ ჩემი მდგოამრეობა არავის მოუკითხავს. აღაც ოცნება მაქვს უკვე და აღარც იმედი.”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, რომ მომავალი წლიდან იმ ოჯახებს, რომელთა სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და საცხოვრებლად უვარგისია, ახალი სახლების შესაძენად 25 ათას ლარს შესთავაზებენ.
მუშაობს ის, ვინც ბიძინასთან მუშაობს
იმის გამო, რომ სამსახური არ არის, ახალგაზრდები ნატანებს სულ უფრო ხშირად ტოვებენ. სკოლა, ბაღი და მუნიციპალური სამსახურები – სულ ესაა აქაური სამუშაო ადგილები. თუ, რა თქმა უნდა, არ გაგიმართლა და ბიძინა ივანიშვილის მეურნეობაში ან მის მიერ წამოწყებულ მშენებლობებზე არ მოეწყვე სამუშაოდ, – ამბობენ აქაურები.
“ორი წელი ვმუშაობდი ბიძინას ფირმაში. შვიდსართულიანი სასტუმრო ავაშენეთ. სულ ადგილობრივები ვიყავით – გურულები, აჭარლები, მეგრელების ბრიგადაც გვყავდა. ანაზღაურებაც კარგი იყო, კვებაც და სხვა პირობებიც. ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ ბატონი ბიძინასი. რამდენი წელია მშენებლობებზე ვმუშაობ და, ასე პატიოსნად და კარგად არავინ მოგვქცევია,” – ამბობს 36 წლის დათო ოზურგეთიდან.
მშენებლობების გარდა, ადგილობრივები ივანიშვილის რეზიდენციაშიც მუშაობენ. რეზიდენცია ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი და, სანაპირო ზოლის გარდა, უზარმაზარი პარკიც აკრავს. სწორედ აქ რგავენ იმ მრავალწლოვან ხეებს, რომლებიც ოლიგარქის დავალებით სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოაქვთ. მრავალწლოვანი ხეები ივანიშვილის გატაცებაა, ისევე როგორც ეგზოტიკური ცხოველები, რომლებიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნატანების რეზიდენციაში მრავლადაა.
ეგზოტიკურ ცხოველებზე აქ ძირითადად ხუმრობენ. ზოგს კი ივანიშვილის ეს ჰობი ძალიან აბრაზებს:
“რომ წარმოვიდგენ, დღეს ჩემს ბაღნებს საჭმელი არ აქვთ, და აგერ ორას მეტრში ზებრა ცხოვრობს დედოფალივით, ტვინში სისხლი მექცევა,” – ამბობს ნატანებელი ლიანა მგელაძე.
საარჩევნო მეხსიერება
სოფლის ბირჟაზე შეკრებილებს ვეკითხები, ოთხი წლის წინათ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებებიდან რა შესრულდა და რა არა.
ამბობენ, რომ შეიძლება გუშინ რა ჭამეს, ის ვერ გაიხსენონ, მაგრამ დაპირებები მშვენივრად ახსოვთ.
“ოცნებამ” კარგი ის ქნა, რომ ხალხს შიში არა აქვს, რომ ტყვილა დაიჭერენ”;
“კი, შიში აღარ აქვს ხალხს, და კიდო ვაუჩერი მოგვცეს სახნავ-სათესი, ამას ვერ დაუკარგავ”.
ბევრად უფრო ვრცელია შეუსრულებელი დაპირებების ჩამონათვალი;
“პენსია 100 დოლარი გექნებათო”;
“ოჯახიდან ერთი კაცი მაინც დასაქმდებაო”;
“იპოთეკარებს დავეხმარებითო”;
“უპროცენტო სესხებს მოგცემთო,” – ერთმანეთს ასწრებდნენ პასუხის გაცემას ჩემი თანამოსაუბრეები.
მათი დიდი ნაწილი ხელისუფლებით იმედგაცრუებულია, თუმცა არც ოპოზიციის სჯერა და არც იმის, რომ მომავალ არჩევნებზე მიღებული გადაწყვეტილება მათ ცხოვრებას შეცვლის.
67 წლის პენსიონერი ნაზი ცერცვაძე ამბობს, რომ ათწლეულებია, გურიისთვის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიცალა კომუნისტების შემდეგ.
“სოფელში წყალი რომ არ იქნება საკმარისი, რომელი მთავრობით უნდა ვიყო კმაყოფილი? გადაყვნენ სკამისთვის ბრძოლას და ფულის კეთებას. ისე წავიდა საქმე, რომ აღარავისი აღარ მჯერა,” – ამბობს ის.
“მაგათი რა უნდა დავიჯერო რომელიმესი? პატარა დაიკლონ დეპუტატებმა წონაში, ტელევიზორის კადრში რომ ვერ ეტევიან ქალიან-კაციანად. სხვა არაფერი არ მინდა მაგათი… “
გამოქვეყნებულია:13.07.2016