საქართველოს სამეფო დინასტიის წევრები ერთმანეთს თვითმარქვიებს უწოდებენ და სასამართლოში უჩივიან" />

დედოფალი მეფის წინააღმდეგ. სამეფო დავა თბილისის სასამართლოში

საქართველოს სამეფო დინასტიის წევრები ერთმანეთს თვითმარქვიებს უწოდებენ და სასამართლოში უჩივიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს უჩვეულო საქმის განხილვა მოუწევს.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გაარკვიოს საქართველოს სამეფო გვარის – ბაგრატიონების კონკრეტულად რომელ შტოს აქვს უფლება საქართველოს სამეფო სახლის სახელით ისარგებლოს ხოლმე.

ბაგრატიონთა დინასტიის ორი სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა დაპირისპირება, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, უკვე სასამართლომდე მივიდა.

• გაუმარჯოს მეფეს! საქართველოში მონარქიის აღდგენაზე მსჯელობენ

• ილია მეორემ მოსაყდრე დაასახელა. შიო მუჯირი – საქართველოს მომავალი პატრიარქი?

სარჩელის ინიციატორები ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები არიან. ისინი თავიანთ შორეულ ნათესავს და ყოფილ ოჯახის წევრს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს (დავით ბაგრატიონი ანა ბაგრატიონის ყოფილი ქმარია) უჩივიან. მიზეზი – „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობს“.

ბაგრატიონ-გრუზინსკები ამტკიცებენ, რომ დავით ბაგრატიონ მუხრანელი სამეფო ოჯახის სახელით სხვადასხვა შეხვედრებს მართავს მათ შორის ევროპაშიც და ასევე ორდენებს გასცემს.

დავით მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ ნუგზარ და ანა გრუზინსკების მთავარი მიზანია “რაიმე ფორმით, იგივე სასამართლოს გზით, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ აღიარება, რომ ისინი არიან სამეფო ტახტის მემკვიდრეები”.

ორივე შტოს წარმომადგენლები ერთმანეთს თვითმარქვიებს უწოდებენ.

დავით მუხრანელმა ნუგზარ გრუზინსკის დნმის კვლევა შესთავაზა იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილი ბაგრატიონია, რაზეც უარი მიიღო.

იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესი გაიმართება,ფეისბუკზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს იურიდიული კომპანია სახელწოდებით “სამართლის გზა”, რომელიც ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს იცავს.

როგორც ამ იურიდიული კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ
“დავის სირთულიდან გამომდინარე” საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს.

საქართველოს ისტორიაში ამ უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე მოწმეებად, არც მეტი არც ნაკლები ისტორიკოსები არიან მიწვეულნი.

სასამართლო აკადემიკოსებს როინ მეტრეველს და გიორგი ოთხმეზურს გამოკითხავს და მათგან შეეცდება გაიგოს ვინ უფრო ღირსია საქართველოს სამეფო ოჯახის სახელით ილაპარაკოს.

ბაგრატიონები

ბაგრატიონების დინასტია, როგორც ერთიანი საქართველოს მეფეთა დინასტია, ათვლას 978 წლიდან, მეფე ბაგრატ მესამის მეფობიდან იწყებს და 1810 წელს სრულდება, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა საქართველოს რუსეთთან მიერთების მანიფესტი გამოსცა.

მე-19 საუკუნეში ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იძულებით რუსეთში გადაასახლეს, რათა საქართველოში მათ ყოფნას არეულობა არ გამოეწვია.

მოგვიანებით ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა ესპანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში დასახლდა.

დღეს ამ გვარის სამი სხვადასხვა შტო არსებობს – გრუზინსკები, მუხრანელები და იმერელი ბაგრატიონები.  გრუზინსკები და მუხრანელები თავს უპირატესად მიიჩნევენ და ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებიან.

მუხრანელთა შტოს ესპანეთში დაბადებული და გაზრდილი დავით ბაგრატიონი ხელმძღვანელობს. დავითის მამა – გიორგი ანუ ხორხე ბაგრატიონი ესპანეთის სამეფო კართან დაახლოებული პირი და ფორმულა ერთის პილოტი იყო. 2004 წელს ეს ოჯახი ესპანეთიდან საქართველოში გადმოსახლდა.

გრუზინსკების შტოს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ხელმძღვანელობს. მისი შვილი ანა 2009 წელს მისი შვილი ანა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს გაჰყვა ცოლად. ახლა ანა თავის ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივის.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის და ანა ბაგრატიონ-გრუზისნკის ჯვრისწერა სამების საკათედრო ტაძარში. 8 თებერვალი 2019 წელი. REUTERS/დავით მძინარიშვილი

ამ ქორწინების ინიციატორი ეკლესია იყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სურვილი იყო, ბაგრატიონების ორი შტო დაემოყვრებინა და მათი შვილი საქართველოს სამეფო ტახტის სრულუფლებიანი მემკვიდრე გამხდარიყო.

ანა ბაგრატიონ-გრუზისნკის და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გრანდიოზული ქორწილი ეკლესიამ გადაიხადა. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. ამ ქორწილს ეკლესია ისტორიულს უწოდებდა.

2011 წელს ანას და დავით შეეძინათ შვილი – გიორგი. ბავშვის ნათლია თავად  ილია მეორეა.  ეკლესიამ ბავშვი დაბადებისთანავე სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ დაასახელა.

2013 წელს ანა და დავითი ოფიციალურად გაეყარნენ ერთმანეთს.

ვინ არჩენს ბაგრატიონებს?

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ხარჯები ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლებისთვის.

მათ საკუთრებაში არ არის რაიმე ისტორიული შენობა-ნაგებობები (ზოგადად საქართველოს თითქმის არ შემორჩა მონარქთა ისტორიული სასახლეები).

სხვადასხვა ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, საქართველოს საპატრიარქოს დავალებით, ფინანსურად ეხმარება რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი. მათ შორის არის ლევან ვასაძე – ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი კონსერვატიული შეხედულებებით და პრორუსული ნარატივით.

ბაგრატიონები შიგადაშიგ ესწრებიან და მართავენ სხვადასხვა მეჯლისებსა და ღონისძიებს, სადაც სამეფო ტანსაცმლით წარსდგებიან ხოლმე:

მეჯლისი გოზანი ტრევილეს სასახლეში. იტალია, 8 აპრილი, 2017 წელს. წინა პლანზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფოტო: ფეისბუკი

ფეისბუკზე ასევე გახსნილია გვერდი, რომელსაც “საქართველოს სამეფო სახლი – The Royal House of Georgia” ჰქვია. აქ ქვეყნდება ინფორმაცია ბაგრატიონთა სხვადასხვა აქტივობის შესახებ.

საქართველოში მონარქიის აღდგენა რეალურია?

საქართველოში მონარქიის აღდგენაზე პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანების დასაწყისში ალაპარაკდნენ. მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, ეს თემა დისკუსიის საგანი ხდება, თუმცა სერიოზულად მას არავინ განიხილავდა.

ამ იდეის მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში ეკლესია და მისი წინამძღოლი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა. პატრიარქი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყანას მეფის ინსტიტუტი სიმშვიდეს და სტაბილურობას მოუტანს.

საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ იდეას სხვადასხვა მიზეზით მხარს უჭერენ. ზოგი მათგანი ამ იდეაში მართლაც ხედავს პერსპექტივას. თუმცა უმეტესად არიან ისეთი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც მონარქიის მხარდაჭერით ცდილობენ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის – ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვებას.

მონარქიის იდეის მხარდამჭერებს შორისაა დღევანდელი მმართველი გუნდი “ქართული ოცნება”. ყოველ შემთხვევაში, ამ გუნდის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ამ თემაზე მსჯელობა საინტერესო იქნებოდა.

ორი წლის წინ, პატრიარქის ერთ-ერთი საკვირაო ქადაგების შემდეგ, საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. პატრიარქმა მაშინ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში მონარქია აღმდგარიყო.

მის ამ განცხადებას მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის და მთავრობის წევრებმა. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც თქვა, რომ “კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში სიმშვიდე”.

ასევე, მონარქიის მიმართ სიმპათიები არაერთხელ გამოუხატავს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის მიიჩნევს, რომ მონარქიის აღდგენა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების აღდგენასაც შეუწყობს ხელს.

ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიცია. ოპოზიციის წევრების აზრით, მონარქიის თემის შიგადაშიგ წამოწევით ხელისუფლება ცდილობს რეალური პრობლემებიდან ხალხის ყურადღების გადატანას. ასევე, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მონარქია ” სხვა თუ არაფერი, არაპრაქტიკულია” და ბევრ ფინანსურ დანახარჯს ითხოვს.

მეფე და ფეისბუკი

“ფეისბუკზე” მონარქიის თემა, ტრადიციულად, საყოველთაო მხიარულებას იწვევს.

ფეისბუკმომხმარებლები იწყებენ იმის გარკვევას, თუ ვინ რა წარმომავლობისაა – მდაბიო თუ დიდგვაროვანი.

“ფეისბუკზე” ანა და დავით ბაგრატიონებს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესიც აქტიურად განიხილება.

რამდენიმე ფეისბუკ-სტატუსს მოვუყარეთ თავი:

“ახლა მოსამართლე გვეტყვის, ვინ უფრო მეფეა”. 

“ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, რომ სასაცილო ბაგრატიონები იყვნენ, ყველა ერთმანეთს რომ ებრძოდა: დედა-შვილს, ძმა-ძმას, მამა-შვილს, ბიძაშვილებს და ა.შ. მაგ ,,ბრწყინვალე” ტრადიციას აგრძელებენ. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ მაშინ ამ ყველაფერს სახელმწიფო და ადამიანები ეწირებოდნენ, ახლა კი უბრალოდ ტრაგიკომედიაა ან მხოლოდ კომედია”. 

“ეს ბაგრატიონები იყვნენ წირვა რომ გამოუყვანეს საქართველოს, როგორც მინიმუმ 3 სამეფოდ გაიყვეს ქვეყანა”.

“ბაგრატიონები იყვნენ, ნეტა, ქვეყნის სათავეში. ივანიშვილებს და სააკაშვილებს აღარ ჯობიან?!”


ასევე წაიკითხეთ